TV MR საქართველოს დაჯარიმება

კუბლაშვილი: TV MR საქართველოს შემოწმების დავალება ფარცხალაძემ ბერასგან მიიღო

chveniambebi.info

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანია TV MR საქართველოს შემოწმების უკან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დგას. მისი თქმით, ფარცხალაძემ  დავალება - "როგორმე შეარყიოს რეიტინგებთან დაკავშირებული თემა", ტელეკომპანია GDS-ის მესაკუთრის ბერა ივანიშვილისგან მიიღო.

"ფინანსური პოლიცია შესულია კომპანია TV MR საქართველოში და ითხოვს პერსონალურ მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ტელეკომპანიების რეიტინგები იზომება. ხაზგასმით და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ შემოწმების უკან დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელიც დღემდე მართავს არა მხოლოდ ფინანსურ პოლიციას, არამედ პროკურატურასაც. ფარცხალაძემ ეს დავალება, როგორმე შეარყიოს რეიტინგებთან დაკავშირებული თემა, მიიღო ტელეკომპანია GDS-ის მესაკუთრის ბერა ივანიშვილისგან, რომელთანაც მას ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მიზანი ამ შემოწმების არის, რომ მოხდეს ან რეიტინგების დისკრედიტაცია, ან შეწყდეს ტელეკომპანიების რეიტინგების წარმოება ან შეიცვალოს რეიტინგების შედეგები, მოხდეს შედეგებით მანიპულირება GDS-ის სასარგებლოდ“, - აცხადებს კუბლაშვილი.

მისვე თქმით, ფინანსურ პოლიციას, ხელისუფლებას განზრახული აქვს, სარეკლამო ბაზარზე ძალთა ბალანსი შეცვალოს და ტელეკომპანიები, რომლებიც რეკლამაზე არიან დამოკიდებული, შემოსავლის გარეშე დატოვოს. როგორც კუბლაშვილი ამბობს, ხელისუფლების ქმედებები ცალსახად უკანონოა.

„ისინი შედიან რეიტინგების გამზომველ კომპანიაში და ნაცვლად იმისა, რომ ამოიღონ ბუღალტრული დოკუმენტაცია, ცდილობენ შევიდნენ იქ, სადაც იზომება რეიტინგები და ამით გავლენა მოახდინონ რეიტინგებზე. ამას პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებამ, მედიის წარმომადგენლებმა. მსგავსი ზეწოლით  ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებული მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდება“, - აცხადებს კუბლაშვილი. 

ცნობისთვის, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. 

კომენტარები