სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

პეტრე რომანი: სამართლიანობის აღდგენა შურისძიების მიზნით არ უნდა განხორციელდეს

clubmadrid.org

”აუცილებელია, რომ სამართლიანობის აღდგენა ჯეროვანი პროცედურის დაცვით განხორციელდეს და არა შურისძიების მიზნით. ამ ორს შორის დიდი სხვაობაა”, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრმა პეტრე რომანმა განაცხადა. რომანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

”როდესაც ჯეროვანი პროცედურების დაცვა ხდება, როცა პროცესები არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და შურისძიებით განპირობებული, არამედ ისინი სამართლიანობის პრინციპებს ემყარება, მაშინ თქვენ სწორ გზას ადგახართ. შესაძლოა, სააკაშვილმა პოლიტიკური დანაშაულები ჩაიდინა, თუმცა სამართალი სხვა საკითხებს ეფუძნება. ის მოიცავს კრიმინალურ საქმიანობას, რომელიც კანონის მიხედვით დაუშვებელია. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილებები ხალხის ნებას გამოხატავდეს. თუ თქვენ გსურთ, ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ ჯეროვანი პროცედურები განხორციელდეს, კი ბატონო. თუმცა აუცილებელია, ეს სამართლიანი სისტემის, პოლიტიკის შესაბამისი ფუნქციონირების და ძლიერი პარლამენტის პირობებში განხორციელდეს”, - განაცხადა პეტრე რომანმა.

კომენტარი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა ჟოზე ლელომაც გააკეთა.

”საყურადღებოა, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, არამედ ამას ემოციური დატვირთვაც აქვს. საჭიროა, რომ მოხდეს ემოციური და რაციონალური გადაწყვეტილებების განცალკევება, რაც საქართველოში საკმაოდ რთულად ხდება”, - განაცხადა ლელომ. 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდნენ. არასამთავრობო სექტორსა და NATO-ს დელეგაციას შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეები იყო. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები