დაპირისპირება ბათუმში

ნატო-ს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დაპირისპირება ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე ნატო-ს მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა აქციები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებულ აქციაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და მამულიშვილთა კავშირის წარმომადგენლები 1999 წელს სერბეთში ნატო-ს სამხედრო ოპერაციას გმობდნენ.

კონტრაქციაში კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი ზონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. "არა რუსეთს! არა პუტინს! არა მონებს!" - სკანდირებდნენ კონტრაქციის მონაწილეები. „ეს აქციები, რა თქმა უნდა, რუსეთშია დაგეგმილი. პირველ მოქალაქეს დავალება მისცეს და მან, თავის მხრივ, დავალება ჰაკიმ ფაშას მისცა, რომელიც დღეს პრემიერმინისტრია,“ - აღნიშნავს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგაძე ამბობს, რომ დაუსჯელობის სინდრომმა ნაციონალური მოძრაობის წევრები გაათამამა. "ნაციონალური მოძრაობის წევრები მოვიდნენ და ყვიროდნენ: პუტინი! პუტინი! ამათ ყველგან პუტინი ელანდებათ," - დასძენს გორგაძე. 

კომენტარები