საზოგადოება

თანასწორობის ნაცვლად...

2014 წლის 27 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო N117 დადგენილება „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის” დამტკიცების თაობაზე.

როგორც ჩანს, არც ისე ადვილია ამოვიცნოთ ამ ნორმატიული აქტის ავტორთა გეგმები და იმედები, ასევე ის, თუ რა შედეგი იქნება მიღწეული ამ ნორმატიული აქტის არსებობით, ვინაიდან დადგენილების მეორე მუხლი, რომელიც ამ დადგენილების მთავარ მიზნებს შეეხება, აერთიანებს სამ ერთმანეთის საწინააღმდეგო დებულებას:

  1. მთავრობის მიზანია, გარკვეულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს.
  2. საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ აქვთ სამართლებრივი კავშირი საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებსა და თემებთან.
  3. მთავრობა ადასტურებს, რომ უცნობია ზემოთქმული ზიანის ზუსტი ოდენობა და, ამდენად, ზიანის ანაზღაურება განხორციელდება სიმბოლურად.

ასეთი ჩანაწერი, ნებისმიერ ნორმატიულ აქტში, ყველაზე დიდი მორწმუნისთვისაც (იგულისხმება ორივე, ღმერთისა და მთავრობის რწმენა) კი აღძრავს უხერხულ ეჭვებს, რომ ეს ყველაფერი რაღაც სხვა მიზნებისთვის კეთდება და არაა დატვირთული საჭირო გულწრფელობით.

თუმცა, ჩვენი მიზანი კონკრეტულ საკითხთან მთავრობის სულიერი დამოკიდებულების გასინჯვა არ არის, პრინციპში, ასეთ ვალდებულებებს ქვეყნის კანონმდებლობა არც უწესებს ხელმძღვანელ ამხანაგებს.

უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმ სავარაუდო შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს დადგენილების მოქმედებას.

დადგენილების მიღების მთავარი დეკლარირებული მოტივი, რელიგიური ორგანიზაციების მიმართ თანასწორი დამოკიდებულების გამოხატვაა სახელმწიფოს მხრიდან (დადგენილება გვეუბნება, რომ ის შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის, რომელიც მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპს ადგენს, მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად).

თუმცა აუცილებლად უნდა დავსვათ ერთი ძალიან არასწორი შეკითხვა. ვისთან ვცდილობთ თანასწორობის მიღწევას?

შეკითხვა არასწორია იმიტომ, რომ თანასწორობა არ შეიძლება იყოს ვინმესთან, ეს ძალიან ზოგადი და საყოველთაო ცნებაა, ამიტომ, მხოლოდ ყველასთან შეიძლება არსებობდეს.

თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ერთი რელიგიური სუბიექტი (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია), მოცემული დადგენილების მიღებამდე, სხვებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დადგენილების ავტორების მიზანია, სხვა რელიგიური სუბიექტები აიყვანონ იმავე სიმაღლეზე, რაც, ბუნებრივია, საკმაოდ ლეგიტიმური მიზანია.

თუმცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატეს მდგომარეობას განსაზღვრავს არა მთავრობის დადგენილება ან რამე სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც ნორმატიულ აქტთა იერარქიაში იდენტურ ადგილს იკავებს, არამედ ყველაზე მაღალი იერარქიის საკანონმდებლო დოკუმენტი – კონსტიტუციური შეთანხმება. შესაბამისად, სუბიექტებს შორის აბსოლუტური თანასწორობის მიღწევის იდეას, ასეთი ფორმით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ფრთხილი ოპტიმიზმით მაინც უნდა შევხედოთ.

ამ იდეას გაცილებით მეტი პრობლემები ექმნება მაშინ, როდესაც ვეცნობით დადგენილების მოქმედების სფეროს, კერძოდ:

დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე.

პრობლემა ორგვარია:

1. დადგენილებაში მოცემულია ჩამონათვალი, რაზეც ვრცელდება ეს დადგენილება და ის არ მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა რელიგიურ სუბიექტს. პრინციპში, ეს ბუნებრივიცაა – ფაქტობრივად, შეუძლებელია ყველა რელიგიური გაერთიანების ჩამოთვლა და კონკრეტულ პერიოდში ამის გაკეთება შესაძლებელიც რომ იყოს, რელიგიური სუბიექტების (გნებავთ, რელიგიების) რაოდენობის ცვალებადობის პირობებში, ვერანაირი ჩამონათვალი ვერ იქნება ადეკვატური.

2. დადგენილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ ზოგ რელიგიურ ორგანიზაციაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დადგენილების ამოქმედებამდე რელიგიური სუბიექტების რეგისტრაცია სავალდებულო არ ყოფილა, ეს იყო აბსოლუტურად ნებაყოფილობითი პროცესი, რომელიც არ უკავშირდებოდა არანაირი სარგებლის მიღებას. ამიტომაც რეგისტრირებული სუბიექტები არ წარმოადგენენ უფრო კვალიფიციურ, უფრო გამოცდილ ან უფრო მეტი დამსახურების მქონე ორგანიზაციებს, ვიდრე არარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები. რელიგიურ სუბიექტებს არ გააჩნდათ წინასწარ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეგისტრაციის გავლის გამო, მომავალში მიიღებდნენ გარკვეულ პრივილეგიებს (დაფინანსების შესაძლებლობა). შესაბამისად, დადგენილების მიღების შემდეგ, ვიღებთ სიტუაციას, როდესაც დაფინანსდება შემთხვევითი რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც არასავალდებულო მოთხოვნის პირობებში, დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად მაშინ, როდესაც სხვა მსგავს ორგანიზაციებს, სრულიად კანონიერად, იგივე არ გაუკეთებიათ ან სამომავლოდ აპირებდნენ ამის გაკეთებას. დასკვნა მარტივია, სახელმწიფო არ უნდა მოქმედებდეს (ან უნდა მოქმედებდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში) ისე, რომ მისგან მომდინარე პრივილეგიების ან შეზღუდვების შესახებ პროგნოზირება შეუძლებელი იყოს და ამ პრივილეგიების ან შეზღუდვების სუბიექტები შემთხვევითი შერჩევის შედეგად გამოვლინდეს.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია საჯარო სამართლის პირად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული არ გახლავთ (ეს არ ნიშნავს, რომ ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ არის), ამგვარი მოთხოვნა მხოლოდ სხვა რელიგიური დაწესებულებების მიმართ არსებობს.

როგორც ჩანს, ჩვენ მიერ ზემოთ გამოთქმული ფრთხილი ოპტიმიზმი, ამ გზით რელიგიურ სუბიექტთა თანასწორობის მიღწევასთან დაკავშირებით, ამ მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, სულ მცირე, ფრთხილ პესიმიზმად მაინც გადაიქცევა.

ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც რეგისტრირებულია რამდენიმე მსგავსი რელიგიური სუბიექტი, ანუ როდესაც რამდენიმე ორგანიზაცია აცხადებს პრეტენზიას თანხის მიღებაზე.

დადგენილებას, ამ კითხვაზე, ერთი შეხედვით, მწყობრი პასუხი აქვს, კერძოდ:

1. საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება დაზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემკვიდრეობის მქონე ერთ რელიგიურ გაერთიანებას.

2. თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, მათ ანაზღაურების მისაღებად 2014 წლის 1 მაისამდე უნდა განახორციელონ ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი:

ა) რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზღაურება;

ბ) შექმნან საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი და რომელიც იქნება უფლებამოსილი, სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით აწარმოოს ურთიერთობა და მიიღოს ანაზღაურება;

გ) წერილობით დაადასტურონ რომელიმე მათგანის უფლებამოსილება, იყოს შესაბამისი აღმსარებლობის წარმომადგენელი სახელმწიფოსთან და მიიღოს ანაზღაურება.

ვფიქრობ, სახელმწიფოს ზედმეტად ადვილად ეჩვენება რელიგიურ სუბიექტებს შორის მსგავსი კონსენსუსის მიღწევა. მთავრობის არგუმენტი, ამ შემთხვევის მოსაგვარებლად, დიდი ალბათობით, იქნება ის, რომ აღნიშნული დავა უნდა განიხილოს სასამართლომ, რაც, გარკვეულწილად, ალბათ დამაჯერებელია, თუმცა რა ნორმატიული აქტებით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ (მით უმეტეს, კონტინენტური სამართლის სისტემის პირობებში) აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, ამ კითხვაზე პასუხი ცოტა უფრო ძნელი იქნება.

რაც შეეხება გაცემული თანხის მიზნობრიობას, ანუ რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხები. მოგეხსენებათ, სახელმწიფო სახსრების ხარჯვა სპეციფიკური საკითხია და კანონმდებლობითაც უფრო მკაცრად რეგულირდება (მკაფიო მიზნობრიობა, ხარჯვის საჯაროობა და სხვა), თუმცა მოცემულ შემთხვევაში გვაქვს ასეთი დანაწესი:

„რელიგიური გაერთიანება, რომელიც ამ წესის შესაბამისად მიიღებს ანაზღაურებას, უფლებამოსილია, მიღებული თანხა მიმართოს საკულტო ნაგებობების ასაგებად ან შესაკეთებლად, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად, საკულტო მსახურების შესასრულებლად, ქონების შესაძენად და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად”.

საინტერესოა, რა იგულისხმება ნორმის ბოლო ნაწილში – „კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა”. თუ საჯაროსამართლებრივ განმარტებას ავიღებთ (კანონიერი დათქმის პრინციპი), იგულისხმება მხოლოდ ის საქმიანობა, რაც პირდაპირ არის განსაზღვრული კანონმდებლობით. ვინაიდან ასეთი კანონმდებლობა არ გვაქვს (არც უნდა გვქონდეს), ამ ჩანაწერის საჯაროსამართლებრივ გაგებას აზრი ეკარგება. რჩება ამ ჩანაწერის კერძოსამართლებრივი გაგება, რომელიც გვეუბნება, რომ დასაშვებია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის კანონით, როგორც ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შემთხვევაში, თუმცა ამ შემთხვევაში, გაცემული თანხის ხარჯვის მიზნობრიობის დადგენა და მისი კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ჩვენი მიზანი რომ დადგენილების ტექსტის კრიტიკა იყოს, აუცილებლად ვიტყოდით, რომ კერძოსამართლებრივი გაგების შემთხვევაში, ბოლო ნაწილი სრულიად საკმარისია და არ იყო სავალდებულო სავარაუდო საქმიანობათა ჩამონათვალის შედგენა, ვინაიდან ბოლო ნაწილი სრულად მოიცავს ყოველივეს.

თუმცა ჩვენი ინტერესი უფრო შინაარსობრივ მხარეს ეხება, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ძნელად საპასუხო შეკითხვა იბადება:

  • ვინ მიიღებს თანხას?
  • რაში დაიხარჯება ის?
  • მივა თუ არა ის კონკრეტულ მორწმუნემდე?
  • რა ბერკეტები აქვს მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სასულიერო პირი არამიზნობრივად დახარჯავს საბიუჯეტო თანხას?
  • რა ჩაითვლება მიზნობრივ (გნებავთ, არამიზნობრივ) ხარჯვად?
  • როგორ გადაწყდება მორწმუნეთა შორის დავა?
  • ხომ არ გამოიწვევს ეს ყველაფერი განხეთქილებას რელიგიურ ჯგუფებს შორის და ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?

ამ და სხვა შეკითხვებზე ეს დადგენილება არანაირ პასუხს არ იძლევა, და ეს ბუნებრივია, ვინაიდან საჯარო სამართალს უჭირს კერძოსამართლებრივ საკითხებზე პასუხის გაცემა.

ძალიან ძნელი იქნება იმის მოფიქრება, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების რომელი გზა სჯობს. ვინაიდან ასეთი დადებითი გზა, უბრალოდ, არ არსებობს, ბიუჯეტიდან გაღებული თითოეული ლარის საფუძველზე დაკმაყოფილებული ინტერესის ნაცვლად, ათჯერ მეტი პრეტენზიული ტონი გაჩნდება და, რაც მთავარია, ეს პრეტენზიები ლეგიტიმურიც იქნება.

ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ყველა რელიგიური სუბიექტი თანასწორ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ყველა მათგანისათვის საბიუჯეტო დაფინანსების მოხსნაა.

მაგრამ ეს ჩემი პოზიციაა. ბუნებრივია, ამას ბევრი, განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი მოქალაქეზე უკეთესად იცის, არ დაიჯერებს, თუმცა სულ ოდნავი დაფიქრება გვმართებს იმის მისახვედრად, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა ინტერესების დასაცავად შექმნილი ნორმატიული აქტი (საქართველოს მთავრობის N117 დადგენილება) ასე არ უნდა იწყებოდეს:

საქართველოს მთავრობა ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ ზიანს, რომელიც მიადგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში.

კომენტარები