საქართველო-საფრანგეთი

საქართველოს მაისში საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა

Jean-Marc Ayrault

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მაისში საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა.

ფრანსუა ოლანდისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გუშინ ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა კმაყოფილება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა აქტიური და მჭიდროა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში საფრანგეთის როლზე. ფრანგული მხარის სურვილია, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც უკვე გამოიხატა ვილნიუსის სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებისას. პრემიერმა ფრანსუა ოლანდს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი", - აცხადებს პრემიერის პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ ბირთვული უსაფრთხოების სამიტის გახსნაზე, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნსაც შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

კომენტარები