მსოფლიო

გერმანიის აღმოსავლეთ-ევროპული პოლიტიკა

გიორგი ნასრაშვილი
0 კომენტარი

გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ, უკვე თანდათან შესაძლებელი ხდება მის პრიორიტეტებზე მსჯელობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების დანახვა. მთავრობის დაკომპლექტებისას მიღწეულმა კომპრომისებმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ და გერმანიის საგარეო უწყების პირველმა ნაბიჯებმა ნათელი გახადა სიახლეები გერმანიის საგარეო პოლიტიკაში.

გერმანია საერთაშორისო არენაზე ახალი, დამოუკიდებელი, აქტიური და ძლიერი მოთამაშის როლში გამოდის, რომელსაც საფრანგეთთან ერთად ევროპის მეტი ინტეგრაციისკენ წაყვანა სურს. ასევე, გერმანიის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა უფრო გააქტიურდება აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით, რუსეთის მიმართულებით და მის პოზიციას, სავარაუდოდ, მეტ ანგარიშს გაუწევს.

 „მოსკოვის მტრები, მოსკოვის მეგობრები”

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც კოალიციის პარტნიორებს – ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს განასხვავებთ, სწორედ რუსეთისადმი დამოკიდებულებაა. ახალი მთავრობის შესახებ გამოქვეყნებული სტატია გერმანულმა „შპიგელმა” დაასათაურა, როგორც „მოსკოვის მტრები, მოსკოვის მეგობრები”. ძირითადი განსხვავება სოციალ-დემოკრატების ტრადიციული, რუსეთისადმი რბილი და მოქნილი დამოკიდებულებაა, რომელიც ჯერ კიდევ 1960-იანი წლების „ოსტპოლიტიკიდან” მომდინარეობს. ამ მიდგომას საფუძვლად იმის რწმენა უდევს, რომ რუსეთთან თანამშრომლობას, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას საგარეო პოლიტიკური კუთხით უკეთესი შედეგის მოტანა შეუძლია. მართალია, მოსკოვის მიმართ პრაგმატული დამოკიდებულება ანგელა მერკელისთვის უცხო არაა, თუმცა ის ასევე ღიად აკრიტიკებდა რუსეთს თავისი მეზობლებისთვის ევროკავშირთან დაახლოებაში ხელის შეშლისთვის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისა და კორუფციისთვის. ამგვარი კრიტიკული გამონათქვამები გერმანია-რუსეთის ურთიერთობისთვის მერკელის წინამორბედ სოციალ-დემოკრატ კანცლერ გერჰარდ შრიოდერის პერიოდში უცხო იყო.

ანგელა მერკელის ამ პოლიტიკისთვის, შესაძლოა, გამოწვევად იქცეს ის, რომ კოალიციურ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაიკავა. მერკელის კაბინეტში შტაინმაიერი უკვე მეორედ მოხვდა, ამჯერადაც „დიდი კოალიციის” ფარგლებში, როგორც სოციალ-დემოკრატების ლიდერი.

გერნოტ ერლერი ფოტო: JOHN MACDOUGALL / AFP
განსაკუთრებული დაძაბულობა გამოიწვია იმ საკითხმა, თუ ვინ გახდებოდა ბერლინის რუსეთის საკითხების კოორდინატორი. ვინაიდან ქრისტიან-დემოკრატებს აშშ-სა და კანადასთან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების კოორდინატორის პოსტზე საკუთარი კანდიდატის – ფილიპ მისფელდერის დანიშვნა სურდათ, სოციალ-დემოკრატებმა რუსეთთან, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის კოორდინატორის ადგილი მოითხოვეს. გასული წლების განმავლობაში ამ პოსტს მერკელის თანაგუნდელი ანდრეას შოკენჰოფი იკავებდა, რომელიც არ ერიდებოდა რუსეთის მწვავე კრიტიკას ადამიანის უფლებების დარღვევისა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე არადემოკრატიული პროცესების გამო. გარდა შოკენჰოფის გავლენისა, ქრისტიან-დემოკრატებს აღმოსავლური პოლიტიკის სრული სოციალ-დემოკრატიზაციაც აფრთხობდათ, თუმცა გარიგება მაინც შედგა.

ანდრეას შოკენჰოფი სოციალ-დემოკრატმა, შტაინმაიერის თანაგუნდელმა გერნოტ ერლერმა შეცვალა, რომელიც რუსეთისადმი რბილი დამოკიდებულებითაა ცნობილი. ამავდროულად, შოკენჰოფისგან განსხვავებით, ერლერის პორტფელში არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ექვსი სახელმწიფოს – ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის კურირებაც შევიდა. შესაბამისად, მისი პოზიცია მნიშვნელოვანია უკრაინის კრიზისთან, აღმოსავლეთ პარტნიორობასა თუ რუსეთის მიერ ევრაზიული კავშირის შექმნის გეგმასთან დაკავშირებით.

ერლერმა უკვე არაერთხელ გამოხატა თავისი აზრი ამ თემებზე. მან ღიად გააკრიტიკა გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ქეთრინ ეშტონი კიევში მიმდინარე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე მისვლისთვის, რადგან, მისი აზრით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მედიაციის პროცესში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არასწორია. გერნოტ ერლერმა ისაუბრა „ევროკავშირის შეცდომაზეც, როდესაც მათ არ გააანალიზეს რუსეთთან შესაძლო კონფლიქტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ისეთი ქვეყნისთვის შეთავაზებისას, როგორიც უკრაინაა”. მას მიაჩნია, რომ რუსეთის საბაჟო კავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა, თავისი არსით, ორივე ექსკლუზიურია და მათ შორის კონფლიქტის თავიდან არიდება აუცილებელია.

სახელმწიფო მინისტრი, რომელიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეს უწევს კოორდინირებას, ევროკავშირის მხრიდან არც აღმოსავლეთ პარტნიორობის გადასინჯვას გამორიცხავს. მას სურს, რომ არ იყოს დაძაბულობა საბაჟო კავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის. ევროპულ გამოცემა EUobserver-თან საუბარში გერნოტ ერლერს ამის მიზეზად არამხოლოდ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მოჰყავს. „მოლდოვამ და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები და [ასოცირების] შეთანხმების ხელმოწერა ამ ზაფხულს სურთ. როგორ მოიქცევა რუსეთი, თუკი ეს მოხდება?” – კითხულობს იგი გამოცემასთან საუბრისას. გერნოტ ერლერი ასევე მხარს უჭერს უკრაინის საკითხზე სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებას უკრაინას, ევროკავშირსა და რუსეთს შორის. საყურადღებოა მისი მოსაზრება საბაჟო კავშირზეც. ერლერის შეფასებით, საბაჟო კავშირი არც ევროკავშირის გეოპოლიტიკური მეტოქეა და არც განახლებული საბჭოთა კავშირი.

გერმანიის მმართველი გუნდის ზოგიერთ წევრში ასეთი განწყობების არსებობა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იქცევა ოფიციალურ პოლიტიკად. უფრო მართებული იქნება იმის ვარაუდი, რომ ასეთი მოსაზრებები გარკვეულ გავლენას მოახდენს მასზე. თუმცა, მთლიანობაში, გერმანიის საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც კანცლერი, უცვლელი რჩება. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ისევე როგორც სხვა სამინისტროებისთვის ძირითადი სამუშაო მიმართულებების განსაზღვრა, კვლავაც კანცლერის პრეროგატივაა. გარდა ამისა, საგარეო პოლიტიკის წარმოებაში გერმანიაში აქტიურად არიან ჩართული პარლამენტი და არასამთავრობო სექტორი. ბუნდესტაგს, სადაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ქრისტიან-დემოკრატებს ჰყავთ, საგარეო პოლიტიკის მეთვალყურეობა და შეთანხმებების რატიფიკაცია ევალება. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ახდენენ გავლენას საგარეო პოლიტიკაზე. ავტორიტეტული think-tank-ების მოსაზრებები, უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ხელს უწყობს, რასაც მთავრობა იძულებულია, ანგარიში გაუწიოს.

„ადამიანი ობობას დოქტრინა”

საზოგადოებრივი პროცესების გააქტიურების და საჯარო სივრცეში ღია დისკუსიის წამოწყების გზით საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლია გერმანიის პრეზიდენტსაც. მართალია, მისი როლი, ძირითადად, ფორმალურია და საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნია, მაგრამ საკუთარი მოსაზრების საჯაროდ გამოხატვით მას თავისი წვლილი შეაქვს პოლიტიკურ პროცესში. ამის კარგი მაგალითია პრეზიდენტ იოახიმ გაუკის მიერ სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრებისგან თავშეკავება, რითიც მან თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა.

ამავე კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მისი გამოსვლა, რომელშიც გაუკმა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი პრინციპის გადახედვის საკითხი წამოჭრა. პრეზიდენტი შეეხო სამხედრო ოპერაციებისა და უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებით გერმანიის უკიდურესად ფრთხილ მიდგომას, რომელსაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე „სამხედრო თავშეკავებულობის კულტურას” უწოდებდა.

იოახიმ გაუკის მთავარი გზავნილი როგორც კონფერენციის მონაწილეების, ისე გერმანული საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტისადმი ის იყო, რომ დროა, გერმანია საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ახალი, დამოუკიდებელი, ძლიერი მოთამაშის როლში გამოვიდეს. იოახიმ გაუკის მიმართვა, რომელსაც Wall Street Journal-მა „ადამიანი ობობას დოქტრინა” უწოდა, მოკლედ მართლაც შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს – „დიდი ძალა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს”. გერმანიის პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ მისმა ქვეყანამ მიიღო სარგებელი გლობალური ეკონომიკური სისტემიდან, ევროპული ინტეგრაციიდან, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგიდან და ახლა გერმანია მზად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტირებისთვის, რომლითაც ათწლეულობის განმავლობაში თავად სარგებლობდა. გერმანიის პრეზიდენტმა ისაუბრა უსაფრთხოების საკითხებისადმი გერმანული საზოგადოების ტრადიციულ, ფრთხილ დამოკიდებულებაზეც და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანული პაციფიზმი პასიურობის ფარად ან ქვეყნის მსოფლიო პროცესებიდან გამოთიშვისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული.

არსენი იაცენიუკი და იოახიმ გაუკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ფოტო: TOBIAS HASE / AFP

გერმანიის პრეზიდენტის სიტყვას, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან იყო შეთანხმებული, მხარდამჭერი განცხადებები მმართველი გუნდის წევრების მხრიდანაც მოჰყვა. მათ შორის იყო გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენიც, რომელიც გერმანულ მედიაში ანგელა მერკელის პოტენციურ შემცვლელად განიხილება. ამ შემთხვევაში, ძირითადი აქცენტი საერთაშორისო კრიზისებში მეტ ჩართულობასა და სამხედრო მისიების, მაგალითად, აფრიკაში საფრანგეთის მხარდასაჭერად გააქტიურებაზე კეთდება. თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ სამხედრო კონტინგენტის ზრდაზეა საუბარი, თანაც, მათ მანდატში საბრძოლო მისიების შესრულება არ შევა.

კოალიციური მთავრობის პრიორიტეტები

გერმანიის პრეზიდენტის გზავნილებთან ერთად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ გეგმებზე მთავრობის კოალიციური შეთანხმებაც მეტყველებს. დოკუმენტის მიხედვით, გერმანია ევროკავშირის ერთობლივი პოლიტიკის გაძლიერების, ინტეგრაციის ხელშეწყობის მომხრეა. ამავდროულად, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გერმანიის ურთიერთობების განვითარებაზე საფრანგეთსა და პოლონეთთან.

დოკუმენტში მხარდაჭერილია ევროკავშირის გაფართოებაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ხარჯზე. მათი წევრობის პერსპექტივა ნათლადაა დაფიქსირებული, თუმცა ყველა საჭირო კრიტერიუმის დაკმაყოფილების პირობით. ასევე, დოკუმენტში საუბარია არა მხოლოდ ქვეყნის უნარზე, შეეძლოს ევროკავშირის წევრობა, არამედ თავად კავშირის შესაძლებლობაზეც, მიიღოს ახალი წევრი. ამ მხრივ, მხარდაჭერილია თურქეთის ურთიერთობების მაქსიმალურად მჭიდროდ განვითარება ევროკავშირსა და გერმანიასთან, მიუხედავად იმისა, შეეძლება თუ არა ევროკავშირს მისი მიღება ან მოახერხებს თუ არა თურქეთი წევრობის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებას.

დოკუმენტში ევროკავშირისა და გერმანიის სასიცოცხლო ინტერესადაა მიჩნეული სხვა მოსაზღვრე რეგიონებში სტაბილურობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის და ვიზების ლიბერალიზაციის შეთანხმებები საუკეთესო ინსტრუმენტებად რჩება” – აღნიშნულია დოკუმენტში, რითიც ნათელი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გერმანია არ აპირებს პროგრამის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის პერსპექტივის მინიჭების საკითხი მიუნხენის კონფერენციაზე ძალიან მკაფიოდ რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ დასვა. მის წინადადებას „გვირაბის ბოლოს სინათლის” აუცილებლობის შესახებ მხარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემაც დაუჭირა. ამ თემაზე კომენტარის გაკეთება უფრო ადრე გერნოტ ერლერსაც მოუწია, რომლის შეფასებითაც, ევროპაში არ არის ქვეყნებისთვის ახალი დაპირებების მიცემის მხარდაჭერა და სხვა რაიმე მოლოდინი არარეალისტურია. მისივე თქმით, რუსეთში პოლიტიკური კლასი ამგვარ შეთავაზებას აბსოლუტურ პროვოკაციად აღიქვამდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.

NATO-სთან დაკავშირებით, კოალიციურ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, სავარაუდოდ, ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან სატელეფონო მოსმენების სკანდალის შემდეგ, ნდობის აღდგენა აუცილებელია. ასევე, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება ცენტრალურ პროექტადაა დასახელებული. შეთანხმებაში მხარეები NATO-ს და მის ახალ კონცეფციას გლობალიზებულ სამყაროში თავიანთი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფუნდამენტად აღიარებენ, თუმცა არ საუბრობენ ორგანიზაციის გაფართოების პერსპექტივაზე. ამ საკითხის გამოტოვება, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა ცნობილია აშშ-ის სურვილი, 2014 წლის სამიტი გაფართოების სამიტად იქცეს, შესაძლოა, მიანიშნებდეს გერმანიის სკეპტიციზმზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ვარაუდი საკმაოდ ლეგიტიმურია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გერმანია საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო.

კოალიციურ შეთანხმებაში ცალკე ქვეთავი ეთმობა რუსეთთან ურთიერთობას, სადაც ქრისტიან-დემოკრატ ანდრეას შოკენჰოფის ინიციატივით საკმაოდ მტკიცე ენით ჩაიწერა რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესება და პროდემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერის აუცილებლობა. სოციალ-დემოკრატების მოთხოვნით კი, აღინიშნა რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაციის მხარდაჭერის, განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობა და ასევე იმის აღიარება, რომ რუსეთი აუცილებელი პარტნიორია უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას. რუსეთთან მიმართებით გერმანიის მომავალი საგარეო პოლიტიკის განხილვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი გზავნილი: 1) გერმანია ეცდება, რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა უფრო მეტად შეთანხმებული, თანმიმდევრული გახადოს და 2) უსაფრთხოება ევროპისთვის, შესაძლებელია, მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა მის წინააღმდეგ იყოს მიღწეული.

გერმანიის პრეზიდენტ იოახიმ გაუკის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებების, ასევე კოალიციურ შეთანხმებებში ასახული საგარეო მიზნების განხორციელებად შეიძლება აღვიქვათ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების – ფრაკ-ვალტერ შტაინმაიერისა და ლორან ფაბიუსის 21 იანვრის ერთობლივი დეკლარაცია, სადაც ისინი თანხმდებიან ევროკავშირის სამიტებამდე ერთმანეთთან კონსულტაციის გავლაზე, ერთობლივი საგარეო ვიზიტების განხორციელებაზე, საერთაშორისო კრიზისების იდენტიფიცირებასა და პრევენციაზე ერთობლივ მუშაობაზე. მინისტრების თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისიც მეტყველებს, რომ მათ პირველი ერთობლივი ვიზიტისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები – საქართველო და მოლდოვა შეარჩიეს.

ფრანგულ-გერმანული შეთანხმების ინტერპრეტირება არაერთი ანალიტიკოსის მხრიდან შემდეგნაირად მოხდა – გერმანია საფრანგეთს აფრიკაში უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს, საფრანგეთი კი გერმანიას ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის მიმართ პოლიტიკის გაძღოლაში ხელს შეუწყობს. კონკრეტულად როგორი იქნება ეს პოლიტიკა, დიდწილად დამოკიდებულია კოალიციის პარტნიორების შეთანხმებაზე, რას დაეფუძნება იგი, ღირებულებებს, პრაგმატულ ინტერესებს თუ მათ შორის ბალანსს. თუმცა ერთი რამ ცხადია, გერმანიის მთავრობაში უფრო მეტი ოსტ-პოლიტიკოსი იქნება, რომელიც რაიმე საგარეო ნაბიჯის გადადგმამდე იკითხავს, „როგორ მოიქცევა რუსეთი, თუკი ეს მოხდება?”. არასწორი იქნება იმის ვარაუდი, რომ გერმანია ხელაღებით უარს იტყვის გარკვეულ საკითხებზე საკუთარ პრინციპულ და კრიტიკულ მიდგომებზე, ვინაიდან მთავრობაში „მოსკოვის მეგობრებთან” ერთად „მოსკოვის მტრებიც” არიან. ამ მოსაზრებას ადასტურებს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გადაწყვეტილებაც, რომელიც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის რუსეთში ვიზიტის ფონზე გახდა ცნობილი – შეხვედროდა უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს ვიტალი კლიჩკოსა და არსენი იაცენიუკს. კანცლერის ოფისსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მეტოქეობის გაგრძელება მოსალოდნელია, რაც ევროპის პოზიციაზეც აისახება. ბოლოს და ბოლოს, როდესაც საქმე რუსეთისადმი ევროპის პოლიტიკას ეხება, გერმანიის სიტყვას ყველაზე მეტი წონა აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები