ზურაბ ჟვანიას საქმე

ზოდელავა: მასალა უნდა ყოფილიყო დაცული და არ უნდა ყოფილიყო Youtube-ზე

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ მის კაბინეტში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი ინახებოდა და ეს ლეგიტიმური იყო. ზოდელავამ რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. „ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ვინაიდან ამ მასალებს ვინახავდით სეიფში და არა Youtube -ზე“,-აღნიშნა ზოდელავამ.

ზოდელავამ ვერ დააკონკრეტა, იყო თუ არა Youtube -ზე გავრცელებული ფოტომასალა ჟვანიას საქმეში, რომელიც მან მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში დატოვა.

„აქ ინახებოდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის არსებითი და განუყოფელი ნაწილი. მე დავტოვე სეიფში,ზურაბ ჟვანიას საქმის მნიშვნელოვანი მასალა: ეს იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფირი, ფოტომასალა, ოღონდ ეს ყველაფერი იყო ელექტრონული საშუალებებზე დამაგრებული და არა ალბომი სურათებით, ეს იყო ასევე გვამების სამედიცინო ექსპერტიზა, ყველა პროცედურა, რომელიც გამოძიების მიერ განხორციელდა, რომელსაც ესწრებოდნენ პროკურორები, შესაბამისი უფლებამოსილი პირები. მასალები მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამიტომ ინახებოდა ჩემს სეიფში- ყველაზე დაცულ კაბინეტში მთავარი პროკურატურის შენობაში. ეს მასალა უნდა ყოფილიყო აუცილებლად დაცული და არ უნდა ყოფილიყო youtube-ზე“,-აცხადებს ზოდელავა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ წლინახევრის წინ ისეთი რამ აღმოაჩინეს, რაც სკანდალური, მნიშვნელოვანი და გამოძიების არსებულ ვერსიაში გარკვეული სიახლის შემტანი იქნებოდა, ამას მაშინვე გაასაჯაროებდნენ.  

„კიდევ უფრო დიდი აბსურდია: დღეს ცდილობენ, დამიმტკიცონ, რომ მე კბილაშვილს, ფაქტიურად, ჩემი მამხილებელი მასალაც დავუტოვე. პროკურატურა დღეს საუბრობს იმაზე, რომ თითქოს მათ აღმოაჩინეს ისეთი სურათები , რომლებიც ადასტურებენ, რომ ვერსია არის მცდარი, რომ იყო რაღაც ძალადობრივი მოქმედებები და ეს არის თითქოს სიახლე. თუ მე მედო სეიფში ასეთი მასალა, მე ბუნებრივია ეს უნდა დამერთო გამოძიებისთვის და სხვა ვერსიაც უნდა დამუშავებულიყო, შესაბამისად მე ეს არ გავაკეთე, ესე იგი ჩავიდინე დანაშაული -თუ მე იმდენად იდიოტი ვარ, რომ ეს ჩემი მამხილებელი და ზოგადად გუნდის მამხილებელი მასალა არჩილ კბილაშვილს დავუტოვე, ყველანაირი ბრალდება შეიძლება მივიღო, მაგრამ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ მე არ მაქვს არანაირი IQ და მე ვარ იდიოტი - ამ ბრალდებას ვერ მივიღებ“,-განაცხდა ზოდელავამ.

შეგახსენებთ, რომ YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა. ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. 

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ. ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ზოდელავა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების Youtube-ზე გავრცელებული ფოტოკოლაჟის გამო გუშინ დაკითხეს. მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მან პროკურატურას მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც სწორად მიაჩნია.

კომენტარები