ნოვრუზ ბაირამი

პრემიერმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მან მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას განსაკუთრებული ხალხი უწოდა და თქვა, რომ ისინი განსაკუთრებით მშრომელი ადამიანები არიან.

“გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, ამ ლამაზ დღესასწაულს, გაზაფხულის განახლების, სიცოცხლის და სიყვარულის დღეს. მე ვუერთდები დღეს თქვენს ზეიმს, მთელი გულით ვიზიარებ თქვენს ამ სიხარულს. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები. ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთად შრომობდნენ, ერთად ემსახურებოდნენ ჩვენს სამშობლოს - ჩვენს საქართველოს. ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირს და ლხინს. ასე იყვნენ ჩვენი წინაპრები, ასე ვართ ჩვენც და მე მჯერა, რომ ასე იქნება, ასე გაგრძელდება, ჩვენი შვილები გააგრძელებენ ამ ტრადიციას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ და პირადად მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ, გავაკეთებ ყველაფერს, რომ თქვენი შრომა დავაფასო ადეკვატურად და ჯეროვნად. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენმა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა, ის, რაც შეიქმნება ჩვენს სამშობლოში. ჩვენ გვინდა, რომ თქვენს შვილებს ჰქონდეთ სწავლისა და განვითარების პირობები. მიხარია, რომ აქაური ახალგაზრდობა ძალიან მონდომებულია იცოდეს ქართული ენა”, - აღნიშნა პრემიერმა და ადგილობრივებს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ სახელმწიფო ენის შესწავლის პროექტებში, რადგან ქართული ენის ცოდნა მათ დაეხმარება სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში, უმაღლესი განათლების მიღებაში და საბოლოოდ ისინი შეძლებენ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მშენებლობაში.

კომენტარები