აქცია კინოს სახლთან

NATO-ს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დაპირისპირებისას, სამი პირი დააკავეს

Police.ge

კინოს სახლთან, ევრაზიული კავშირის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისათვის, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მიზეზი კინოს სახლში, ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებით მოწყობილი NATO-ს საწინააღმდეგო ღონისძიება გახდა. მას რამდენიმე სასულიერო პირიც დაესწრო. ევრაზიის ინსტიტუტის ღონისძიების პარალელურად, საპროტესტო აქცია მოაწყვეს ევრაზიული კავშირის მოწინააღმდეგეებმა. მათ NATO-ს საწინააღმდეგო ღონისძიებაზე მისულ სასულიერო პირებს, მათ შორის, რუსთავის მიტროპოლიტ იოანეს იუდა უწოდეს და შენობაში შეძახილების ფონზე შეაცილეს. მიტროპოლიტის თქმით, 15 წლის წინ სერბეთის დამოუკიდებლობა შეილახა და მისი დანაწევრება მოხდა, რასაც არ იზიარებს და სწორედ ამის გამო მივიდა დღევანდელ ღონისძიებაზე.

კინოს სახლში, იუგოსლავიის დაბომბვისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. დარბაზში მსხდომი აუდიტორია აგვისტოს ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს ფეხზე წამოუდგა. კინოს სახლში შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა ევრაზიული ინსტიტუტის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ ალეკო კვახაძემ. მან მოუწოდა დარბაზში მყოფებს, აგვისტოს ომში დაღუპულ რუსი ჯარისკაცებისთვის ფეხზე წამოდგომით პატივი მიეგოთ. ამის შემდეგ კი, მათ "ფე ეს ბე"-ს აგენტები და გაშიფრულები უწოდა.

ფილმის ჩვენების შემდეგ, ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერებმა კინოს სახლიდან NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მონაწილეები აქციაზე სხვადასხვა პლაკატით იმყოფებოდნენ, მათ შორის წარწერით: "NATO-ს რომ არ დაეშალა სერბეთი, არ დაიშლებოდა საქართველო", "NATO სეპარატიზმის მხარდამჭერია" და ა.შ.

კომენტარები