ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

ობამა: მზად ვართ, რუსეთს თავისი ქმედებებისთვის ”დამატებითი საზღაური” დავუწესოთ

washingtonpost

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ობამამ საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ ყირიმის "რეფერენდუმი", რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას და ჩატარდა რუსი სამხედროების ინტერვენციის გზით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არასდროს იქნება აღიარებული.

ობამამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ამერიკა მზადაა რუსეთს თავისი ქმედებებისთვის "დამატებითი საზღაური" დაუწესოს.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე შეახსენა პუტინს, რომ კრიზისის დიპლომატიური მოგვარების ალტერნატივა ჯერ კიდევ არსებობს და რომ უკრაინის მთავრობა აგრძელებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც სიტუაციის დეესკალაციას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით კი, საპრეზიდენტო არჩევნების მომზადების და საკონსტიტუციო რეფორმის წინა პერიოდში.

ობამამ პუტინს ასევე მოუწოდა, დაუშვას უცხოელი მონიტორები ძალადობის ნებისმიერი აქტის პრევენციის მიზნით.

ობამას თქმით, ჯონ კერი მზადაა, იმუშაოს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად და უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მოძებნოს დიპლომატიური გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან.

კომენტარები