ზურაბ ჟვანიას საქმე

ფანჯიკიძე ჟვანიას საქმეზე: ყველამ უნდა დააცადოს პროკურატურას მუშაობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ პროკურატურას აქვს გეგმა თუ როგორ წარმართოს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება. მისი თქმით, გავრცელებული ფოტოკოლაჟი ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

"მე ახლა ამ საქმის ვერანაირ დეტალზე ვერ ვილაპარაკებ, ერთი, რომ ჩემი საქმე არ არის და თან, არც გამაჩნია კომპეტენტური ცოდნა იმისა თუ როგორ უნდა შეფასდეს გინდაც გამოქვეყნებული ფოტო თუ რაიმე სხვა სამხილი. მე შემიძლია ვილაპარაკო მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიციიდან, რომლისთვისაც ძალიან მძიმე იყო იმის ნახვა, რაც შემოგვთავაზა ინტერნეტსივრცემ. მე გამოვთქვამ ერთადერთ სურვილს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამდენი წლის მერე უნდა დასრულდეს ამ თემაზე არაჯანსაღი აჟიოტაჟი და უნდა გაირკვეს თუ რა ვითარებაში გარდაიცვალნენ ბატონი ზურაბ ჟვანია და ბატონი უსუპოვი. ეს არის ახლა მთავარი, ყველამ უნდა დააცადოს პროკურატურას მუშაობა. იმედი მაქვს, რომ მუშაობა მალე დასრულდება, ამ სიბნელით მოცულ საქმეს ნათელი მოეფინება და  ჩვენ აღარ გვექნება შეკითხვები ამ საქმეზე. მაგრამ ის ფოტოები, რომლებიც ვნახეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ თუ ის ყველაფერი რაც აქამდე ვიცოდით,  მართალი გვეგონა, ეს ასე არ ყოფილა. ეს ფოტოები ადასტურებს უფრო სხვა რამეს, ვიდრე ის ვერსია, რომელიც აქამდე არსებობდა საზოგადოებაში" - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

ამასთან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა და ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა.

 

კომენტარები