აგრუნის საქმე

მთავარ პროკურატურაში კახა ბენდუქიძის დაკითხვა გრძელდება

თავისუფალი უნივერსიტეტისა და ცოდნის ფონდის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 11:00 საათიდან მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი მოწმის სტატუსით არის დაბარებული. მთავარი პროკურატურის განმარტებით, ბენდუქიძის დაკითხვა აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზაციას უკავშირდება. დაკითხვის დაწყებამდე კახა ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ საქმეს არავითარი იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. მისი თქმით,  ქონების პირდაპირი წესით მიყიდვა მთავრობის დისკრეციაა.

პროკურატურასთან ბენდუქიძის მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები. მთავარ პროკურატურასთან უმცირესობის რამდენიმე დეპუტატიც მივიდა. ისინი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე პროკურატურამ განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინიც დაკითხა. შაშკინის თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, ბენდუქიძემ ამ სახის ინვესტიციის განხორციელება რატომ გადაწყვიტა.

ამავე საქმეზე უკვე დაკითხეს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე.  იგი მთავარ პროკურატურაში გუშინ, გვიან ღამემდე იმყოფებოდა.

კომენტარები