საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის მითოსური პარადიგმები

დავით პაიჭაძე
0 კომენტარი

მითოსისა და რეალობის შეპირისპირება, რეალობაში მითოსური პარალელების ძიება ადამიანის უძველესი ვნებაა. ამსგავსო რეალური კაცი მითოლოგიურ პერსონაჟს, ქცევითი მოდელები და სიტუაციები მითოლოგიიდან მიუყენო სინამდვილეს – თითქოს გვეხმარება გავიცნობიეროთ, რომ ახალი მზის ქვეშ არაფერია.

ერთხელ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, მეორე ქრისტე ხარო. თუმცა, ეს უფრო ისტერიული აღტაცების შედეგი და ავანსად გაცემული ტროპი იყო. ბატონმა ბიძინამ, მართალია, შეიფერა ეს ჰიბრისული შედარება, მაგრამ მისი სიზუსტე არაფრით დაუდასტურებია. არადა, ივანიშვილი ჰგავს სულ სხვა პერსონაჟს და სხვა მითოლოგიიდან – დედალოსს, რომელიც – დასაწყისისთვის ვთქვათ – სამი ქვეყნის „მოქალაქე” იყო: ათენის, კრეტისა და სიცილიის (შდრ. ივანიშვილის საქართველო, რუსეთი და საფრანგეთი).

დედალოსს ათენის დატოვება მოუხდა მას შემდეგ, რაც საკუთარი დისწული, ტალოსი მოკლა (ერთი ვერსიით პროფესიული შურის, მეორე ვერსიით – დედასთან ტალოსის ინცესტური ურთიერთობის მიზეზით). აქ მკრთალ პარალელადაც არ ივარგებს ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი გამიჯვნა ძმისწულის, ადიკო ივანიშვილისგან, რომელიც, 2012 წლის სექტემბერში, შსს-ს მტკიცებით, პოლიტიკური მოსყიდვის მცდელობაში მონაწილეობდა. პარალელი სხვაგან არის საძიებელი: ბიძიამ დისწულის გვამი ტომარაში ჩააგდო, ტალოსის სული კი იქიდან გნოლის სახით გამოფრინდა. გნოლი მოგვიანებით ჩნდება დედალოსისთვის მძიმე მომენტში. სავარაუდოდ, ასევე მძიმე იყო ივანიშვილისთვის მისი ფრინველის – პინგვინის სიკვდილი, რომელიც სიცოცხლეში მთლად გნოლივით არა, მაგრამ თავისებური გოგმანით დადის. ერთი დეტალიც: უძველეს რიტუალში გაზაფხულის სადიდებლად (რომელიც, მოგეხსენებათ, ნებიერად მოდის) მამაკაცები ასრულებდნენ გნოლის ეროტიკულ ცეკვას. ცეკვის დროს ისინი ჩამოიცვამდნენ ფრთებს და განზრახ კოჭლობდნენ. ვფიქრობთ, აშკარაა უნებლიე პარალელი თანამედროვეობასთან: კოჭლობით მოსიარულე, ბევრი „ფრთოსანი” მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში ვერასოდეს აფრინდება – რით არ ჰგავს პინგვინების გუნდს?

ხისტი ეროტიზმი მსჭვალავს დედალოსთან დაკავშირებულ ერთ ეპიზოდსაც. კრეტაზე ცხოვრებისას მან ხელი შეუწყო დედოფლის, პასიფაეს კოიტუსს პოსეიდონის გამოგზავნილ თეთრ ხართან. პასიფაეს ამ ულამაზესი ცხოველის ტრფობა წაეკიდა, დედალოსმა კი (მის სახელს თარგმნიან, როგორც „გაწაფული”, „დახელოვნებული”) დაამზადა ძროხის მულაჟი, სადაც პასიფაე შეძვრა. სწორედ ასეთ პირობებში დაუკმაყოფილა თეთრმა ხარმა ვნება დედოფალს, რომელიც მისთვის უბრალო ძროხა იყო. ძალაუნებურად გახსენდება ბიძინა ივანიშვილის შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნება”, რომელში გაწევრიანების შემდეგ პარლამენტის წევრი ორი ქალბატონი დაოჯახდა: მანანა კობახიძე (უშუალოდ არჩევნებამდე) და ელისო ჩაფიძე, ხოლო მესამე, ანი მიროტაძე შარშან შემოდგომაზე აცხადებდა: „საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა მე კიდევ ერთ გამარჯვებას მოვიპოვებ და გავაცილებ მიხეილ სააკაშვილს, ამით ავიხდენ ჩემს 10 წლის ოცნებას და შემდეგ ქორწილს გადავიხდი”. ჰო, პასიფაეს და ხარის კავშირით იშვა მონსტრი – მინოტავრი, რომელიც ადამიანებს ჭამდა.

დედალოსს კრეტის მეფე მინოსმა არ შეარჩინა ძროხა-პრიტონის ოინი და შვილთან, იკაროსთან ერთად, ლაბირინთში გამოამწყვდია. მითის მეორე ვერსიით, ეს მოხდა გვიან, როცა დედალოსი დაეხმარა მინოტავრის მკვლელ თესევსსა და მინოსის ქალიშვილ არიადნეს გაქცეულიყვნენ კრეტიდან. ლაბირინთიც დედალოსის ტექნიკური გენიის ნაყოფი იყო. ის ბრწყინვალე ინჟინერი, გამომგონებელი, ოსტატი, მოქანდაკე და არქიტექტორი გახლდათ (ბარემ გავიხსენოთ, რომ ბატონი ბიძინაც ინჟინერია – პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა; ხოლო მისი საცხოვრისი არანაკლებ გამორჩეული ნაგებობაა თბილისში, ვიდრე ლაბირინთი იყო კრეტაზე). არიადნეს ძაფის გორგალიც დედალოსის იდეა გახლდათ. ოსტატს ისევ პასიფაემ არ დაუკარგა ამაგი და ლაბირინთიდან იხსნა, თუმცა, კრეტიდან გაქცევას დედალოსი ვერ შეძლებდა კუნძულის სანაპიროთა მინოსის ფლოტილიით გამაგრების გამო.

დედალოსის მთელ ცხოვრებას გასდევს სიცოცხლის წყურვილი, სიცოცხლის ვნება. ის ყოველთვის ახერხებს გადარჩეს, როცა ეძიებენ და დასჯას უპირებენ. ვით არ გავიხსენოთ აქ ბიძინა ივანიშვილი: „მე მოვახერხე – ვნახე – თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა”.

კრეტიდან გასაქცევად დედალოსი აკეთებს იმას, რითაც ყველაზე მეტად არის ცნობილი: ამზადებს ორ წყვილ ფრთას ბუმბულისა და ცვილისგან: ერთს თავისთვის, მეორეს – ვაჟისთვის. დედალოსმა იცის, რა სიმაღლეზე უნდა იფრინოს, რათა ფრთები არ დაზიანდეს და გადარჩეს. თვალცრემლიანი აფრთხილებს მემკვიდრეს, არც მაღლა აფრინდეს, მზემ რომ არ დაუდნოს ცვილი, და არც დაბლა დაეშვას, ზღვამ რომ არ დაუსველოს. ამ სიტყვების შემდეგ ისინი აფრინდნენ. „ახლოს იყავი ჩემთან! – შესძახა დედალოსმა – სადაც მოგინდება, იქით არ გაფრინდე!”

ჯერ არ ვიცით, ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებს თუ არა უსახელო გრძნობა, რომელიც შეაკავებს და არ წააპოტინებს მას დიდ სიმაღლეს. ბატონ ბიძინას „აეროდინამიკის” საკუთარი კანონები აქვს: ის ოსტატურად ლივლივებს ბიზნესის, პოლიტიკის და სამოქალაქო სექტორის შუაში თუ კვეთაზე. პრემიერი ღარიბაშვილი, იკაროსის დარად, ვერანაირად ვერ მიაღწევდა თავის სიმაღლეს, რომ არა მზრუნველი მამის ოსტატობა. ეგ არის, იკაროსი მოატყუა ძალამ, რომელსაც ის შეჰხაროდა ჰაერში „სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა” აწევისას. მეტისმეტმა სიმხურვალემ დედალოსის ძეს ფრთები გაულღო და ის ზღვაში ჩაიხრჩო. რას უზამს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა ირაკლი ღარიბაშვილს, თუ ის დაუჯერებს ან არ დაუჯერებს თავის დამსმელს – ახლა ვერ ვიტყვით. ქართველი დედალოსი და იკაროსი ახლად აფრენილები არიან. საქართველოს პრემიერი მკვეთრი ვერტიკალური აღმასვლის ფაზაში იმყოფება. დედალოსი და იკაროსი კრეტის თავზე რომ მიაპობდნენ სივრცეს, მფრინავ მამა-შვილს შესცქეროდა უბრალო ხალხი – მეთევზეები, მწყემსები, მხვნელები და ისინი ღმერთები ეგონათ.

მითოსური პარადიგმის საპასუხოდ კიდევ ერთი დეტალი ლაპარაკობს: ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური აღზევება მეტაფორულად შეიძლება აღიწეროს ისევე, როგორც ბრიტანეთის პრემიერ ჯონ მეიჯორისა: თეტჩერის გადადგომის და მისი გაპრემიერების შემდეგ მეიჯორი შეადარეს ავიაგამანადგურებელს, რომელსაც ასაფრენად გარბენი არ სჭირდება – ვერტიკალურად ფრინდება საჭირო სიმაღლეზე. ამ ყველაფერს უცნაურად ერთვის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ურთიერთობის საკვანძო ეპიზოდი, რომელიც, სჯობს, თავად ივანიშვილის ავთენტური ტექსტით გავაცოცხლოთ: „...ირაკლი გავიცანი სავაჭრო დეპარტამენტში იყო, მე მგონი, როდესაც პირველი ვერტალიოტი ვიყიდე ფრანგული, და ფრანგები ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ესე არ გაეყიდათ არასდროს ვერტალიოტი და ამით გავიცანი... ირაკლი გავიცანი მაშინ, როდესაც ფრანგებს, კომპანიას, ვინც მომყიდა ვერტალიოტი, ვინ არის ეს კაცი გვაჩვენეთო და იქნებ ჩამოვიდეს საფრანგეთშიო...”

...დედალოსის ცხოვრებაში არის ერთი ამბავიც: მინოსის მფარველობის ქვეშ ყოფნისას მეფეს და მის ოჯახს ოსტატმა დაუმზადა მოძრავი ხის თოჯინები – ერთგვარი მარიონეტები, რითაც ართობდა და ახალისებდა ზეპურ კრეტელებს. მაგრამ არა – ო არა! – საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა აქ არაფერ შუაშია. ეს არასწორი ასოციაციაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები