საზოგადოება

კარტოფილის წვნიანიდან კარტოფილის ელიტურ თესლებამდე

ზაზა ბიბილაშვილი
0 კომენტარი

ანუ კოლაბორაციონიზმი, როგორც სახელმწიფო პოლიტიკა

კომპიენის მეორე ზავის შემდეგ, რომლის დროსაც შურისძიების ჟინით შეპყრობილმა ჰიტლერმა საფრანგეთს იმავე ვაგონში მოაწერინა ზავზე ხელი, რომელშიც პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამამცირებელი დამარცხება გაფორმდა, საფრანგეთი რამდენიმე ნაწილად დაიყო. ელზასი და ლოტარინგია საკუთრივ მესამე რაიხმა მიიერთა. ქვეყნის ჩრდილოეთი და დასავლეთი ვერმახტს უშუალოდ ჰქონდა ოკუპირებული (თუმცა იქ ფორმალურად ვრცელდებოდა საფრანგეთის სამოქალაქო ადმინისტრაციის იურისდიქცია). სამხრეთი კი (ე.წ. თავისუფალი ზონა) 1942 წლის ბოლომდე ფრანგული ადმინისტრაციის ქვეშ რჩებოდა.

ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილს მარშალ ფილიპ პეტენის რეაქციული, კოლაბორაციონისტული მთავრობა მართავდა. მთავრობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ცენტრალური საფრანგეთის პროვინციული ქალაქი (გნებავთ, დაბა) ვიში იყო, რომელიც მანამდე გარე სამყაროსთვის მხოლოდ კარტოფილის წვნიანის ადგილობრივი ნაირსახეობით („vichyssoise”) იყო ცნობილი. მიუხედავად კოლაბორაციონიზმისა და ავტორიტარიზმისა, ვიშის მთავრობა საწყის ეტაპზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა. მიზეზებიდან, დავასახელოთ მხოლოდ რამდენიმე:

(1) გერმანია საფრანგეთზე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა სამხედრო თვალსაზრისით, რომ მისთვის შემდგომი წინააღმდეგობის გაწევა აშკარა უგუნურებად, მასთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა კი კეთილგონიერებად ითვლებოდა;

(2) მარცხის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საფრანგეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, რისი მიღწევაც, ბევრის აზრით, მხოლოდ ოკუპანტის კეთილგანწყობის მოპოვებით შეიძლებოდა;

(3) საფრანგეთის ყოფილმა მოკავშირეებმა განახორციელეს ისეთი ქმედებები (მაგალითად, ბრიტანელების მიერ ფრანგული საზღვაო კონტინგენტის განადგურება ალჟირში), რამაც დაარწმუნა ფრანგები, რომ „ისევ გერმანელები ჯობიან”;

(4) ვიშის მთავრობამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მისი წინამორბედი მესამე რესპუბლიკის დემოკრატიული წყობა ძირს უთხრიდა ჭეშმარიტ ფრანგულ ღირებულებებს (მათ შორის, კათოლიციზმს), მოახერხა ფრანგული საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის შიშებზე კაპიტალიზება.

დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საფრანგეთის მსგავსი მდგომარეობაა: აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი რუსეთს უშუალოდ აქვს ოკუპირებული, დანარჩენ საქართველოს კი მტრისადმი ლოიალურად განწყობილი ხელისუფლება მართავს.

ვიშის ხელისუფლება ფორმალურად კანონიერი იყო. აშშ, კანადა და ბევრი სხვა ქვეყანა ვიშის მთავრობას 1944 წლამდე საფრანგეთის ოფიციალურ ხელისუფლებად აღიარებდა. საზოგადოებრივი აზრი კი ვიშის რეჟიმის წინააღმდეგ მხოლოდ მას შემდეგ შეტრიალდა, რაც აშკარა გახდა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების გარდუვალობა. საბოლოო ჯამში, ვიშის რეჟიმი გადაყვა იმავე ძალას, რომელმაც ის შესაძლებელი (და აუცილებელი) გახადა. საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ, ვიშის ლიდერების ნაწილი ქვეყნიდან გაიქცა, ნაწილი კი გასამართლდა და დაისაჯა სასჯელის უმაღლესი ზომით. ფორმალური კანონიერების მიუხედავად, ვიშის კოლაბორაციონისტულ რეჟიმს, მისი შინაარსიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, დღეს თითქმის აღარავინ მიიჩნევს მაშინდელი საფრანგეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად.

...ბოლო წლინახევრით თუ ვიმსჯელებთ, დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საფრანგეთის მსგავსი მდგომარეობაა: აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი რუსეთს უშუალოდ აქვს ოკუპირებული, დანარჩენ საქართველოს კი მტრისადმი ლოიალურად განწყობილი ხელისუფლება მართავს. მოსვლის დღიდან, ამ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა რუსეთის საამებლად. კერძოდ:

1. პრაქტიკულად გაიზიარა ომის დაწყების რუსული ვერსია („იქ არაფერი ხდებოდა, მხოლოდ ერთი კედელი იყო ჩამონგრეული, როცა სააკაშვილმა დაბომბვა დაიწყო”).

2. „შეცვალა რიტორიკა” – მტერს მტერს აღარ უძახის და გვარწმუნებს, რომ ასე მის ბუნებას შეცვლის. თითქმის აღარ ახსენებს ოკუპაციას და ძალღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ საქართველოს თემა საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოიხსნას (რაც მოკავშირეთა მხარდაჭერაზე უარის თქმასა და მტრის კეთილი ნების იმედად დარჩენას ნიშნავს).

3. ლეგიტიმაცია დაუბრუნა იმპერიულ კლიშეს საქართველოში „ეთნოკონფლიქტების” არსებობის შესახებ, რითიც დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამით, „ოცნებამ” პოტენციურად გააბათილა ის უზარმაზარი ძალისხმევა და მსხვერპლი, რომელიც ქვეყანამ გაიღო, რათა მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ პრობლემა რუსეთის იმპერიული პოლიტიკა და არა „ეთნოკონფლიქტები” იყო.

4. პრაქტიკულად აღიარა გავლენის სფეროების არსებობა. სწორედ ამას ნიშნავდა საქართველოს ნომინალური ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნხენში გაჟღერებული თეზა, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა უკრაინის საკითხზე უნდა მოილაპარაკონ. ამით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს საქართველოს მომავალზე ევროპასთან მოლაპარაკების „კურთხევა” მისცა.

5. პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა რუსეთის აგენტები და მოახდინა „ოცნების” გარეთ დარჩენილი ბნელი, ანტიდასავლური ძალების ლეგიტიმაცია. „ოცნებამ” არა მხოლოდ სამოქმედო ასპარეზი გაუხსნა ამ ძალებს, არამედ, ზოგი ვერსიით, აფინანსებს და კოორდინაციას უწევს მათ. იდეები, რომლებიც ადრე ცალსახად მარგინალური იყო, თანდათან შემოდის საზოგადოებრივ მეინსტრიმში. ადამიანები, რომლებიც დიდი ალბათობით პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან, გამოსცემენ პროპაგანდისტულ წიგნებს პუტინზე (რომელთა პრეზენტაციასაც ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან), ატარებენ ანტიდასავლურ შეკრებებსა და კონფერენციებს (სადაც პოლიცია პროტესტანტებს აკავებს და რენეგატებს იცავს), ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მედიის მეშვეობით, ღიად ეწევიან ევრაზიული იდეის პროზელიტიზმს.

6. შეასრულა რუსეთის მოთხოვნები სანაცვლოდ რაიმეს მიღების გარეშე, კერძოდ: (1) უპირობოდ გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები; (2) პრაქტიკულად შეაჩერა ქართული კონტრდაზვერვის (მანამდე ეფექტიანი) საქმიანობა; (3) სახელი შეუცვალა რეინტეგრაციის სამინისტროს; (4) საკვანძო საკითხები ჩააბარა რუსეთისთვის „მისაღებ” და, დიდი ალბათობით, რუსეთის მიერ მართულ პირებს; (5) ყველანაირად ეცადა ოკუპაციის კანონში საქართველოსთვის საზიანო ცვლილებების შეტანას, (რაც ვერ მოახერხა ოპოზიციის ფილიბასტერის გამო); (6) დაუშვა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი ინგლისელი დიპლომატის, რაიან გრისტის დაბრუნება საქართველოში, პოტენციურად მაღალი რისკის შემცველ თანამდებობაზე.

7. თავისი მორალური ძალაუფლება დიდწილად დააფუძნა იმ ადამიანების ნარატივზე, რომლებიც აქტიურად ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოს (სამხედრო ამბოხების ორგანიზატორები, ადამიანთა წამებაში მხილებული და „ოცნების” მიერ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული ბადრაგ-პროდიუსერები, რუსული სპეცსამსახურების ქართულენოვანი ბეჭდვითი ორგანოების დამფუძნებლები და სხვანი). პარალელურად, დევნის საქართველოში რუსული აგენტურული ქსელის დამმარცხებლებს და ამისთვის, არ ერიდება ისეთ უტიფარ უკანონობას, როგორიცაა პრესკონფერენციიდან მოწმეების და საკნიდან ყოფილი პრემიერის გატაცება, სასურველი ჩვენების ან სიჩუმის მისაღებად, დანაშაულის დაფარვა და ა.შ.

8. თავისი ნარატივის ორგანულ ნაწილად აქცია ტრაგიკომიკური აბსურდი, რომ წინა წლებში საქართველოს აღიარება სიცრუის შედეგი იყო და რომ ქვეყანა, რომელმაც ფენომენალური ტრანსფორმაცია განიცადა რეკორდულად მოკლე დროში, თურმე „9 წელი ინგრეოდა”. როცა ამ მარგინალური „აზრის” ტირაჟირებამ მოსალოდნელი შედეგები გამოიღო გარღვეული ბიუჯეტისა და ეკონომიკური ზრდის განახევრების სახით, ყველაფერი კოაბიტაციას და ყოფილი პრეზიდენტის „შავ პიარს” დააბრალა. არადა, ის, რომ საქართველოს რუსული ბაზრის გარეშე არათუ არსებობა, არამედ სწრაფი განვითარება შეეძლო, სწორედ ეკონომიკის სიჯანსაღეზე და სიძლიერეზე მეტყველებდა. „ოცნების” მიერ რუსული ბაზრის, როგორც მიზნის, გაფეტიშება არის ქვეყნის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

9. იმთავითვე განიზრახა პუტინის ოლიმპიადაში უპირობოდ მონაწილეობა, სადაც მედლების მოპოვების და, ამ გზით, პროტესტის გამოხატვის ან პოზიციის დაფიქსირების არანაირი შანსი არ არსებობდა. ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ პროვოკაციების შემთხვევაში, საქართველო გადახედავდა თავის გადაწყვეტილებას. რუსეთმა, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთა ოლიმპიადის პოლიტიზებისა და ოკუპაციის ლეგიტიმაციისთვის: (1) ოლიმპიური ჩირაღდანი ჩააბარა სამხედრო მფრინავს, რომელიც საქართველოს ბომბავდა; (2) საზღვარი გადმოსწია 11 კილომეტრით იმ ადგილას, რომელიც მაზნიაშვილის არმიამ ბრძოლით შეუნარჩუნა საქართველოს; (3) ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის გარეშე გამოსახა; (4) ამავე ცერემონიაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მარიონეტი „ლიდერები” სამთავრობო ლოჟაში, ოფიციალურ სტუმრებთან ერთად განათავსა; (5) ოლიმპიადის ერთ-ერთი (წარმოშობით გალელი) მონაწილის ვებგვერდზე აფხაზეთი რუსეთის ნაწილად მოიხსენია.

ივანიშვილის მადლით, „ოცნება” არაკომპეტენტური და კოლაბორაციონისტი კადრების ნაკლებობას არ უჩივის. მაგრამ კითხვა, თუ რითი აიხსნება მთლიანობაში ხელისუფლების ქმედებები თუ უმოქმედობა – არაკომპეტენტურობითა თუ კოლაბორაციონიზმით – რიგითი მოქალაქისთვის მეორეხარისხოვანია.

მეტი რა უნდა ექნა რუსეთს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია გამოეწვია? „ოცნებამ” არათუ არაფერი გააკეთა ქვეყნის ინტერესების დასაცავად, არამედ მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკავებული იყო რუსეთის ქმედებების გამართლებით და მოწოდებებით, რომ ზემოხსენებული ქმედებები სერიოზულად არ მიგვეღო.

კიდევ რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საამებლად? ამ პერიოდში, ალბათ, მეტი არაფრის. დასავლურ ვექტორზე ღიად უარის თქმა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მას არ შეეძლო. ეს მას ლეგიტიმურობას დაუკარგავდა („ოცნების” ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილის დეკლარირებულად ანტიდასავლური განწყობის მიუხედავად, „ოცნება” ჯერ ისევ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული პროდასავლური დისკურსის მძევალია). სხვა ყველა მექანიზმი კი, რაც სამომავლოდ ევრაზიული არჩევანისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნას გულისხმობს, უკვე მოყვანილია მოქმედებაში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ისმის კითხვა: რა განსაზღვრავს „ოცნებას”? რა არის მისი raison d'être? – ეს არაა „სამართლიანობა” (შერჩევითი სამართლისა თუ უსამართლობის მაგალითებმა თვალშისაცემად იმატა), არც „ღირსება” (ზემოთ სოჭში წასვლა ვახსენეთ – ასეთი უღირსი ნაბიჯი საქართველოს მრავალჭირნახულ ისტორიასაც კი ცოტა ახსოვს), არც ეკონომიკური ხედვა (რაც დრო გადის, „ოცნების” ლიდერების მხრიდან ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების მტკივნეული პროცესის პარალელურად, მცირდება ამ საკითხში განსხვავება მათსა და მათ წინამორბედებს შორის). რჩება მხოლოდ მთავარი – ის, რაც შესაძლებელს ხდის „ოცნების” არსებობას. ესაა რუსეთის ფაქტორი. რუსეთის, მისი რიდისა და შიშის გარეშე „ოცნება” ვერ იარსებებდა – ისევე, როგორც მესამე რაიხის გარეშე ვერ იარსებებდა ვიშის რეჟიმი.

ივანიშვილის მადლით, „ოცნება” არაკომპეტენტური და კოლაბორაციონისტი კადრების ნაკლებობას არ უჩივის. მაგრამ კითხვა, თუ რითი აიხსნება მთლიანობაში ხელისუფლების ქმედებები თუ უმოქმედობა – არაკომპეტენტურობითა თუ კოლაბორაციონიზმით – რიგითი მოქალაქისთვის მეორეხარისხოვანია. მასზე პასუხი „ოცნების” ლიდერებისთვის უფრო აქტუალური უნდა იყოს (არაკომპეტენტურობა შემამსუბუქებელი გარემოებაა, კოლაბორაციონიზმი – დამამძიმებელი). რიგითი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა მივიღეთ რუსეთისგან ხელისუფლების ზემოჩამოთვლილი ქმედებებისა თუ უმოქმედობის სანაცვლოდ.

თუ ამოსავალი წერტილი საქართველოს ინტერესებია, მაშინ კითხვაზე პასუხი მარტივია – არაფერი ღირებული. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს რევანშისტული ვნებით ატანილი, რეტროგრადული ღირებულებების მატარებელი „ვიშის რეჟიმი” მართავს – რეჟიმი, რომელიც მიზანშეუწონლად მიიჩნევს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას, მაგრამ აგრძელებს სოფლის მეურნეობისა და ელიტური ჯიშის კარტოფილის თესლების პრიორიტეტულობაზე საუბარს – მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ფორმალური თვალსაზრისით, რეჟიმი ჯერ ისევ ინარჩუნებს ლეგიტიმურობას, თუმცა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ყოველი შემდგომი ნაბიჯი, იქნება ეს ქმედება თუ უმოქმედობა, ნელ-ნელა იწვევს მისი ლეგიტიმაციის ეროზიას.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: კილოობით ნარკოტიკი მაღალტემპერატურულ ღუმელში გავანადგურეთ

კომენტარები