თბილისის საკრებულო

საკრებულოს თავმჯდომარე სამი გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

0 კომენტარი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მერის მოვალეობის შემსრულებელს სევდია უგრეხელიძეს საბურთალოს, კრწანისისა და ისნის გამგებლების თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს. ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ისინი პარტიულ აქტივისტებს კანონის დარღვევით აფინანსებენ. საკრებულოს თავმჯდომარე გუშინდელ აქციას საკრებულოს სარევიზიო კომისიაზე ზეწოლად აფასებს.

შიხიაშვილის თქმით, ხათუნა ბერძენიშვილს, გია ხუროშვილს და თორნიკე ხუციშვილს საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ გამოვლენილი ფაქტების შედეგად შეეშინდათ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, გამგებლებმა სამუშაო საათებში საკრებულოს წინ პოლიტიკური აქცია გამართეს.

"გუშინ საკრებულოს წინ აქცია ინსპირირებული და ორგანიზებული იყო აღნიშნული გამგებლების მიერ, ეს გამგებლები პასუხისმგებელი ბოსები არიან და ნაციონალური მოძრაობის მანტია ვერ მოიხსნეს. შესაბამისად, გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი, დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი და შეუფერებლად იქცეოდნენ", - ამბობს შიხიაშვილი და გამგებლებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გამგებლებმა აქციისათვის საჭირო გახმოვანების ტექნიკა გამგეობის მანქანებით მიიტანეს საკრებულოსთან. 

საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ სევდია უგრეხელიძე არ გაითვალისწინებს მის მოთხოვნას, მაშინ მერის მოვალეობის შემსრულებელს აქციის ხელშემწყობად და თანამზრახველად მიიჩნევს.

ამასთან, დღეს საკრებულოში ირაკლი შიხიაშვილმა 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნები გააცნო, რომელიც საბურთალოსა და კრწანისის რაიონების გამგეობებში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ეხებოდა.

კრწანისის რაიონის გამგებელმა და მოსახლეობის ნაწილმა თბილისის საკრებულოსთან აქცია გუშინ გამართეს. პროტესტის მიზეზი საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამართული ბრიფინგი გახდა, რომელზეც მიხეილ ქავთარაძემ რაიონის გამგებელი სოციალური დახმარებების პოლიტიკური ნიშნით გაცემაში დაადანაშაულა. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კრწანისის რაიონის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დოკუმენტების გაყალბებას აიძულებდა.
მიხეილ ქავთარაძის მტკიცებით, კრწანისის რაიონის გამგეობამ 355 სოციალურად დაუცველ პირზე დარღვევებით გასცა სოციალური დახმარებები.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით კი, მათ ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და დახმარება განცხადების საფუძველზე მიიღეს.

რაიონის გამგებელმა ხათუნა ბერძენიშვილმა მიხეილ ქავთარაძე ცილისწამებაში დაადანაშაულა და მისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. კრწანისის რაიონის გამგებელი იმ 350 ბენეფიციარის ვინაობის გამჟღავნებას გეგმავს, რომლებმაც საკრებულოს მტკიცებით, სოციალურად დაუცველის დახმარება დარღვევით აიღეს. ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებით, საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრები, სასურველი განცხადების გაკეთების მიზნით ბენეფიციარებს ემუქრებოდნენ.

მოგვიანებით, აქციამ მედიაჰოლდინგ პალიტრასთან გადაინაცვლა, სადაც აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მიხეილ ქავთარაძე იყო მიწვეული. თუმცა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იქ არ მისულა და გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები