აგრარული უნივერსიტეტი

ბენდუქიძე: იმედი მქონდა, პოლიტიკური ვნებები და შურისძიებები გადაივლიდა

თავისუფალი უნივერსიტეტისა და ცოდნის ფონდის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ "პროკურატურა უნდა მიხვდეს, რა უნდა აინტერესებდეს, რადგან ამ საქმეს შინაარსი არ გააჩნია და არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ შეიძლება, ჰქონდეს". ამის შესახებ ბენდუქიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში ისაუბრა.  პროკურატურის ინფორმაციით, "საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავის ქონების პრივატიზებას". ბენდუქიძე პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე იმყოფება.

ბენდუქიძემ გადაცემა ფოკუსში თქვა, რომ "პროკურატურა უნდა მიხვდეს, რა უნდა აინტერესებდეს იმიტომ, რომ ამ საქმეს შინაარსი არ გააჩნია და არავითარი სამართლებრივი პერსპექტივა არ შეიძლება ჰქონდეს. ეტყობა, იმედი აქვთ, რომ რაღაც სისულელეს ვიზამთ. უცბად გამოვტყდებით, რომ ჩვენ გავთხარეთ გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე, ან რაღაც ასეთი გავაკეთეთ. ამ საქმეს ნულოვანი სამართლებრივი შინაარსი აქვს".

ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურია. მისი თქმით, ის პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, თუმცა, შესაძლოა, მთავრობას მისი შეხედულებები არ მოსწონდეს.

"მწყინს ეს ამბავი, იმიტომ, რომ რაღაც იმედები მქონდა. ჩემს თავთან დაკავშირებით კი არა, საერთოდ იმედი მქონდა, რომ პოლიტიკური ვნებები და შურისძიებები გადაივლიდა. არ გადაიარა - რას იზამ.

პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ ჩემი შეხედულებები მაქვს. არ მოსწონს მთავრობას ჩემი შეხედულებები, არ მითქვამს არსად, რომ ამ მთავრობის ფანი ვარ. ვხედავ, როცა შეცდომას უშვებენ და ვიძახი ამას. შეიძლება, ესეც უსიამოვნოა.

უკრაინაში ბოლო ვიზიტი, საგანგებო კონფერენციაც შესაძლოა, ყოფილიყო მიზეზი. მაშინ მუდოდ უნდა ვდებულიყავი სადმე. "უი, ბენდუქიძე გაჩუმებულია , არაფერს არ აკეთებს" - ასე რად მინდა", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

გადაცემა ფოკუსში კახა ბენდუქიძემ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გზებიც განმარტა.

"ზოგადად, არსებობს ორი გზა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის. ერთი ეს არის, როდესაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ხდება აუქციონის გზით და მეორე, როცა ხდება ერთ პირთან მოლაპარაკებით. ვინაიდან ეს გზა უფრო რთულია, კანონმდებელმა ჩადო მთელი რიგი შეზღუდვები. პირველი, რომ ეს ხდება მთავრობის გადაწყვეტილებით, და მეორე, რომ საბოლოო გამსხვისებელი არის პრეზიდენტი. ამიტომ ბოროტად გამოყენება ვიღაც ერთი პირის მიერ შეუძლებელია, იმიტომ, რომ მოქმედებს მთლიანი მთავრობა, კოლეგიალური ორგანო, რომელიც მართავს ქვეყანას და პრეზიდენტი, რომელსაც მაშინ ბევრად უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

კახა ბენდუქიძემ კომენტარი გააკეთა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამზე, რომ "ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტი 1 ლარად იყიდა".

"ბატონმა ექსპრემიერმა შეიყვანა შეცდომაში ჩვენი მოსახლეობა. ვიყიდეთ 9 მილიონ ლარად, ეს თანხა ბიუჯეტში არის. გარდა ამისა, 17 მილიონ ლარზე მეტი არის ჩადებული. მთავრობისა და ქვეყნის ინტერესი იყო, რომ უმაღლესი განვითარებულიყო, გამხდარიყო უკეთესი და ეს მიზანი მიღწეულია, ეს მარტივი დასადგენია - ინფრასტრუქტურით დაწყებული, სწავლის ხარისხით დამთავრებული. ერთ ლარად ყიდვა არის ჭორი, რომელიც სპეციალურად ვრცელდებოდა, როგორც ჩანს.

როგორც მივხვდი, გამოძიება ახლა ფიქრობს, როგორ აპირებს ბენდუქიძე ამ ფულის ამოღებას. ეს პრობლემა აწუხებთ და იმედია, ამ პრობლემაზეც ვესაუბრები მათ და ავუხსნი, როგორ არის ეს შესაძლებელი ან შეუძლებელი", - თქვა ბენდუქიძემ.

კახა ბენდუქიძემ ცოდნის ფონდის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ფონდი საქველმოქმედოა და მისი ბენეფიციარი მხოლოდ განათლებაა.

"მე შეიძლება, აღარც ვარსებობდე, მაგრამ ეს ფონდი განაგრძობს საქმიანობას. ანუ ეს ფონდი ჩემი საკუთრება არ არის. მე შევქმენი ორგანიზაცია, რომელშიც შემიძლია, ფული ჩავდო, მაგრამ არ შემიძლია, წამოვიღო. ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ბოროტად გამოყენება საერთოდ შეუძლებელია ამის. ორგანიზაციის ბენეფიციარი არის განათლება და არა ბენდუქიძე, ან ჩემი ნათესავები", - აღნიშნავს ბენდუქიძე.

დასასრულს, ბენდუქიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არის პოლიტიკური საქმე. მისი თქმით, "სამინისტროს შეეშინდა, მოეცა დასკვნა, რომ ყველაფერი გაკეთებულია".

"რატომ არის პოლიტიკური ეს საქმე - სამინისტროს შეეშინდა მოეცა დასკვნა, რომ კი, ყველაფერი გაკეთებულია. საიდან გამომდინარეობს, რომ შეეშინდა - უბრალოდ, არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, უთიშავდნენ ჩემს თანამშრომლებს ტელეფონებს.

24 დეკემბერს დავასრულეთ ინვესტირების ფორმალური აქტი და ჩავაბარეთ სამინისტროს. სამი წერილი გავუგზავნეთ, თითოეულ მათგანზე უნდა გამოეგზავნათ სამი ცალკე პასუხი. არცერთზე არ უპასუხიათ, გავიდა ვადით დადგენილი 5 დღე, ყოველგვარი პასუხის გარეშე. ახალი წლები, არდადეგები - ყოველგვარი პასუხის გარეშე. ტელეფონებს თიშავენ, არ პასუხობენ და მერე მოგვწერეს წერილი, რომ "ეს რთული საქმეა და ასე იოლად ვერ დაგიდასტურებთ, რომ თქვენ ეს ყველაფერი გააკეთეთო". ეს ბიუროკრატიულ ენაზე ნიშნავს, რომ "ჩვენ გვეშინია პასუხის და ამიტომ უნდა მოვითმინოთო", - თქვა ბენდუქიძემ ტაბულას ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე დაკითხვაზე იმყოფება უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე. ამასთან, გუშინ 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებას. უწყების მტკიცებით, სსიპ სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციისას, მასთან შერწყმული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება შპს აგრომეტის კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შევიდა, შემდეგ კი, მოხდა შპს აგრომეტის 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზება 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

"მაშინ, როდესაც შპს აგრომეტის საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონებების ღირებულებებიც", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები