Twitter თურქეთში

თურქეთში ტვიტერი დაბლოკეს

თურქეთში სოციალური ქსელი ტვიტერი დაბლოკეს. თურქეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, ტვიტერის მოხმარება იმიტომ აიკრძალა, რომ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევდა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თურქეთში მიიღეს კანონი, რომელიც თურქეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აძლევს უფლებას, დაბლოკონ საიტები, რომლებიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევს. 

BBC-ის ცნობით, ტვიტერის დაბლოკვას წინ უძღოდა, პრემიერ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირობა, რომ "ტვიტერს აღმოფხვრიდა”.

”არ მაინტერესებს, რას ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ყველა დაინახავს თურქეთის რესპუბლიკის ძალას" - თქვა ერდოღანმა. ეს მან მას შემდეგ განაცხადა, რაც მომხმარებლები ტვიტერზე აზიარებდნენ მტკიცებულებებს, რომლებიც პრემიერის კორუფციასთან კავშირს ასახავდა.

პრემიერის ოფისის განცხადებით, ტვიტერმა არ უპასუხა თურქეთის სასამართლოს მოთხოვნას, წაეშალა ბმულები, რამაც ანკარას მოქმედება აიძულა.

ტვიტერს აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

2010 წელს თურქეთმა გააუქმა აკრძალვა Youtube-ს მოხმარებაზე. მანამდე, 2 წლით ადრე, საიტი დაიბლოკა იმ მიზეზით, რომ ქვეყნის დამაარსებელ მუსტაფა ქემალ ათათურქზე შეურაცხმყოფელი მასალა ვრცელდებოდა.

კომენტარები