ზურაბ ჟვანიას საქმე

ზოდელავა: ჟვანიას საქმის დელიკატური და არადელიკატური ნაწილი გამოძიებული იყო

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი იმ დელიკატური მომენტების გამო არ უნდა გასაჯაროებულიყო, რომელიც აღნიშნულ  საქმეში არსებობდა. ამის შესახებ ზოდელავამ რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში ისაუბრა. ყოფილმა პროკურორმა არ დააკონკრეტა, გაეცემა თუ არა ყველა კითხვას პასუხი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ეს ნაწილი გასაჯაროვდება.

"ჩვენს პერიოდში იყო კონსენსუსი იმაზე, რომ არ უნდა გაგვესაჯაროებინა ეს ნაწილი სწორედ იმ დელიკატური მომენტების გამო, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეში იყო. საზოგადოებას შეიძლება ბევრი კითხვა ჰქონდეს. ჩვენი არჩევანი იყო ის, რომ პირველ რიგში ჩვენ პატივი ვეცით საქართველოს სახელმწიფოს. თანამდებობის პირი იყო ეს ადამიანი და ჩვენ ეს დელიკატური მომენტები, რაც იქ იყო, მივიჩნიეთ, რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ რაღაც ჭორებს მმართველი გუნდისთვის  ზიანი გამოეწვია. მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი. მე ამაზე არ უნდა ვილაპარაკო. ვიყავი პროკურორი, ჩემს თანამდებობას  ვეკიდებოდი სრული პასუხისმგებლობით, ყოველ შემთხვევაში, წლინახევრის შემდეგ ჩემს სეიფში არაფერი მიპოვია.

მე პასუხისმგებლობა, ვალდებულება მაკისრია, რომ იმ საქმეზე, რომელზეც მე ინფორმაცია  მიმიწვდებოდა როგორც პროკურორს, კონფიდენციალურობა უნდა შევინარჩუნო.თუ დღევანდელი პოლიტიკური გუნდი გადაწყვეტს, რომ ეს საქმე გახდეს საჯარო, გადაწყვიტონ. ეს მათ ხელეწიფებათ, ეს მათი არჩევანი იქნება.

დელიკატური არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება მას გვერდს აუვლის. დელიკატური ნაწილიც, არადელიკატურიც, ყველაფერი გამოძიებული იყო. ეს ყველაფერი ედო საფუძვლად დღესაც არსებულ ვერსიას. ეს ვერსია არავის არ უარყვია, არანაირი მტკიცებულება არავის არ დაუდია, ეს ყველაფერი არის ფარსი, რაც ხდება ახლა“,-აღნიშნა ზოდელავამ. 

შეგახსენებთ, რომ YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა. ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. 

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ. ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ზოდელავამ კომენტარი გააკეთა პროკურატურის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში საქმისგან განცალკავებით, სეიფში აღმოაჩინეს.

"ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა ჩემს პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე. უნდა აღინიშნოს, რომ ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებული დელიკატურობით გამოირჩეოდა, ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში - მთავარი პროკურორის კაბინეტში, სეიფში. ეს იყო, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, აქ იყო ფოტო და ვიდეომასალა არა მარტო შემთხვევის ადგილზე გადაღებული, არამედ შემდგომ სამედიცინო ექსპერტიზის და სხვა პროცედურების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. თითქმის წელიწად-ნახევრის წინ, ისევე როგორც ჩემი კაბინეტი, ასევე, ბუნებრივია, ეს სეიფი და მასალები გადაეცა ახალ მთავარ პროკურორს", - განაცხადა ზოდელავამ.

ზოდელავა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების Youtube-ზე გავრცელებული ფოტოკოლაჟის გამო გუშინ დაკითხეს. მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მან პროკურატურას მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც სწორად მიაჩნია.

კომენტარები