ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი

შიხიაშვილი: ე.წ. ხრუშჩოვკების საკითხში მერია დროულად უნდა ჩაერთოს

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ხრუშჩოვკებთან დაკავშირებულ საკითხში თბილისის მერია დროულად უნდა ჩაერთოს. მისი თქმით, მერიის თანამონაწილეობის გარეშე პროცესი ჩიხში შევა.

„საკრებულომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მერია დროულად ჩაერთვება პროცესში, რადგან თქვენი თანამონაწილეობის გარეშე იგი ჩიხში შევა. ახალი კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს განვითარების შესაბამისი გეგმა და ამ გეგმით განისაზღვროს საპილოტე პროექტის განხორციელების ასპექტები. სამწუხაროა, რომ მერიის ყურადღება მხოლოდ ბოლო აქტივობებმა მიიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კონსულტაციები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც“, -აცხადებს შიხიაშვილი.

შიხიაშვილის თქმით, საკრებულოს მიზანია, მოახდინოს იმ საკითხების აქტუალიზაცია, რომელიც, წლების მანძილზე, მერიის მხრიდან არასათანადოდ იყო აქცენტირებული და უყურადღებოდ მიტოვებული.
„ამორტიზირებული საცხოვრებელი კორპუსები და სახლები სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიტოვებული საკითხია. 2014 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შენობების შეკეთება-გამაგრებების არსებული პრაქტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში უნაყოფოა, ახდენს პრობლემების მიჩქმალვას და არა მოგვარებას. 
შესაბამისად, ვითარება ყოველწლიურად არსებითად მწვავდება. იწვევს შეკეთებაზე უფრო და უფრო მეტი ასიგნების მიმართვის აუცილებლობას, მაგრამ მაინც ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა საკუთრების ღირებულების არათუ ზრდას, შენარჩუნებასაც კი. დღეს შექმნილია ვითარება - 174 000 თბილისელი, აქედან 111 000 მარტო ე.წ. ხრუშჩოვკებში მცხოვრები, საცხოვრებლის დაკარგვის რისკის წინაშე დგას“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

მისივე თქმით, თბილისის, როგორც ევროპული დედაქალაქის არსებითი მოდერნიზაციის მიზნით, მდგრადი განვითარების სრულიად ახალი კონცეფციის ჩამოყალიბება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

შიხიაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნით, საკრებულოს ხელმძღვანელობა, შესაბამისი კომისიებისა და თემატური პროფესიონალების: ურბანისტების, არქიტექტორების, აქტიური ჩართულობით, სპეციალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, კონსულტაციებს სხვადასხვა ქვეყნების დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლებთან ატარებს.

„მრავალმხრივი მემორანდუმების პრაქტიკა, რომელიც ჩვენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დავნერგეთ, დეველოპერულ და საკონსულტაციო კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჩვენი მიზნები დოკუმენტალურად დაუდასტურონ პარტნიორებს და საფინანსო ინსტიტუტებს, რაც არსებითად ამაღლებს ასეთი პროგრამების განხორციელების შანსს და, პარალელურად, რესურსების მოსაზიდად კონკურენტულ გარემოს ქმნის.
მაგალითად, ჩინეთში განხორციელებული მასშტაბური დეველოპერული პროექტების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქალაქ გუანჯოუსთან გაფორმდა ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცების მემორანდუმი, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს გაერთიანებული არაბული საემიროების საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად.
საბჭოთა პერიოდის პროექტების კორპუსების რეაბილიტაციის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს კიდევ ერთი მემორანდუმი ჩეხურ მხარესთან. 
ყველა ეს პროცესი თავის დროზე გაშუქდა მედიაში, მაგრამ მერია ცდილობს ვითარების ისე წარმოდგენას, თითქოს საკრებულო ინფორმაციას უმალავს საზოგადოებას“, - აცხადებს შიხიაშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით,  თბილისელებისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი პროგრამის პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში განხილვა დაუშვებელია.

„უფრო მეტიც, მერიის მხრიდან დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებმა, რაც შეიძლება მალე იხილონ მისი განხორციელების შედეგები.
 საერთაშორისო ბიზნესწრეებთან ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა თბილისის აქტუალური პრობლემების გადაჭრის მიზნით მაქსიმალურად ეფექტური ბიზნესმოდელისა და თანმდევი პროექტების შერჩევა მოხდეს'',–განაცხადა შიხიაშვილმა.

ცნობისთვის, საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი შენობების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციასაც გულისხმობს. როგორც საკრებულოში განმარტეს, ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი მთელი თბილისის მასშტაბით იგეგმება. 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები