TV MR საქართველოს დაჯარიმება

გვარამია: ხელისუფლების ამოცანა ტელევიზიების რეიტინგებით მანიპულირებაა

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

შემოსავლების სამსახურის მიერ ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანია TV MR საქართველოსგან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნას სხვადასხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლები მედიაზე ზეწოლად აფასებენ. როგორც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, ხელისუფლება რეიტინგებით მანიპულირებას ცდილობს, რაც სარეკლამო ბაზრის მუშაობას საფრთხეს შეუქმნის. 

„ეს ერთმნიშვნელოვნად არის ზეწოლა. ამოცანა არის რეიტინგებით მანიპულირება და ამ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში წაუგებელი თამაშია. ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ ლიცენზიას დაკარგავს ეს კვლევითი ორგანიზაცია და მისი კვლევების მიმართ ნდობა აბსოლუტურად  ნიველირდება. პირველ შემთხვევაში ეს გამოუწვევს იმას, რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება სარეკლამო გაყიდვები და, შესაბამისად,  ყველა ის ტელევიზია, რომელიც მხოლოდ თავის შემოსავლებზეა ორიენტირებული, ამით ცხოვრობს და არა, მაგალითად, დამფუძნებლების ფულად დახმარებაზე, უბრალოდ შეწყვეტს არსებობას, ასეთია რუსთავი 2. მეორე შემთხვევაში, თუ ამას ჩუმად გაიტანენ, ააყირავებენ სიტუაციას რეიტინგებში და აბსულუტურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ, ხელოვნურად მანიპულირებულ სურათს. ესაა მანიპულაცია ციფრებით, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა“, - აცხადებს გვარამია.

ტაბულას წარმომადგენელი ნოდარ დავითური აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი სარეკლამო ბაზრის გამართულ მუშაობაში ხელის შეშლად შეიძლება ჩაითვალოს.

„შეიძლება ეს ჩაითვალოს პირდაპირ ხელის შეშლად სარეკლამო ბაზრის გამართულ მუშაობაში, მით უმეტეს დღეს, როცა ეს ინფორმაცია, ანუ სია იმ ოჯახების, სადაც აყენია ფიფლმეტრები, არის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული რამ ჩვენს ქვეყანაში. ამის მიხედვით დგება რეიტინგები. ამის მიხედვით დგება სარეკლამო დროის ფასი, ამის მიხედვით არსებობენ ტელევიზიები და სარეკლამო კომპანიები და, შესაბამისად, აბსურდულია ის მოთხოვნა, რომ ინვენტარიზაცია აუცილებლად იმ მოწყობილობების ადგილზე უნდა მოხდეს“, - ამბობს დავითური.

მაესტროს გენერალური დირექტორის მოადგილის ილია კიკაბიძის თქმით, შემოსავლების სამსახურის ქმედება ჰგავს სურვილს, გააკონტროლონ რეიტინგი.

„ზოგადად სატელევიზიო რეიტინგების კონტროლი არის პირდაპირ მედიის კონტროლი. ამის ცუდი მაგალითი და გამოცდილება ჩვენ გვქონდა წინა ხელისუფლების მხრიდან. შუაღამეს შევარდნა და მოთხოვნა იმისი, გინდა თუ არა სად აყენია, რომელ ოჯახში ფიფლმეტრები, ძალიან ჰგავს სურვილს, გააკონტროლო რეიტინგი. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის. თუ რეიტინგების კონტროლი მოხდება, ეს აუცილებლად გამოჩნდება რამოდენიმე კვირაში, თვეში, იმიტომ რომ რეიტინგული ტელეკომპანიების რეიტინგები წავა დაბლა და ხელისუფლების ტელევიზიების რეიტინგები წავა მაღლა. ეს იქნება ნათელი შემთხვევა. პირდაპირ შეემჩნევა ეს სატელევიზო ბაზარს, რაც  პირდაპირ დაკავშირებულია რეკლამის განთავსებასთან და ერთი ნაბიჯია რეკლამის მიტანის კონტროლზე ამა თუ იმ ტელევიზიებში“, - აცხადებს კიკაბიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით, შემოსავლების სამსახურმა და კომპანიამ საკითხი ისე უნდა მოაგვარონ, რომ მედიასა და ბიზნესს პრობლემები არ შეექმნას.

„კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური, იმიტომ რომ მასზე არის დამყარებული ტელევიზიებში რეკლამა. მე მესმის შემოწმება, მაგრამ საგადასახადო ორგანოებმა და კომპანიამ უნდა მოახერხონ, რაღაცნაირად ისე მოაგვარონ ეს პრობლემა, რომ მედიას, ბიზნესს პრობლემები არ შეექმნას. ბევრი რამეა ამ კვლევაზე დამოკიდებული და არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ ამ კვლევის შედეგები. რამდენადაც ვიცი, მცირე რაოდენობისაა ფიფლმეტრი საქართველოში და ყოველი, თითოეული აპარატის მონაცემები საკმაოდ ცვლის შედეგებს“, - აცხადებს ბარათაშვილი.

ცნობისთვის, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. 

 

კომენტარები