არენა

რუსული სიზმარი, ანუ რა სურს დამკვეთს

ირინა ბაგაური
0 კომენტარი

ადრეულ გაზაფხულობით, სანამ მიწას ბალახის სუნი აუვა, შიმშილის განცდა მძაფრდება და ხორცი უძლურდება. იმისთვის, რომ გადარჩე, ბუნებამ მოწყალება უნდა გაიღოს და მოსავალი მოგცეს. ბუნება მსხვერპლს ითხოვს. ადრეული გაზაფხული ვნებების აღძვრის, მსხვერპლის გაღების დროა – კერპთაყვანისმცემლური რუსეთის მსხვერპლშეწირვის ეს რიტუალი სიუჟეტად დაედო მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუსულ ბალეტს, იგორ სტრავინსკის „კურთხეულ გაზაფხულს”, რომელიც პირველად ვაცლავ ნიჟინსკის ქორეოგრაფიით, 1913 წლის გაზაფხულზე იხილა შანზ-ელიზეს თეატრში პარიზელმა მაყურებელმა.

სწორედ ამ ბალეტის უვერტიურა, ფაგოტზე შესრულებული პირველი აკორდები გასდევდა თითქმის მთავარ ლაიტმოტივად სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი, არა მხოლოდ სპორტული, უდიდესი საერთაშორისო კულტურული მოვლენაა და მას, როგორც წესი, მილიონობით ტელემაყურებელი ადევნებს ტელეეკრანებიდან თვალს. მის ფარგლებში მასპინძელ ქვეყნებს საშუალება ეძლევათ, მსოფლიოს აჩვენონ, თუ რითი ამაყობენ და რა მემკვიდრეობა აქვთ. ასე იყო შვიდ თებერვალს რუსეთშიც. სოჭის ოლიმპიადის გახსნას მთელმა მსოფლიომ უყურა და ინაუგურაციის ცერემონიალსაც, კრიტიკოსების მხრიდან, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

„კურთხეული გაზაფხული” შიშის, სიკვდილის მომასწავებელი გენიალური მუსიკაა, რომელიც კარგა ხანს ვერ მიიღო მსმენელმა. როგორც თავად დიდი კომპოზიტორი ირწმუნებოდა, ამ ბალეტის მუსიკა მას დამოუკიდებლად არ დაუწერია, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავის კიდევ ერთ ცნობილ ბალეტზე – „ფასკუნჯზე” მუშაობდა, მსხვერპლშეწირვის რიტუალი მოულოდნელად დაატყდა თავს კოშმარულ სიზმარში: მას დაესიზმრა მძიმე ბგერები, რომლის ფონზეც, მოხუცები შეშლილი თვალებითა და გრძელი თეთრი წვერებით, აღასრულებდნენ ბარბაროსულ რიტუალს: როკავდნენ ქალწულის გარშემო მანამდე, სანამ გოგონა ტანჯვით არ აღესრულა.

„სიზმრები რუსეთზე” – ეს გახლდათ სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის ძირითადი თემა. მისი მთავარი გმირი კი, ულამაზესი გოგონა, სახელად ლიუბოვი, მოგზაურობდა რუსული პეიზაჟებისა და ფერადი გუმბათების ზღაპრულ სამყაროში. თუმცა რუსი ალისას სიზმარი, თავისი მძიმე მუსიკალური თუ ეპოქალური ფონით, სულაც არ იყო ბავშვებისთვის განკუთვნილი კეთილი, ლაღი ამბავი. სოჭის გახსნა სრულ კონტრასტში იყო 2012 წლის ლონდონური ზაფხულის ოლიმპიადის ინაუგურაციასთან, რომელიც აბსოლუტური პოზიტივით იყო გაჟღენთილი თავისი ჯეიმს ბონდით, ვერტმფრენით გადმოფრენილი დედოფლით, შლაპიანი ჯენტლმენებით, სამეფო სასახლის მსუქანი ძაღლებით.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, სოჭი ფოტო: Ryan Pierse / Getty Images

ლიუბოვს კი ესიზმრა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ლოზუნგები, ომები, გრუხუნი, მღელვარე ზღვა და უმთვარო ღამეები, რომელიც თავისი სიპირქუშით სტრავინსკის სიზმარს უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე კეთილ, საბავშვო ამბავს.

კეთილდღეობის მისაღებად და ნაყოფიერების მოსაპოვებლად ცოცხალი მსხვერპლის გაღებაა საჭირო, ასე ფიქრობდნენ ქრისტიანობამდელ რუსეთში. და თითქოს, ამგვარი პაგანური აზროვნება არც ისე უცხო უნდა იყოს თანამედროვე რუსეთისთვის, რომელიც დღემდე მკაცრ ავტორიტარულ ქვეყანასთან ასოცირდება და, როგორც ჩანს, ამ სანახაობის დამკვეთს (და დამკვეთი, როგორც წესი, შემოქმედებითი პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია) ძალიან მოსწონს საკუთარი იმიჯი, უფრთხილდება და, მეტიც, წარმატებით ახერხებს მის გამყარებას.

თუმცა, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში, აქამდე მკაცრი შეუვალობით ცნობილი დამკვეთი გარკვეულ კომპრომისებზეც წავიდა. მაშინ, როდესაც მრავალი ქვეყნის პირველმა პირმა თქვა უარი სოჭში ჩასვლაზე და გახსნის ცერემონიალის პარალელურად, არაერთ ქვეყანაში გამოვიდნენ უფლებადამცველები ანტიჰომოფობიური ლოზუნგებით, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა დიდი ადგილი დაუთმეს მათი ქვეყნის არატრადიციული ორიენტაციის მქონე შემოქმედების ხელოვნებას. ბუნებრივია, ცერემონიალზე ისმოდა ჩაიკოვსკის მუსიკა. თავად რუსეთის ოლიმპიური ნაკრები „ლეზბო იმიჯით” ცნობილი ჯგუფის, ტატუს სიმღერის თანხლებით გამოვიდა მოედანზე. ასევე, რუსული ანბანის ჩამოთვლისას, მაგალითად მოიტანეს დიაგილევის რუსული ბალეტი, რომლის ავტორიც, სერგეი დიაგილევი, გახლდათ დიდი რუსი იმპრესარიო, რომელიც ვაცლავ ნიჟინსკიმ, ბალეტის ისტორიის ერთ-ერთმა უპირველესმა ლეგენდამ, საკუთარ დღიურებში მასზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობასა და შანტაჟში ამხილა. თუმცა, ამ ფაქტს დიაგილევის ღვაწლი არ დაუჩრდილავს და ის მიიჩნევა ლეგენდარულ, უკიდურესად პროგრესულ ადამიანად, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში, ევროპა აზიარა რუსულ, იმდროინდელ ავანგარდულ კულტურას.

პროგრესული და თანამედროვე კი, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, ტექნოლოგიურ მიღწევებს თუ არ ჩავთვლით, მაინცდამაინც ვერაფერი ვნახეთ. ორგანიზატორებმა აქცენტები უფრო მეტად გააკეთეს წარსულზე და არა იმაზე, რასაც დღეს ქმნიან. წარსულის დიდებით ტკბობამ კი მათ ცნობიერებაში ისეთი ანომალიური ფენომენი ამოატივტივა, რომელიც აქამდე მაინცდამაინც არ აღენიშნებოდათ.

ბუნებრივია, ნებისმიერი ერი იამაყებდა იური გაგარინით, ჩეხოვით, პუშკინითა და კანდინსკით. მათი, როგორც ისტორიის უდიდესი მოღვაწეების გახსენება, აბსოლუტურად სწორია. იამაყებდნენ ევროპული კულტურით გატაცებული ქვეყნის უდიდესი იმპერატორით – პეტრე პირველითაც. თუმცა, ფაქტმა, რომ ორგანიზატორებმა რუსეთის მატიანეზე გადაღებული ფილმი არგონავტების სოჭში შემოსვლით დაიწყეს, ცოტა არ იყოს, უცნაური შთაბეჭდილება დატოვა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, სოჭი ფოტო: Brian Snyder / REUTERS

იმის მითვისების ფენომენი, რაც შენ არ გეკუთვნის, აქამდე „მცირერიცხოვანი ერების კომპლექსის” სახელით იყო ცნობილი მთელ მსოფლიოში. ერებისთვის, რომლებიც ტერიტორიების სიდიდითა და მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩევიან, ეს ბუნებრივია – ისინი მთელი თავდადებით უფრთხილდებიან იმას, რაც აქვთ და ცდილობენ კავშირები იპოვონ იმასთან, რაც მათი არ არის, მაგრამ ძალიან უნდათ, რომ მათი იყოს. მაგალითისთვის: თუკი რიგით იტალიელს ეტყვით (და იტალია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე მოწინავე ქვეყანაა), რომ კოლუმბი პორტუგალიელი უფროა, ვიდრე იტალიელი, ანდა სომეხი მეცნიერის კვლევის თანახმად, ლეონარდო და ვინჩი სომეხი იყო, ის ამაზე სულაც არ აღშფოთდება, უბრალოდ გაეღიმება და არც იმის შეხსენებას დაგიწყებთ ყოველდღიურად, რომ ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი იტალიური წარმოშობისაა. განსხვავებით ქართველებისგან, რომლებიც კბილებით ვიცავთ ისტორიისა და კულტურის თითოეულ მონაპოვარს.

მცირერიცხოვანი ერების კომპლექსი და კულტურასთან დაკავშირებული ფობიები რუსულ კულტურას აქამდე მაინცდამაინც არ აღენიშნებოდა და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მათი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ ეთნიკური რუსების მონაპოვარი სულაც არაა, პირიქით. ამჟამად კი, როგორც ჩანს, რუსმა ისტორიკოსებმა, რომლებიც უმეტესად საბჭოთა ერების ისტორიის გაყალბება-ხლართვის ხელშეწყობით იყვნენ გატაცებულები, საკუთარი არარსებული ეპოსის შესაქმნელად უკვე სრულფასოვნად მოიცალეს და ასე მიაყენეს არგო სოჭის ნაპირებს, სადაც მათ ოქროს საწმისი ელოდათ ანტიკური ოქრომრავალი რუსეთიდან გასატაცებლად.

დამკვეთმა და ორგანიზატორებმა ჩვენზე სხვაგვარადაც იზრუნეს და სელექციური ღრუბლებით გადაფარეს კოსმოსიდან დანახული, ტრადიციულად მზიანი საქართველო, როგორც ვარაუდობენ, „შეცდომით”.

და ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, სახსენებლადაც არ ღირს ის ტექნიკური შეცდომები, რომელიც ქილიკის მთავარი თემა გახდა საერთაშორისო მასშტაბით. უბრალოდ, იმედს ვიტოვებთ, რომ რგოლად არგადაქცეული ფიფქი თუ ანა ნეტრებკოს ჩვენამდე ვერმოღწეული ხმა ოლიმპიური ჰიმნის შესრულებისას, ყველაზე უწყინარ შეცდომებად დარჩება მათ შორის, რასაც სამომავლოდ ამ ქვეყანაში დაუშვებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები