სამეგრელოს სამალავები

სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.

12 ბრალდებულიდან, სასამართლომ მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია ცნო უდანაშაულოდ და დარბაზიდან გაათავისუფლა. გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ძებნილებს - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს კოხტა კოდუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მათ 3 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებაც აეკრძალათ.

სასამართლომ ასევე 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დავით ჩაგინავას (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი გამომძიებელი) და კობა თოდუას (თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი).

გურამ ჭითანავას (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი), პაატა ქირიას (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი) და გიორგი ბულიას (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

თემურ უბირიას (ბრალდების მტკიცებით, ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ის ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას) - 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ირაკლი ახალაიას (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) - 2.3 წლიანი პატიმრობა.

საქმეში კიდევ ორ ბრალდებულს მარლენ ხვიტიას და გოჩა შონიას, ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის რუსლან შამახიას განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები წამებით, გაყალბებითა და ძალადობით არის მოპოვებული.

"თუკი რაიმე მძიმე მუხლები არსებობდა, ბრალდებაში ყველაფერი იყო წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, ბიჭები უდანაშაულოები არიან. ის მტკიცებულებები, რაც მათ წარმოადგინეს სასამართლოზე, ყველაფერი გაყალბებით, წამებით, ძალადობით იყო მოპოვებული. ზოგმა პოლიციელმა ვერ გაუძლო ზეწოლას, ცემა-ტყეპას, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ ყველაფერს ძალიან მალე აეხდება ფარდა და ეს ხალხი, ვინც ამ ვაკხანალიაში მონაწილეობდა, დაისჯება კანონით", - განაცხადა რუსლან შამახიამ, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ცნობისთვის, 2013 წლის ივნისში, შსს-მ განაცხადა, რომ სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში ვიდეოფირები აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, ფირებზე აღბეჭდილი იყო ადამიანების წამების, ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაულები.

საქმეზე დაკავებულ ცხრა პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გაუპატიურებას, წამებას და იარაღის უკანონო ტარებას 12 ადამიანს ედავებოდნენ. მათგან სამ ბრალდებულზე - მეგის ქარდავაზე, კოხტა თოდუასა და დავით ჩაგინავაზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა. ინტერპოლმა ჩაგინავა ავსტრიაში, ოქტომბერში დააკავა.

კომენტარები