უმცირესობები საქართველოში

პრეზიდენტი აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამს, იეზიდებს - კლოჩე სარე სალეს ულოცავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი გარდაბნიდან მიულოცა. პრეზიდენტი გარდაბნის კულტურის ცენტრში სადღესასწაულო კონცერტს დაესწრო.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღესასწაულს. დღესასწაულს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ახლის დაწყებას, ვზეიმობთ იმას, რომ რაც უნდა სირთულეები და გასაჭირი იყოს, ყოველ წელს მოდის გაზაფხული, ყოველ წელს მოდის მომენტი, როდესაც ჩვენ იმედით, სიყვარულით, ახლის შენების ემოცია გვიჩნდება. თქვენთან ერთად ვარ დღეს და მეამაყება, რომ დღეს ვდგავართ საქართველოს მოქალაქეები - ქართველები და აზერბაიჯანელები და ვაშენებთ ჩვენს მშვენიერ სახელმწიფოს, ჩვენს მშვენიერ ქვეყანას. ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ველით ძალიან დიდ წარმატებებს, რომელთაც ძალიან მალე მივაღწევთ ყველანი ერთად. ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ბაირამის დღესასწაულს, ეს არის გაზაფხულის დღესასწაული, ახლის დაწყების დღესასწაული და მიხარია, რომ ყველანი ერთად, დღეს ვართ ერთიანი ამ სიხარულში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს ახალი წლის დღესასწაული - კლოჩე სარე სალე მიულოცა. მილოცვის ტექსტი პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"საუკუნეთა განმავლობაში, ამ შესანიშნავ დღეს თქვენ ზეიმობთ გაზაფხულის შემობრძანებას - აღორძინების, განახლების, სულის სიმტკიცისა და ტრადიციების გაგრძელების სიმბოლურ დღესასწაულს. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ჩვენი საერთო ქვეყნის აღმშენებლობაში შეგაქვთ. იეზიდთა ერთგულება და მაღალი სამოქალაქო შეგნება უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ულამაზესი ტრადიციები და თვითმყოფადობა, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებთ და განამტკიცებთ, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. დღეგრძელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები