რუსეთი

რა ეჩქარება რუსეთს?

რას გააკეთებს რუსეთი იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს აგვისტოში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას? ალბათ, არაფერს, მას საქართველოსთან დაკავშირებით უფრო გრძელვადიანი გეგმები აქვს.

მაშინ, რატომ იყო ასეთი ხისტი უკრაინის მიმართ? რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის?

ჯერ ერთი, უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია. მეორეც, პუტინმა ზუსტად იცოდა, რომ კიევთან მას დედლაინი ვილნიუსის სამიტამდე ჰქონდა. თუ უკრაინა ხელს მოაწერდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, იგი შეძლებდა თავისი ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის ახალი ბაზრის მოპოვებას. უკრაინის ეკონომიკა ისეა მოწყობილი, რომ ან რუსეთთან ან ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა აუცილებლად სჭირდება. თუ გადაეწყობა ევროკავშირის ბაზარზე, ეს საბოლოოდ დაიხსნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებისაგან და გაიხსნის ევროკავშირის (და NATO-ს) წევრობისკენ გზას. მის შესაჩერებლად რუსეთს ეფექტური ბერკეტი აღარ რჩება.

საქართველოს ეკონომიკა კი ასე არ არის ექსპორტზე ორიენტირებული. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ იგი სტრუქტურულად არ ცვლის საქართველოს ეკონომიკას და საბოლოოდ არ მიაბამს საქართველოს ევროკავშირს. იგივე შეიძლება ითქვას უვიზო მიმოსვლაზე, კარგია, მაგრამ საბოლოო მიბმა არ არის. რუსეთს საქართველოს ევროპისკენ სვლის შესაჩერებლად თითქმის იმდენივე ბერკეტი ექნება ასოცირების ხელმოწერის შემდეგ, რამდენიც დღეს აქვს.

რა არის რუსეთის მთავარი და გრძელვადიანი ბერკეტი საქართველოში? სამხედრო – ნაკლებად, უახლოეს წლებში მეორე ომის დაწყება ნაკლებად წარმოსადგენია. ეკონომიკური – არა, იმიტომ რომ რუსეთის ბაზრის გარეშე რვა წელი გავძელით, და კიდევ გავძლებთ. მთავარი აქ საზოგადოებრივი აზრია.

პოლიტიკური სპექტრი, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, აღარ არის ცალსახად პროდასავლური. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციაში არიან პრორუსული ჯგუფები. მათ აქვთ სერიოზული საზოგადოებრივი საყრდენი იმ ძალების სახით, რომლებიც ღიად პრორუსულ პროპაგანდას ჯერჯერობით ვერ ბედავენ, მაგრამ იმავე მიზანს დასავლეთის და მისი ფასეულობების კრიტიკით აღწევენ. ეს ძალები სულ უფრო აგრესიული ხდებიან. მათი გავლენაც მუდმივად იზრდება.

ვინ აღუდგება ამას წინ?

პროდასავლური ინფრასტრუქტურა, რომელიც ორიოდე წლის წინ შეურყეველი ჩანდა, დღეს უკვე საკმაოდ სუსტად გამოიყურება: პარლამენტში ეს არის უმრავლესობის უმცირესობა და უმცირესობის დიდი უმრავლესობა, მედიაში – ერთი ან ორი ტელევიზია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელმწიფო აპარატში – ახალგაზრდა ბიუროკრატია და ახალგაზრდა ოფიცრები ძალოვან სტრუქტურებში. სულ ეს არის, ვინც ბოლომდე იბრძოლებს საქართველოს დასავლური არჩევანისთვის.

დღეს ამ პროდასავლური ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა კომპონენტი დარტყმის ქვეშაა. საპარლამენტო უმცირესობის წინააღმდეგ მთავრობა ყველა დაშვებულ და დაუშვებელ მეთოდს იყენებს. უმცირესობის განადგურების ან დასუსტების შემთხვევაში, უკვე უმრავლესობის უმცირესობის ჯერი დადგება. არასამთავრობო ორგანიზაციებს „თაფლობის თვე” დაუმთავრდათ და ორიენტირები ჯერაც არ გამოუკვეთავთ. მედიაში ყოველდღე ჩნდებიან ახალ-ახალი სააგენტოები, რომლებიც მშვენივრად უთავსებენ ერთმანეთს მთავრობისა და შავრაზმული იდეების პროპაგანდას. მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებით იწონებს თავს.

პარადოქსულია, მაგრამ იმის შიშით, რომ უკრაინული ან სომხური სცენარი არ მიიღოს, ევროკავშირი ვერ ბედავს ხმა ამოიღოს ამ ნეგატიური ტენდენციების შესაჩერებლად. რუსეთი კი სულ უფრო აქტიურდება – გაზაფხულზე რუსეთის პატრიარქის ვიზიტი, ამ მხრივ, პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება.

ასე რომ, იმ ვითარებაში, როდესაც პროდასავლური ინფრასტრუქტურა სულ უფრო სუსტდება, პრორუსული კი ძლიერდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რა ეჩქარება რუსეთს?

კომენტარები