სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

შსს ბათუმის საკრებულოს წევრს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო ბათუმის საკრებულოს წევრს – მამული ჟღენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თაღლითობაში დახმარებაში ადანაშაულებს.ხოლო მოქალაქეებს – მალხაზ გ. და გუგული დ-ს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში.

გამოძიების ვერსიით, 2013 წლის ივლისში გუგული დ-მ და მისმა შვილმა მალხაზ გ-მ ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი 863 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლება განიზრახეს. მათ მიწის ნაკვეთი თვითნებურად შეღობეს და საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართეს, თითქოს გუგული დ. 20 წლის განმავლობაში ფლობდა მითითებულ მიწის ნაკვეთს და მასზე საკუთრების უფლების მოპოვება ითხოვეს.

"ბათუმის საკრებულოს წევრმა და ამასთანავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავჯდომარე მამული ჟღენტმა გუგული დ-სა და მალხაზ გ-ს განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება. კომისიის წევრები შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, რომ გუგული დ-სთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. აღნიშნული გზით გუგული დ. და მალხაზ გ. 863 კვ.მ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ, რითიც სახელმწიფოს დიდი ოდენობით – 149 149 ლარის მატერიალური ზარალი მიადგა. გამოძიება მამული ჟღენტის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყნების და თაღლითობაში დახმარების გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო გუგული დ-სა და მალხაზ გ-ს მიმართ – წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით)"  - აცხადებს შსს.

კომენტარები