TV MR საქართველოს დაჯარიმება

MIC: შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა რესპონდენტთა უფლებებს არღვევს

მარკეტინგული კვლევების საერთაშორისო კომპანია TNS-ის ლიცენზირებული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში შპს Market Intelligence Caucasus ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელ კომპანია TV MR საქართველოში შემოსავლების სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის შეფასებით, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა იმ ოჯახების სიის გადაცემის შესახებ, რომლებთანაც კომპანია TV MR საქართველოს ის „ფიფლმეტრები“ აქვს განთავსებული, რითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება, რესპონდენტთა კონფიდენციალურობის საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებს.

„ამ ფაქტს აღვიქვამთ ჩვენი, როგორც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების, უფლებების უხეშ დარღვევად და აგრეთვე რესპონდენტთა უფლებების დარღვევად, რაც გათვალისწინებული და დაცულია საქართველოს კანონით სტატისტიკის შესახებ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას ფაქტობრივად საკუთარი საქმიანობის შეჩერება ან მონიტორინგის ალტერნატიული პროცესის აწყობა მოუწევს, რაც კანონს არღვევს.

„მიუხედავად იმისა, რომ TV MR სთავაზობდა და სთავაზობს შემოსავლების სამსახურს შემოწმების ალტერნატიულ გზებს, შემთხვევითი წესით რამოდენიმე ოჯახის ამორჩევას და აპარატურის ადგილზე შემოწმებას, შემოსავლების სამსახურის მიდგომა რჩება უცვლელი და მიმართულია რესპონდენტის კონფიდენციალურობის დარღვევისკენ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას ფაქტობრივად მოუწევს საკუთარი საქმიანობის შეჩერება და/ან მონიტორინგის ალტერნატიული პროცესის აწყობა/წარმართვა, რაც აგრეთვე არღვევს კანონს. სახელდობრ, საგადასახადო კოდექსის XII კარში, რომელიც საგადასახადო კონტროლს ეხება, 255 მუხლის (ზოგადი დებულებანი საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით) მე-3 პუნქტში ვკითხულობთ: „საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა“, - წერია კომპანიის განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ TV MR-ის პრობლემა არაა და ეხება ყველა კომპანიას, რომელიც ხსენებულ ან მსგავს სფეროში საქმიანობს.

„ეს გვეხება ყველა კომპანიას, რომელსაც ხსენებულ და/ან მსგავს სფეროში გვიწევს მოღვაწეობა, რესპონდენტებთან გვაქვს ურთიერთობა და აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, დავიცვათ მათი და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ჩვენს კომპანიებს კონფიდენციალურობის მარეგულირებელი მუხლი ყველა კონტრაქტში აქვს ჩადებული. ანუ ჩვენ გვთხოვენ არა მარტო კანონის, არამედ კონტრაქტების დარღვევასაც, რომ აღარაფერი ვისაუბროთ ბიზნესეთიკაზე. აქ უკანა პლანზე გადადის და ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება კონკურენტული გარემო. კომპანია TNS, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში Market Intelligence Caucasus-ია, მსოფლიოს მასშტაბით 120 ქვეყანაში მუშაობს და 34 ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებითაა დაკავებული, თუმცა გაზომვების მთელი ისტორიის მანძილზე არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომელიც ასე უხეშად დაარღვევდა რესპონდენტთა კონფიდენციალობის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს“, -აცხადებენ კომპანიაში.

Market Intelligence Caucasus აღნიშნულ ფაქტს გმობს და TV MR-ს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ამასთან თანადგომისკენ სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს.

„კონკურენტებო, კოლეგებო, მეგობრებო, TV MR-ის შემთხვევა დღეს პირველი მნიშვნელობის საკითხია, პრიორიტეტულია და მასზე და ჩვენს რეაქციაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მომავალში ჩვენი სფერო და იქნება თუ არა შესაძლებელი ქვეყანაში ზეწოლისგან თავისუფალი და ეთიკური ბიზნესის წარმოება.
შპს Market Intelligence Caucasus აღნიშნულ ფაქტს გმობს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს კომპანია TV MR-ს და ანალოგიური თანადგომისკენ სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს. ნუ დაელოდებით თქვენს ჯერს, დააფიქსირეთ პოზიცია! დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ აღვკვეთოთ ბიზნესზე ზეწოლა და არ დავუშვათ მსგავსი ფაქტის გამეორება მომავალში“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. 

კომენტარები