ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

მაჭავარიანი: ჩემი ძმის კარიერისთვის ხელი თუ შემიშლია, თორემ არ დავხმარებივარ

ka.wikipedia.org

"ჩემს ძმასთან კარგი ურთიერთობა მექნება ყოველთვის. ამას არ შევეკითხები არც ბიძინა ივანიშვილს და არ ვეკითხებოდი არც მიხეილ სააკაშვილს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი და ვანო მაჭავარიანის ურთიერთობა ყოველთვის მაღლა იდგა პოლიტიკაზე.

"ასე უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რადგან ასე გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმაც. რაც შეეხება სოფელ ჭორვილას, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და იმ კვირაში, ვეპატიჟები ყველა ჟურნალისტს, რომ განახოთ, სად ვცხოვრობ, როგორ სახლში... პოლიტიკაში ყველაფერი გამიგია, თუმცა ჭორაობა - არა. მით უმეტეს, ორივე საჯარო ფიგურა ვართ, მეც და ვანოც. მან თავისი საქმიანობა 1997 წელს, ზურა ჟვანიას მოწვევით დაიწყო პარლამენტში და მას მერე სულ საგარეო ურთიერთობათა კუთხით მუშაობს. ჩემი ძმის კარიერული წინსვლისთვის მე ხელი თუ შემიშლია, თორემ არასოდეს დავხმარებივარ, რადგან ყოველთვის იყო ის პრობლემა, რომ ის ჩემი ძმაა და მე მისი ძმა ვარ. პრობლემა მეორდება, როგორც ჩანს, ხელისუფლებები იცვლება და პრობლემები რჩება", - თქვა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ ძმასთან მუდმივად აქვს კამათი.

"ვანოს სხვა შეხედულება ჰქონდა, იყო კრიტიკოსი, როცა ხელისუფლებაში ვიყავით, იყო მხარდამჭერი რაღაც საკითხებში, მაგალითად, პოლიტიკურ მომავალსა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ერთი ხედვა გვაქვს და გვექნება. მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა", - აღნიშნავს დეპუტატი.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გასცა მის კითხვას პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, მაშინ როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის წევრი - ვანო მაჭავარიანის ძმა მიშა მაჭავარიანია.

"ზოგადად, ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ძმა მუშაობდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცაღა მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც - როცა ეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე და ძველი პრეზიდენტის სახედ და ლიდერად დარჩა მისი ძმა. თანაც ამას ამძიმებს ისიც, რაც გიორგიმ კარგად იცოდა, რაზეც მე მრავალჯერ შევახსენე მას.

როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში და ჩვენ შევქმენით კოალიცია ქართული ოცნება, სადღაც ნოემბერში გიორგიმ მოიყვანა მისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი. მე მასთან საკმაოდ ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში. ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ "სურვილი აღარ აქვს". მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის უმუშევარი იყო. მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით – 7 ათასი ლარი გადაუხადეს საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური. დეკემბრიდან, ჩვენგან გადასულ მაჭავარიანს 7 000 ლარი დაუნიშნეს ხელფასად. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ის ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერ არ მოსულა სამსახურში, ხელფასის ასაღებადაც კი არ მოსულა, ქრთამის სახით იღებს ხელფასს და თქვენ ხომ არ გჭირდებათო. მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-მეთქი და ისევ გილაურმა გაათავისუფლა.

ეს კაცი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი აზრით. არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა. როდესაც მოვიდა ჩვენთან, უამრავი დრო დავხარჯე მასზე, გაიცნო გუნდის წევრები, შიგნით ოფისში იყო. და ასე იარა, როგორც ირკვევა, მანამ, სანამ მათ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნები. და ასეთი ადამიანი დღეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე. ძველი პრეზიდენტის სახეა მისი ძმა. რომელიც არაფრით არ გამოირჩევა იქაც. ეს რომ იყოს დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც არის მაგარი პროფესიონალი, თავისი წარმატებები აქვს საზოგადოებაში და შემთხვევით მოხვდა ნაციონალურ მოძრაობაში, კიდევ შეიძლება, გაგებით მოვეკიდოთ. მაგრამ მიშა მაჭავარიანი ვინ იყო ნაციონალურ მოძრაობაში, იყო გამყალბებელი ძირითადად, ხალხის ხმებს იპარავდა, სხვა არაფრით ეგ ცნობილი არაა, თვითონ ამით ტრაბახობს.

დრამატიზება არ მინდა, მაგრამ ის არის ძველი პრეზიდენტის სახე და მისი ძმა გახდა ახალი პრეზიდენტის სახე, ეს ჩემთვის უსიამოვნო იყო, რაზეც რამდეჯერმე ვეკამათე გიორგი მარგველაშვილს. ის ამბობდა, მათ კარგი ძმობა არ აქვთო, მაგრამ ძალიან კარგი ძმობა აქვთ. ამაზე ხანგრძლივი პოლემიკა მქონდა, უშედეგოდ, თუმცა გიორგი მარგველაშვილს ამის უფლება აქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

კომენტარები