თანაინვესტირების ფონდი

თანაინვესტირების ფონდი პროექტს "პანორამა-თბილისი" განახორციელებს

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

თანაინვესტირების ფონდი თბილისში პროექტს პირობითი სახელწოდებით "პანორამა - თბილისი" განახორციელებს. როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი - გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს.

"პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ, ოთხ მსხვილ ტურისტულ და ბიზნეს ცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას, დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს", - აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში და განმარტავენ, რომ პროექტი მწვანე არქიტექტურის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს.

"მის ფარგლებში დაირგვება 30 000 ახალი ხე, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკოსისტემას", - განაცხადა პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ პროექტის დამატებითი უპირატესობა თანამედროვე ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მდგომარეობს.

"ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1,800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300, ერეკლე მეორის მოედანი - 500, სოლოლაკის ბაღები - 500, სოლოლაკის მაღლობი - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას", - განმარტა ბაჩიაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით, თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას შესძენს.

"დახრილი ლიფტები, საბაგირო გზები და სხვა არქიტექტურული თუ ტექნიკური კომპონენტები საკმაოდ ძვირად ღირებული გადაწყვეტილებებისგან შედგება, რის გამოყენებითაც ფონდი აპირებს, პროექტი გახდეს თბილისის სავიზიტო ბარათი", - აღნიშნავენ ფონდში და განმარტავენ, რომ პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

პროექტ "სოლოლაკის ბაღებისთვის" ესკიზური პროექტი დასრულებულია და მას ქალაქის შესაბამის სამსახურებს განსახილველად მომავალ კვირაში წარუდგენენ.

"როგორც კი პროექტები დამტკიცდება, დაიწყება წინასწარი სამშენებლო სამუშაოები. "პანორამა - თბილისის" დანარჩენ პროექტებთან მიმართებაში კი მუშაობა ერთ-ორ თვეში დაიწყება", - დასძინა ბაჩიაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტ პანორამა თბილისის განხორციელების ფარგლებში, თანაინვესტირების ფონდი მიწის გარკვეულ ნაწილს ფონდის ერთ-ერთი ინვესტორის ბიძინა ივანიშვილისგან შეიძენს. მისი განმარტებით, ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მიწა ფონდის მიერ შესყიდვის პროცესშია.

"მიწების რაღაც ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, ბატონი ბიძინას საკუთრებაა. ამჟამად, ეს მიწები ფონდის მფლობელობაში გადმოსვლის პროცესშია. მიწის რაღაც ნაწილს ვიყიდით სხვა კერძო მესაკუთრეებისგან", - თქვა ბაჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ ინვესტორის მხრიდან ფონდისთვის კერძო საკუთრების ჩუქება არ არის გათვალისწინებული.

მისი განმარტებით, პანორამა თბილისი ჯერჯერობით 100 პროცენტით ფონდის პროექტია, თუმცა, სავარაუდო პარტნიორების გამოჩენის შემთხვევაში, ბაჩიაშვილი სხვა კომპანიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

თანაინვესტირების ფონდმა დღეს ხუთი პროექტის პრეზენტაცია გამართა. მათი ჯამური ღირებულება მილიარდ 300 მილიონი ამერიკული დოლარია. ამასთან, თანაინვესტირების ფონდში ამჟამად 6 მილიარდი დოლარია მობილიზებული.

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, საქართველოში ორი ახალი ჰესი აშენდება. ენერგეტიკის სფეროში წარმოდგენილი პროექტების მიხედვით, გათვალისწინებულია მტკვარი ჰესისა და ჰესების კასკადის მშენებლობა მდინარე ცხენისწყალზე.

პროექტი მტკვარი ჰესი ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე განხორციელდება. ჰესის დადგმული სიმძლავრე 53,3 მგვტ-ი იქნება. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი - 255,2 გეგავატი. სთ.

თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

"ამ ეტაპზე დასრულებულია პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომნიკური შესწავლის პროცესი და მიმდინარეობს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება", - განმარტავენ ფონდში.

რაც შეეხება პროექტს "ჰესების კასკადი მდინარე ცხენისწყალზე", ის ლენტეხისა და ცაგერის რაიონში, მდინარე ცხენისწყალზე განხორციელდება. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 347 მგვტ-ი იქნება, წლიური გამომუშავება 1,755 გეგავატ სთ-ს გაუტოლდება.

ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 679 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

"პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა საქართველოს ენერგეტიკის განითარების ფონდმა ჩაატარა", - განმარტავენ "თანაინვესტირების ფონდში".

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მტკვარი ჰესის პროექტს სავარაუდო პარტნიორი უკვე ჰყავს და პარტნიორისა და ფონდის თანადაფინანსება იქნება 50-50 პროცენტი. ასევე რამდენიმე პარტნიორი ჰყავს სოფლის მეურნეობის პროექტს და მათი თანამონაწილეობა იქნება დაახლოებით 40 პროცენტი. ხოლო ცხენისწყალის პროექტში, რომელიც, სავარაუდოდ, წელიწადნახევარში დაიწყება, ინვესტიციის უმეტეს ნაწილს - 60 პროცენტამდე ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების ფონდი ჩადებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლორია

კომენტარები