ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი

აბესაძე: ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტი მორიგ შეუსრულებელ დაპირებას ჰგავს

droanews.ge

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტი ქართული ოცნების მორიგ შეუსრულებელ დაპირებას ჰგავს.

„სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ ჰგავს ქართული ოცნების მორიგ შეუსრულებელ დაპირებას, რომლითაც ხელ-ფეხი მხოლოდ და მხოლოდ წვრილ-წვრილ თაღლითებს ეხსნებათ, ისარგებლონ და ხელი მოითბონ თბილისელების ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჩვენ დღეს კიდევ  ერთხელ ვიხილეთ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც კითხულობდა, თითქოს მის  მიერ გაფორმებულ მემორანდუმებთან დაკავშირებულ ინფორმაციას,  რომლის ხელმოწერის უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობით მას არ გააჩნდა. რაც მთავარია, მათი შინაარსი დღემდე არ გასაჯაროებულა. არც საზოგადოებას და არც თბილისის მერიას არ აქვს ინფორმაცია, რაზე აწერს ხელს თბილსის  საკრებულოს თავმჯდომარე“,-აცხადებს აბესაძე.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გასული წლების განმავლობაში დედაქალქში თბილისის მერიამ  ქალაქის მოდერნიზაციისათვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. „შესაბამიად, ამაში საკრებულოს თავმჯდომარის მოწოდება თბილსის მერიას არაფერში ჭირდება“,-თქვა აბესაძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ხრუშჩოვკებთან დაკავშირებულ საკითხში თბილისის მერია დროულად უნდა ჩაერთოს. მისი თქმით, მერიის თანამონაწილეობის გარეშე პროცესი ჩიხში შევა.

„საკრებულომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მერია დროულად ჩაერთვება პროცესში, რადგან თქვენი თანამონაწილეობის გარეშე იგი ჩიხში შევა. ახალი კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს განვითარების შესაბამისი გეგმა და ამ გეგმით განისაზღვროს საპილოტე პროექტის განხორციელების ასპექტები. სამწუხაროა, რომ მერიის ყურადღება მხოლოდ ბოლო აქტივობებმა მიიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კონსულტაციები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც“, -აცხადებს შიხიაშვილი.

შეგახსენებთ, საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი შენობების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციასაც გულისხმობს. როგორც საკრებულოში განმარტეს, ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი მთელი თბილისის მასშტაბით იგეგმება. 

 

 

 

 

 

კომენტარები