ერეკლე კოდუას საქმე

სასამართლომ ერეკლე კოდუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოდ-ის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ერეკლე კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პროკურორების განცხადებით, შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქართველო 2012 წლის 6 ოქტომბერს დატოვა. მათი თქმით, კოდუამ საქართველოს საზღვარი სწორედ 2012 წლის ოქტომბერში  გადალახა და მას შემდეგ, მისი ქვეყანაში შემოსვლა აღარ ფიქსირდება.

პროკურორებმა აღნიშნეს, რომ ერეკლე კოდუა ფლობს დიპლომატიურ პასპორტს და აქედან გამომდინარე, მას საზღვარგარეთ გადაადგილება გაუადვილდება. ადვოკატების თქმით კი, მათთვის კოდუას ადგილსამყოფელი უცნობია.

ერეკლე კოდუაზე ძებნა გამოცხადდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისისთვის ჩაინიშნა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას ბრალი 17 მარტს წარუდგინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.

კომენტარები