ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

მაჭავარიანი: პრეზიდენტს აქვს თავისი ხედვა და ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს

telegraph.ge

პრეზიდენტის მრჩევლის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, განცხადებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა მის შესახებ გააკეთა, დამახინჯებულად მიტანილი ინფორმაციის შედეგია. ამასთან, მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილს აქვს თავისი აზრი, ხელისუფლებაში ყველა ერთ თარგზე გამოჭრილი ვერ იქნება და ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს.

“აზრთა სხვადასხვაობა გუნდის შიგნით ჯანსაღი პროცესია. არ შეიძლება ყველას, ყველა თემაზე, ერთი აზრი ჰქონდეს. პოზიციას, რაც პრეზიდენტს გააჩნია, გუნდის შიგნით არ მალავს. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ ყველას აქვს თავისი კონსტიტუციური უფლებები. შეიძლება იყო მოლოდინები, რომ ხელისუფლებაში ყველა ერთ თარგზე გამოჭრილი იქნებოდა. გიორგი მარგველაშვილს ახასიათებს დამოუკიდებლობა, მას აქვს თავისი სახელმწიფოებრივი ხედვა. ამ ახალ რეალობას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს, რომ იქნება აზრთა სხვადასხვაობა”, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქiს დამფუძნებელმა მის შესახებ ჭორებს დაუჯერა.

"ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე მაშინაც ვმუშაობდი საპარტნიორო ფონდში. მაშინაც მაჭავარიანის ძმა ვიყავი. ბიძინამ ეს ძალიან კარგად იცოდა. პირიქით, მომიწოდებდა, რომ დავრჩენილიყავი და მემუშავა იქ. სერიოზული შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ მე მას ავუხსენი, თუ რატომ ვერ შევძლებდი პოლიტიკურ თემებში ღიად ჩარევას. ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც საგარეო მიმართულება იყო და ნებისმიერ დროს მზად ვიყავი, ამ მიმართულებით ჩავრთულიყავი. ამას ბიძინა ძალიან გაგებით მოეკიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცამ ისარგებლა, დაამახინჯა ინფორმაცია და ბევრი თემა, რაზეც მან ისაუბრა, არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგია. ვფიქრობ, ეს გაუგებრობა ამოიწურება და ვისაც ჰგონია, რომ ამით ბიძინასთან გარკვეულ ქულებს დაიწერს, იმედი გაუცრუვდება”, - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გასცა მის კითხვას პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, მაშინ როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის წევრი - ვანო მაჭავარიანის ძმა მიშა მაჭავარიანია.

"გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით - რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი აშკარად არის მისი ძმა - მიშა მაჭავარიანი. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ზოგადად, ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ძმა მუშაობდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცაღა მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც - როცა ეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე და ძველი პრეზიდენტის სახედ და ლიდერად დარჩა მისი ძმა. თანაც ამას ამძიმებს ისიც, რაც გიორგიმ კარგად იცოდა, რაზეც მე მრავალჯერ შევახსენე მას.

როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში და ჩვენ შევქმენით კოალიცია ქართული ოცნება, სადღაც ნოემბერში გიორგიმ მოიყვანა მისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი. მე მასთან საკმაოდ ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში. ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ "სურვილი აღარ აქვს". მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის უმუშევარი იყო. მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით – 7 ათასი ლარი გადაუხადეს საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური. დეკემბრიდან, ჩვენგან გადასულ მაჭავარიანს 7 000 ლარი დაუნიშნეს ხელფასად. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ის ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერ არ მოსულა სამსახურში, ხელფასის ასაღებადაც კი არ მოსულა, ქრთამის სახით იღებს ხელფასს და თქვენ ხომ არ გჭირდებათო. მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-მეთქი და ისევ გილაურმა გაათავისუფლა.

ეს კაცი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი აზრით. არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა. როდესაც მოვიდა ჩვენთან, უამრავი დრო დავხარჯე მასზე, გაიცნო გუნდის წევრები, შიგნით ოფისში იყო. და ასე იარა, როგორც ირკვევა, მანამ, სანამ მათ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნები. და ასეთი ადამიანი დღეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე. ძველი პრეზიდენტის სახეა მისი ძმა. რომელიც არაფრით არ გამოირჩევა იქაც. ეს რომ იყოს დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც არის მაგარი პროფესიონალი, თავისი წარმატებები აქვს საზოგადოებაში და შემთხვევით მოხვდა ნაციონალურ მოძრაობაში, კიდევ შეიძლება, გაგებით მოვეკიდოთ. მაგრამ მიშა მაჭავარიანი ვინ იყო ნაციონალურ მოძრაობაში, იყო გამყალბებელი ძირითადად, ხალხის ხმებს იპარავდა, სხვა არაფრით ეგ ცნობილი არაა, თვითონ ამით ტრაბახობს.

დრამატიზირება არ მინდა, მაგრამ ის არის ძველი პრეზიდენტის სახე და მისი ძმა გახდა ახალი პრეზიდენტის სახე, ეს ჩემთვის უსიამოვნო იყო, რაზეც რამდეჯერმე ვეკამათე გიორგი მარგველაშვილს. ის ამბობდა, მათ კარგი ძმობა არ აქვთო, მაგრამ ძალიან კარგი ძმობა აქვთ. ამაზე ხანგრძლივი პოლემიკა მქონდა, უშედეგოდ, თუმცა გიორგი მარგველაშვილს ამის უფლება აქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები