რეფერენდუმი ყირიმში

ყირიმი რუსეთთან შეერთებისთვის ემზადება

bbc.com

ყირიმის უმაღლესმა საბჭომ ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ ყირიმის დამოუკიდებლობის შესახებ დადგენილება მიიღო. ამავე დოკუმენტით, რეგიონის პრორუსული ხელისუფლება რუსეთს სთხოვს, ყირიმი თავის შემადგენლობაში მიიღოს. მარიონეტული ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის კანონმდებლობა ნახევარკუნძულზე აღარ მოქმედებს და უკრაინის სახელმწიფო საკუთრება ყირიმის საკუთრება ხდება.

რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის მიერთების შესახებ სპეციალურ მიმართვას ფედერაციის საბჭოსადმი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხვალ გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერმა ივან მელნიკოვმა განაცხადა.

ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის შედეგების თანახმად, რომელიც მარიონეტულმა ხელსუფლებამ გუშინ საღამოს გამოაცხადა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხმა რეფერენდუმზე მისულ მოქალაქეთა 95%-ზე მეტმა მისცა. თანაც, პრორუსული მთავრობის მტკიცებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 80%-ს გადააჭარბა. თუმცა, ყირიმელი თათრების ლიდერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მტკიცებით, რეალური აქტივობა დაბალი იყო და ხმის მიცემის პროცესი სერიოზული დარღვევებით წარიმართა. რეფერენდუმს საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები არ დასწრებიან.

ყირიმის დე ფაქტო ხელისულების ლიდერები და პრორუსი აქტივისტები რეფერენდუმის შედეგებს მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ.

ყირიმის პრემიერის სერგეი აქსენოვის განცხადებით, დღეს რეგიონის პარლამენტი რუსეთს მის შემადგენლობაში შესასვლელად ოფიციალურად მიმართავს. იგი მოსახლეობას ასევე რუსული პასპორტების დაჩქარებული წესით გაცემას შეჰპირდა.

”ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ამ საოცარ დღეს, ჩვენ სახლში ვბრუნდებით, ყირიმი რუსეთს უერთდება. ამ გამარჯვებას ვერავინ წაგვართმევს. უკრაინასთან საერთო აღარაფერი გვაქვს. რა თქმა უნდა, თავდაპირველად სირთულეები გველოდება, მაგრამ საბოლო ჯამში უკრაინაზე ბევრად უკეთესად ვიცხოვრებთ”, - თქვა აქსენოვმა.

უკრაინის ხელისუფლება რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს, პრემიერმინისტრმა იაცენიუკმა სეპარატისტები გააფრთხილა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფისთვის პასუხს აგებენ.

”უკრაინა აუცილებლად გამოავლენს სეპარატიზმისა და ქვეყნის დანაწევრების მოთავეებს, რომლებსაც რუსი სამხედროების დახმარებით უკრაინის დამოუკიდებლობის განადგურება სურთ. მათ, ვინც დღეს რუსული ტყვიამფრქვევების იმედზეა, უნდა იცოდნენ, რო აუცილებლად პასუხს აგებენ სეპარატიზმისა და საკონსტიტუციო წყობის განადგურების მცდელობისთვის”.

ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ცნობთ, ობამამ პუტინს განუცხადა, რომ სამხედრო ინტერვენციის პირობებში ჩატარებულ რეფერენდუმს არც შეერთებულ შტატები და არც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. ბარაკ ობამამ რუს კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთს ქმედებები რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. თუმცა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს ევროკავშირიც. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპის დაწესებას აპირებენ, რაც რუსი მოხელეებისთვის სავიზო შეზღუდვებს და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

ყირიმის რეფერენდუმის პარალელურად, პრორუსულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში აქციები გამართეს, ისინი ადმინისტრაციული შენობების დარბევას შეეცადნენ და პროუკრაინული ორგანიზაციების ოფისებში შეიჭრნენ. უკრაინის ხელსუფლების განცხადებით კი, მან აღმოსავლეთ რეგიონებში ოპერაცია "რუსული გაზაფხული" აღკვეთა, რომელიც პრორუსული ძალების მიერ ძალაუფლების საკუთარ ხელში აღებას გულისხმობდა.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან პოზიციებს იკავებენ და აგრესიის მოსაგერიებლად ემზადებიან. გუშინ მათი გადაადგილებისთვის ხელის შეშლას პრორუსი აქტივისტები ცდილობდნენ. დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას მხარი დაუჭირა. შეიარაღებულ ძალებში 20 ათასი, ეროვნულ გვარდიაში კი კიდევ 20 ათასი ადამიანის გაწვევა იგეგმება.

 

 

კომენტარები