TV MR საქართველოს დაჯარიმება

უგულავა: გაანადგურეს TV MR, რადგან ივანიშვილმა ახალი კომპანია ჩამოიყვანა

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა კომპანია TV MR საქართველოში შექმნილ პრობლემებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. როგორც უგულავამ იმედის გადაცემა რეაქციაში საუბრისას განაცხადა, მოქალაქეს დამფუძნებელმა ივანიშვილმა ჟურნალისტების ტრენინგზე საუბრისას თქვა, რომ მას უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და ჩამოჰყავს მედიის მკვლევარი ორგანიზაცია.

"როცა ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ტენდენციას, რაც ახლა ხდება რეიტინგების დამთვლელ კომპანიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არავინ მიაქცია ყურადღება ივანიშვილის განცხადებას, როდესაც ის საუბრობდა ჟურნალისტების ტრენინგებზე. მან განაცხადა, რომ უკვე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ჩამოჰყავს მედიის მკვლევარი ახალი ორგანიზაცია. აქ არის მთავარი ძაღლის თავი. ანუ ფინანსურმა პოლიციამ გაანადგურა არსებული კომპანია იმიტომ, რომ ივანიშვილმა ახალი კომპანია ჩამოიყვანა და მისი ეს კომპანია დაითვლის ტელევიზიის რეიტინგებს. შესაბამისად, მოხდება რეიტინგებით მანიპულაცია.", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა დიქტატურისკენ მიექანება.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რომ "ადრე თუ გვიან წამოცდება ან განზრახ ამბობს ხოლმე სიმართლეს".

4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მედიასაშულებების შესახებ კვლევებისა და მედიამონიტორინგის ჩატარება იქნება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული თუ რა ფორმით ჩატარდება მედიამონიტორინგი, თუმცა მისი თქმით, მსგავსი სახის კვლევები მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტების პასუხისმგებლობის გრძნობას გაზრდის. კვლევების ჩასატარებლად, ივანიშვილი ექსპერტების დაქირავებას გეგმავს.

"კვლევევბის შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას, რომ გაიგონ მედიის ხარისხი. შეიძლება ყველაზე მეტი მოთხოვნა ალიაზე იყოს. მთავარია, საზოგადოებამ იცოდეს, ვის რა დაუჯეროს", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

რეიტინგების დამთვლელმა კომპანიამ TV MR საქართველო საქმიანობა დროებით შეაჩერა. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. TV MR საქართველო ამის მიზეზად გახშირებულ დაკითხვებს და მოდემების ფუნქციონირების შეწყვეტას ასახელებს.

ცნობისთვის, 17 მარტს, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ "ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. ასევე, საქართველოს პარლამენტი. დამკვეთი კომპანიების განცხადებით, მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა. ტელეკომპანიებმა და სარეკლამო სააგენტოებმა 18 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევდა TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებას.

კომენტარები