საზოგადოება

წმინდა მამები ბრძანებენ

0 კომენტარი

ჩემს ყმაწვილკაცობაში გავრცელებული ფრაზა „ქურდებმა გადაწყვიტეს” მნიშვნელოვან აზრობრივ დატვირთვას ატარებდა. აქ იგულისხმებოდა, რომ კონკრეტულ საკითხზე ამ საკითხის მცოდნე პირებმა იმსჯელეს და სიმართლე დაადგინეს.

ეპისტემოლოგიაში ჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთ კრიტერიუმს ავტორიტეტისადმი აპელირებას უწოდებენ. იმ პირის აზრი, რომელსაც მოცემულ საკითხზე მნიშვნელოვანი გამოცდილება და საექსპერტო ცოდნა აქვს, გამოიყენება როგორც მტკიცებულების სისწორის შემფასებელი სტანდარტი.

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების საქართველოში ამგვარ „ავტორიტეტად”, ე.წ. კანონიერი ქურდი მიიჩნეოდა. მისი „ექსპერტიზა” არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ „გაგებად” წოდებული კრიმინალური მსოფლმხედველობით და ვრცელდებოდა საზოგადოებრივი ურთიერთობების მრავალ სხვა სფეროზე.

ეს იყო ხანა, როცა საბჭოურ იდეოლოგიას საზოგადოების ნდობა დაკარგული ჰქონდა და მას სერიოზულად ცოტა ვინმე თუ აღიქვამდა. მიმზიდველი იყო ყველაფერი არასაბჭოური, ოპოზიციური, ამგვარი რიტორიკა კი ფაქტობრივად არსაიდან ისმოდა. ინტელიგენცია აქტიურად თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, ხელოვანები, უკეთეს შემთხვევაში, ალეგორიულად აკრიტიკებდნენ სისტემას, დისიდენტები საჯაროდ ინანიებდნენ, ემიგრაცია უცნობი და სუსტი იყო. საზოგადოების თვალში საძულველ სისტემასთან დამპირისპირებელი მხოლოდ „კანონს მიღმა” მცხოვრები ქურდი ჩანდა. შედეგად ის მივიღეთ, რომ ქურდი, როგორც პოლიტიკური სისტემის ერთადერთი „მოწინააღმდეგე”, რაინდის შარავანდედით შეიმოსა და მორალური ავტორიტეტის ნიშა შეავსო. მოკლედ, იმდროინდელ უძაღლო ქვეყანაში კატების აყეფება ქურდისთვის ავტორიტეტის, ექსპერტის, ჭეშმარიტების კრიტერიუმის დამდგენი ინსტანციის როლის მინიჭებით გამოვლინდა.

ისიც ხაზგასასმელია, რომ ავტორიტეტად ვინმეს აღსაქმელად მისი პიროვნული მახასიათებლები – უნარ-ჩვევები, ინტელექტი, ქარიზმა, ფინანსური რესურსები და ა.შ. – გადამწყვეტ როლს არ თამაშობენ. უნივერსალური მოვლენაა, პიროვნება ან საგანი შეფასდეს არა მისი შინაგანი თვისებებით, არამედ იმით, თუ რა მდგომარეობა უკავია მას საზოგადოებრივ სივრცეში, როგორი პოზიციის სიმაღლეებიდან ხდება მისი აღქმა. მარსელ დუშამის „შადრევანი” ხელოვნების საგანია არა მისი შინაგანი მახასიათებლების გამო – ჩვეულებრივი ემალის პისუარია – არამედ იმიტომ, რომ ის აღიქმება ხელოვნების პოზიციიდან. იგივე პისუარი მუზეუმის და საგამოფენო დარბაზის მაგივრად ქუჩაში რომ დადგა, გადაგდებულ ჯართად აღიქმება. ზუსტად ასევე, ქართულ ცნობიერებას პიროვნების „გაავტორიტეტებისთვის” ამ პიროვნების მიერ კანონგარეშეს („ქურდის”) პოზიციის დაკავება სჭირდებოდა.

თუ ვინმეს თითიდან გამოწოვილ არგუმენტად ეჩვენება „ქურდის” ყოვლისმცოდნე ავტორიტეტად გადაქცევა, გაიხსენოს, რომ იმ დროს „ქურდულ ცნობიერებაზე” დაფუძნებულმა ურთიერთობებმა მრავალი სოციო-ეკონომიკური სფერო მოიცვა. „ძველბიჭური” შეხედულება სოციალურ სფეროში წარმატების მისაღწევად აუცილებელი ატრიბუტი გახდა. მორალურ-ეთიკური კრიტერიუმები „ნამდვილი ვაჟკაცი”, „იდეალური ადამიანი” ქურდული გადმოსახედიდან შეფასებას თავს ვერ არიდებდნენ. „გაგებას” შეეძლო გაემართლებინა და ეთიკურად წარმოეჩინა ნებისმიერი ქცევა. მართლწესრიგის დარღვევა (მოპარვა, აგრესია, ფიზიკური ანგარიშსწორება, ნარკოტიკების მოხმარება და ა.შ.) გადაიქცა საბჭოურ ამორალობასა და უკანონობასთან შედარებით უფრო „მაღალი” კანონიერების და მორალის გამოხატულებად. კანონგარეშეს პოზიციიდან ხდებოდა „სიბრძნის” ჩამოყალიბებაც.

ყველაფერი ზემოთ თქმული სიმპტომურად გამოვლინდა იმ ხანებში გამოცემულ „ყველაზე უფრო ქართულ” რომანად მიჩნეულ „დათა თუთაშხიაში”. ნაწარმოების პროტაგონისტი, პროფესიით ბანდიტი, „კაცობრიული სულგრძელობის და უმაღლესი ზნეობის” განსხეულებად იყო წარმოდგენილი და ასევე აღიქმებოდა მრავალი მკითხველის მიერ.

საქართველოში განვითარებული პროცესების პარალელურად, საბჭოთა ბლოკში შემავალ პოლონეთში ავტორიტეტის ადგილი დაიკავა და ერის წინამძღოლის ფუნქცია ითავა კათოლიკურმა ეკლესიამ. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ დროს ფრიად უსახურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის არანაირ სურვილს არ ამჟღავნებდა თავის სამწყსოზე გავლენის მოსაპოვებლად და მორალურ-ეთიკური კრიტერიუმების დამდგენი ინსტიტუტების, „ქურდული გაგებისა” და „კანონიერი ქურდის” ჩასანაცვლებლად.

საბჭოთა კონტროლქვეშ მყოფი და უშიშროების კადრებით დაკომპლექტებული ეკლესია სახელმწიფოს დანამატად იყო ქცეული. ეკლესია არა მხოლოდ ფიზიკურად გაანადგურეს, ის მორალურადაც გატეხეს, განსხვავებით პოლონეთის კათოლიკური ეკლესიისგან, რომელსაც ეყო შინაგანი ძალა კომუნისტურ ჯოჯოხეთს დაპირისპირებოდა.

90-იანი წლების ბოლოს სახელისუფლებო ბიუროკრატიისა და „ქურდული სამყაროს” სრულ გადაჯაჭვასთან ერთად დაიწყო ეკლესიის გაძლიერება, რაც საბოლოოდ დასრულდა ავტორიტეტის ჩანაცვლებით. „ქურდი” ეკლესიამ შეცვალა. მანამდე ხელმოცარულ ინტელიგენციასაც საშუალება მიეცა ეკლესიასთან მიტმასვნით მას დამრიგებლის როლში ჩაწილებოდა.

მართალია, „ქურდების” ფსევდოავტორიტეტი შეიცვალა ეკლესიის ავტორიტეტით, მაგრამ ერთის მენტალური წყობა მეორეთი არ შეცვლილა. ამაზე ამ ორი ინსტიტუტის მეტყველების და ქცევის მსგავსი სტილიც მიანიშნებს: აგრესიული ლაპარაკის მანერა, უხვად გაჯერებული ქუჩური სლენგით, ვულგარულობა, თავშეუკავებელი საჯარო ლანძღვა-გინება, ჭინჭყლობა, საკუთარი დღის წესრიგის სხვაზე თავს მოხვევა. ყველაფერი, რითაც ხასიათდებოდა „ქურდული”, კრიმინალური მენტალიტეტი, მართლმადიდებლური ეკლესიის ქცევის ნორმად იქცა. „ტაბურეტკიანი მღვდელი” უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი.

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში ჭეშმარიტების დამდგენ კრიტერიუმად მხოლოდ ავტორიტეტისადმი აპელირება დარჩა. თუ ადრე ავტორიტეტის სიმბოლოებს „ქურდული” რეგალიები წარმოადგენდა, ახლა ისინი მღვდლის ანაფორით თუ მონაზვნის თავსაბურავით ვლინდება. თუ ადრე სიმართლის აღქმა ქურდული პოზიციიდან ხდებოდა, ახლა ეს მხოლოდ ეკლესიის გადმოსახედიდან არის შესაძლებელი. უწინდელი „ქურდმა თქვა” „მამაომ თქვა”-მ ან „წმინდა მამები ბრძანებენ”-მა შეცვალა.

ავტორიტეტისადმი აპელირებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი აზროვნების მეთოდი გადმოცემულია ტერმინში „ტყუპნაფიქრი”. ეს ტერმინი – „doublethink” – მიმოქცევაში ჯორჯ ორუელმა შემოიტანა და პირველად რომანში „1984” გამოიყენა. იგი კარგად მიესადაგება „წმინდა მამების ბრძანებებზე” აგებულ ქართული აზროვნების წესს.

ორუელის მიხედვით, „ტყუპნაფიქრი” არის ჩვეულებრივი ადამიანის უნარი, საკუთარ ცნობიერებაში დააკავოს და თანაბრად სწორ დებულებად მიიღოს ერთმანეთთან შეუთავსებელი მრწამსი და შეხედულება. ამის მშვენიერი ნიმუშია პოსტსაბჭოური მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ სტალინის გაკეთილშობილების მცდელობა, რასაც ეხმიანება საქართველოს პატრიარქის განაცხადი იმის შესახებ, რომ „სტალინი მორწმუნე იყო ... მან გაახსნევინა სასულიერო სემინარიები და აკადემიები, რადგან ის თავად იყო სემინარიელი. მან იცოდა სასულიერო განათლების ფასი”.

პატრიარქის სიტყვებში თანაბრად სწორ დებულებად, წინააღმდეგობის გარეშე აღიქმება ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ცნებები, როგორიცაა ათეისტი და მორწმუნე, კომუნისტი და ქრისტიანი. თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებაა, რომ კომუნიზმის და ქრისტიანობის მსოფლმხედველობების შეთანხმებას ვერანაირი ლოგიკოსი და დიალექტიკოსი ვერ შეძლებს. პირველი სიცოცხლის მატერიალისტურ ახსნას ეფუძნება და მისთვის ღმერთი ილუზიაა, წარმოსახვის შექმნილია, რელიგია კი უვიცობის და შიშის პროდუქტი. ამ იდეოლოგიის ზედმიწევნით გამტარებელი სტალინი, „ჭეშმარიტი კომუნისტი”, განსაზღვრებიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ იქნება მორწმუნე. მაგრამ, „წმინდა მამების” ტყუპ-ტყუპად ნაფიქრ მენტალურ სივრცეში ლოგიკის და დიალექტიკისთვის ადგილი ძნელად მოინახება.

„ტყუპნაფიქრია” ერთდროულად იცოდე და არ იცოდე, იცოდე ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების არსებობის შესახებ და დაიჯერო ორივე. სტალინის მეთაურობით კომუნისტებმა მართლმადიდებლურ და სხვა ქრისტიანულ ეკლესიებს უზარმაზარი დარტყმა მიაყენეს: 1917 წლამდე რუსეთის იმპერიაში არსებული 57 ათასი აქტიური ეკლესია-მონასტერი სსრკ-ში რამდენიმე ასეულამდე შემცირდა. თავი რომ დავანებოთ უშუალოდ სტალინის მიერ დეკლარირებულ „ათეიზმის ხუთწლიან გეგმას” და მისი განმახორციელებელი ორგანოს „მეომარი უღმერთოების კავშირის” (Союз воинствующих безбожников) მიერ წარმოებულ ტერორს მორწმუნეების და ღვთისმსახურების მიმართ, მხოლოდ 1937 წლის წმენდის დროს 168 000 სასულიერო პირი იქნა საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაგდებული და აქედან 100 000 დაიღუპა. ამ ფაქტების არცოდნა და ცნობიერებიდან მათი განდევნა შეუძლებელია, განსაკუთრებით სასულიერო პირისთვის.

ეკლესიის განადგურების მთავარი ავტორი და არქიტექტორი სტალინი იყო, რაც თავადვე არაერთხელ სიამაყით აღუნიშნავს. იმავდროულად, ტყუპი აზროვნება იმასაც იჯერებს, რომ სტალინი მორწმუნე ღვთისმოსავი იყო, რომ მან „გაახსნევინა სასულიერო სემინარიები და აკადემიები, რადგან ის თავად იყო სემინარიელი; მან იცოდა სასულიერო განათლების ფასი”. აქ ფაქტი სწორია, ახსნა – მცდარი. სტალინმა მეორე მსოფლიო ომის დროს მართლა დაუშვა გარკვეული ლიბერალიზაცია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით – მოსახლეობის პატრიოტული მობილიზაციისთვის, ომის დამთავრებისთანავე კი ახალი ძალით შეუდგა ეკლესიის განადგურებას. თანაც, სემინარიების გახსნის ფაქტიდან გამომდინარე, რელიგიის დაუძინებელი მტერი და შენივე კოლეგების მთავარი ჯალათი გულწრფელი ცრემლით დაიტირო? „როდესაც ის გარდაიცვალა, მე სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი და ჩვენ ყველანი ვიდექით სააქტო დარბაზში და ვტიროდით, როდესაც მას ასაფლავებდნენ” – ილია მეორე. როცა ერთდროულად იცი და არ იცი, ადვილია მორალურ წინააღმდეგობას თავი აარიდო.

სტალინის რეაბილიტაციაში ჩვენი პატრიარქი რუსეთის ეკლესიის ნაკვალევს მიჰყვება, რომელმაც ეს დესპოტი კინაღამ წმინდანად შერაცხა. „ტყუპადფიქრი” მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, აზროვნების მოდუსია. ერთი და იგივე პიროვნება ერთი და იმავე ქმედებიდან გამომდინარე, შეიძლება აღქმულ იქნას როგორც ჯალათი და წმინდანი. ეს არის უნარი დაივიწყო, რაც დასავიწყებლად მოსახერხებელია და იგივე დავიწყებული კვლავ გაიხსენო, როცა ეს გასახსენებლად გამოსადეგია, და ასე მანამდე, სანამ ამას საჭიროება მოითხოვს.

„ტყუპნაფიქრია” წინასწარგანზრახულად მოიტყუო და თავადაც დაიჯერო ეს ტყუილი. ეს არის უნარი, უარყო ობიექტური რეალობის არსებობა და საჭიროების შემთხვევაში ანგარიში გაუწიო იმ რეალობას, რომელსაც უარყოფ. სამეცნიერო პროგრესი ჩაანაცვლო ზღაპრებით და მიუბრუნდე მეცნიერებას აუცილებლობის დადგომისას, „უარყო მორალი და ამორალობა მორალურობით ახსნა” (ჯორჯ ორუელი).

„ტყუპნაფიქრია” გააყალბო ფაქტები, დაწერო ახალი ნარატივი და თავადვე დაიჯერო ის ისტორია, რომელიც ეს-ესაა შექმენი. ეს არის მითოლოგიური, წარმოსახვითი, ოცნებითი აზროვნების ერთ-ერთი ფორმა.

ორუელის რომანში ხალხი სწავლობს „ტყუპადფიქრს”. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებრივ აზრს მოერგო, საერთო აზრში გაითქვიფო, კომფორტულად იგრძნო თავი და გავლენა მოიპოვო. ქართველს ამის სწავლა არ სჭირდება. მას წარმოსახვა შეუდარებლად უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე რაციონალური აზროვნება, ოცნება უფრო ეხერხება, ვიდრე რეალობის განსჯა და ეს ერთნაირად შეეხება ერს და ბერს, ხელისუფლებას და ხალხს.

სახელისუფლებო ძალისთვის, და ასეთად საქართველოში უკვე მოგვევლინა მართლმადიდებლური ეკლესია, „ტყუპადფიქრი” ტვინის გამორეცხვის, თავის მოტყუების და ძალაუფლების შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაცაა.

ძალაუფლების განმტკიცებისთვის, პირველ რიგში, რეალობის განცდა უნდა შეასუსტო და ოცნება, წარმოსახვა გააძლიერო. ეს მშვენივრად ხერხდება მცოდნის იერით ნათქვამი მანტრით ქართველის „წილხვედრობის” და „ზეციური ძალების მიწიერი საქართველოს სადარაჯოზე ყოფნის” შესახებ. ამ დროს „ტყუპადნაფიქრი” ნონსენსს სიბრძნის იერს აძლევს, „წმინდა მამების ნაბრძანებს” პლასტილინივით უცვლის ფორმას და როგორც მოეხასიათება, ისეთ დებულებას უყენებს, ურთიერთგამომრიცხავსაც კი. დიდი საფიქრი და დედუქციურად გადასამუშავებელი აქ არაფერია, ასეა და მორჩა. თანაც თავი ქუდში გაქვს, ვინაიდან „ავტორიტეტთან” დაპირისპირება ქართული ხასიათის გამოკვეთილი თვისება არ არის.

ოცნებაში მყოფთა მანიპულირება იოლია, რეგულირებული, მართული ცოდნა მხოლოდ „ტყუპნაფიქრის” გაძლიერებას უწყობს ხელს. „ურწმუნო ადამიანისთვის განათლების მიღება სახიაფათოა”, აცხადებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მართლაც ასეა. სახიფათოა თავად ამ რწმენის გამტარებელი ინსტიტუტისთვის. რწმენის დოგმებით გაკონტროლებური ცოდნა უმეცრებაა, უკეთეს შემთხვევაში, „ტყუპნაფიქრი”. უმეცრება და „ტყუპად აზროვნება” ძალაუფლების შესანარჩუნებელი მთავარი საყრდენია სახელისუფლებო ძალისთვის. ორუელის რომანში ტოტალიტარული სახელმწიფოს დევიზი, რომელსაც ყველანაირი საინფორმაციო საშუალებებით განუწყვეტლივ უმეორებს მოსახლეობას, არის „ძალა უმეცრებაშია” (Ignorance is Strength). საბედნიეროდ, ამ ლოზუნგის ქართულ შესატყვისს, „განათლება სახიფათოა”, ჯერჯერობით მსგავსი ინტენსივობის სარეკლამო დრო არ დათმობია.

„წმინდა მამების ნაბრძანები” სოციალური გარემო ჩვეული წარმოსახვის (ოცნების) კოორდინატებსაც ცვლის. ფუნდამენტური ქართული ფანტაზია, რომელიც ქართულ ნაციონალურ იდენტურობას აყალიბებს, არის ფანტაზია გოლიათთან მებრძოლი დავითის შესახებ. ქართველი, „რომელიც სულ მუდამ თავის სიმცირეს მისტირის”, დავითთან იდენტიფიკაციით ეგუება მასზე გაცილებით დიდი მტრული ძალების გარემოცვაში ყოფნას. „აწმყო მართალია არ გვწყალობს, მაგრამ დრო მოვა და როგორც დავითი ამარცხებს გოლიათს, ჩვენც აღმატებულ მტრულ ძალებზე გავიმარჯვებთ”. დავითის და გოლიათის მითი, ისევე, როგორც მიჯაჭვული ამირანისა, მოქმედებისკენ არის მიმართული. აქ, მიწაზე, უნდა იმოქმედო, რომ ჯაჭვები გაწყვიტო, გოლიათი დაამარცხო. კანონიერი ქურდიც კი ჭარბ ძალასთან დაპირისპირებულ „დავითად” მოიაზრებოდა და ნაწილობრივ აქედანაც იღებდა დაფასებას.

მამაოების გაავტორიტეტება ამ ძირეული ქართული ფანტაზიის ცვლილებას თხოულობს. პოლიტიკურ რეალობაში საქართველოს, როგორც გოლიათთან მებრძოლი დავითის იმიჯი წარსულს ჩაბარდა. რუსეთი „ბრძენ და გულისხმიერ მეზობლად” გადაიქცა, დასავლეთის (ან, თავად ყოფილი პრეზიდენტის) გოლიათად აღქმა სიზმარშიც კი ძნელად წარმოსადგენი აბსურდია. წარმოსახვის სფეროს რაც შეეხება, ისევ პატრიარქს მოვუსმინოთ: „საქართველო მარიამ ღვთისმშობლის კუთვნილი ქვეყანაა და მარიამ ღვთისმშობელი არ დაუშვებს მის დანაწევრებას”. ანუ, საქართველოს ბედი უკვე გადაწყდა ზეცაში მის საკეთილდღეოდ. თუკი ასეა, მაშინ რაღა აზრი აქვს მოქმედებას, ბრძოლას, გოლიათის დამარცხებისკენ სწრაფვას, ჯაჭვების გაწყვეტას და ა.შ.?

ოცნება, რომელიც ასე თუ ისე განსაზღვრავდა ქართველს, რომლის შინაგანი მუხტი მოქმედებისკენ გიბიძგებდა, იცვლება უმოქმედობის, თვითკმაყოფილებაში ჩაძირვის ფანტაზიით. მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები ვართ, „გადავრჩებით”, ზეციურმა საქართველომ ასე გადაწყვიტა. როცა ქართველობა თავისთავად არის „გადარჩენის” მანდატი, მიწიერ ძალისხმევას აზრი ეკარგება. ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია და ყოველდღიურად მოცოცავს საზღვარი სახელმწიფოს შიგნით? ეგ არაფერია, „ღვთისმშობელი ჩვენი ქვეყნის დანაწევრებას არ დაუშვებს”. „ომის ბედი ცაში წყდება. ომს ჯერ ბერები (სულიერ ღვაწლში დაბრძანებულები) იგებენ, მერე კი ხილული (პოლიტიკური) გამარჯვება მიწაზე ხდება” – როგორც „უხილავ პატრიარქად” შერაცხული, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ერთი ქართველი მღვდელი ამბობდა. იმავე მღვდლის განმარტებიდან: „ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, და ჩვენ დამხობა არ გვიწერია... საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..”

სულიერ ღვაწლში დაბრძენებულ მღვდლებზე იჯარით თუ არის გადაცემული „ქვეყნის გადარჩენა”, უბრალო მოკვდავის სარეალიზაციოდ და საოცნებოდ რაღა უნდა დარჩეს ყოფითი პრობლემების მოგვარების გარდა?

დედა პარასკევას სიზმარი ოცნებად წოდებული პოლიტიკური ძალის მიერ დასრულებული მამაოების გაავტორიტეტების ლოგიკური დასასრულია. „უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა” იმედზე მყოფი „ტყუპადმოაზროვნე” საკუთარი თავის ტკბობაში ჩაფლული საზოგადოების გროტესკული გააქტიურება სამეფო კარის ინტრიგებით, ლეგიტიმური ტახტის მემკვიდრეების კალეიდოსკოპური ცვლილებებით, ჩოხა-ახალუხ-ჩიხტიკოპის გაფეტიშებით, სერიოზული იერის მქონე მოწიფული მამაკაც-დედაკაცების მიერ უწლოვანი „მემკვიდრის” ხელზე კოცნაში შეჯიბრებებით, რაინდ-მანდილოსნის თითქოსდა „კაცია-ადამიანიდან” გადმოსული სცენების აფიშირებით იმ საზიანო ფსიქოლოგიური გარემოს შედეგია, რასაც „წმინდა მამების ნათქვამი” გარემო წარმოშობს.

დღევანდელი ქართველობის ზუსტი მეტაფორა ტაბურეტკამოღერებული პარასკევაა. ამ მეტაფორის შეცვლაზე გადის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა, შესაძლოა, უფრო ძნელიც, ვიდრე გარეშე ძალასთან პირდაპირი შეტაკებაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები