TV MR საქართველოს დაჯარიმება

TV MR-ი და შემოსავლების სამსახური ინვენტარიზაციაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი კომპანია  TV MR საქართველო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინვენტარიზაციის პროცესის შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებენ. შემოსავლების სამსახური TV MR საქართველოსგან იმ ოჯახების მისამართებს ითხოვს, სადაც ფიფლმეტრებია განთავსებული.

„ჩვენ აუდიტის დეპარტამენტს   უკვე გადავეცით  სიები კონკრეტულად  კოდების მითითებით ამ აპარატურის და შერჩევითად, აუდიტის დეპარტამენტს 10 %-ის ფარგლებში შევთავაზეთ, რომ  თვითონ შეერჩია რომელი ოჯახების დათვალიერება და გასაუბრება სურდა. იმედი გვაქვს, რომ ამ მოლაპარაკებებიდან  დადებითი შედეგები გვექნება“,-აცხადებს TV MR საქართველოს იურისტი ქეთევან ქვარცხავა.

TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებამ უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა ტელეკომპანია მაესტროს მუშაობაზე. მაესტრო რეკლამის შემკვეთებთან სხვა მექანიზმებზე გადასვლის მიზნით მოლაპარაკების გამართვას აპირებს.  ამის შესახებ ტაბულას მაესტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ ილია კიკაბიძემ განუცხადა. მისი თქმით, მაესტროს რეიტინგების არქონის გამო შეფერხებები საწარმოო პროცესშიც ექმნება.  

კომპანია TV MR საქართველოს  მუშაობის შეჩერებას სახალხო დამცველი ეხმაურება.  უჩა ნანუაშვილის თქმით, საკითხს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის.

TV MR საქართველომ საქმიანობა გუშინ დროებით შეაჩერა. კომპანიამ ამის მიზეზად გახშირებული დაკითხვები და მოდემების ფუნქციონირების შეწყვეტა დაასახელა.

შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ TV MR საქართველოს მუშაობის შეფერხებაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების როლი გამორიცხულია. როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს TV MR საქართველოში მხოლოდ ამ კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან აქვთ შეხება და ეს  TV MR საქართველოს მუშაობის შეფერხების მიზეზი ვერ იქნება. 

ცნობისთვის, 17 მარტს, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. დამკვეთი კომპანიების განცხადებით, მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა. ტელეკომპანიებმა და სარეკლამო სააგენტოებმა 18 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევდა TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებას.

 

 

კომენტარები