ზურაბ ჟვანიას საქმე

ბარამიძე: მორჩით ჟვანიას სახელით და გარდაცვალების თემით ბინძურ სპეკულაციას

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციად და ცილისწამებად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებას როგორც კი პოლიტიკურად გაუჭირდება, ცდილობს ახალ თემად შემოაგდონ ის მასალები, რაც დიდი ხანია აქვს.

"ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების დასრულება მთლიანად ხელისუფლების ხელშია და პოლიტიკური სპეკულაციისა და ცილისწამების გავრცელების მიზნით, როცა კი პოლიტიკურად გაუჭირდებათ, ცდილობენ ახალ თემად შემოაგდონ ის მასალები, რაც პროკურატურას დიდი ხანია აქვს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ მთავრობისაგან, დასრულდეს გამოძიება და უთხრან საზოგადოებას სიმართლე. ეს ახლა ამ მთავრობის პასუხისმგებლობაა. დაასვენეთ ზურა საფლავში და მორჩით მისი სახელით და გარდაცვალების თემით ბინძურ სპეკულაციას", - თქვა ბარამიძემ.

გუშინ, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania(სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები. ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.

ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

კომენტარები