TV MR საქართველოს დაჯარიმება

შემოსავლების სამსახური: ჩვენი როლი TV MR-ის მუშაობის შეფერხებაში გამორიცხულია

შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიეის რეიტინგის დამთვლელი კომპანია TV MR საქართველოს მუშაობის შეფერხებაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების როლი გამორიცხულია. როგორც მოისწრაფიშვილი ამბობს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს TV MR საქართველოში  მხოლოდ ამ კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან აქვთ შეხება და ეს  TV MR საქართველოს მუშაობის შეფერხების მიზეზი ვერ იქნება. 

„რაც შეეხება გავრცელებულ განცხადებას სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ ის, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს კომპანიაში შეხება აქვთ მხოლოდ ამ კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან, რაც კომპანიის სამუშაო რეჟიმის შეფერხების მიზეზი ვერაფრით ვერ იქნება. ისინი დოკუმენტებთან მუშაობენ და არა იმ ტექნიკურ საშუალებებთან, რითაც ეს კომპანია საკუთარ საქმიანობას ახორციელებს. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების როლს კომპანიის შეფერხების პროცესში მთლიანად გამოვრიცხავ“,-აცხადებს მოისწრაფიშვილი.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საკუთარ უფლებამოსილებას და კანონით დაკისრებულ ფუნქციებს  მხოლოდ სამუშაო საათებში და იმ პერიოდში ახორციელებენ, როდესაც კომპანიაში TV MR საქართველოწარმოამდგენლები არიან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ TV MR საქართველო საქმიანობას დროებით აჩერებს. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეგავრცელდა. TV MR საქართველო ამის მიზეზად გახშირებულ დაკითხვებს და მოდემების ფუნქციონირების შეწყვეტას ასახელებს. 

ცნობისთვის, 17 მარტს, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. დამკვეთი კომპანიების განცხადებით, მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა. ტელეკომპანიებმა და სარეკლამო სააგენტოებმა 18 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევდა TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებას.

კომენტარები