სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ბრაიზა: სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება ვაშინგტონში შეშფოთებას იწვევს

United States Mission Geneva

ორშაბათს, 24 მარტს, ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემას წამყვანი, თამარ ჩერგოლეიშვილი მეთიუ ბრაიზას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სტატუსით დაბარება და საერთაშორისო საზოგადოების  მიერ ხელისუფლების კრიტიკა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებების გამო, რამდენად მოახდენდა გავლენას საქართველოსთვის უელსის სამიტზე მაპ-ის მიღებისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესებზე.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ივნისში უნდა მოაწეროს ხელი ნატოს სამიტი უელსში კი სექტემბერში გაიმართება.

ბრაიზას აზრით, საქართველომ მაპ-ი სასწრაფოდ უნდა მიიღოს და ეს რომ 2008 წლის აპრილში მომხდარიყო, რუსეთი ვერ მოიქცეოდა ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოში მოიქცა. ბრაიზა ამბობს, რომ მას ღრმად სწამს მაპ-ის მიღება საქართველოს მიერ მესიჯი იქნება პრეზიდენტი პუტინისთვის რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ საქართველოსა და უკრაინაში. ასევე, არ მისცემს საშუალებას რუსეთს ხელი შეუშალოს საქართველოსა და მოლდავეთის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესს.  

მისივე თქმით, იმისათვის რომ უელსის სამიტზე მოხდეს საქართველოს მიერ მაპ-ის მიღება, საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, ენერგია და ენთუზიაზმი ვაშინგტონში საქართველოს მეგობრების მხრიდან. მან წამყვანთან საუბრისას ახსენა, რომ ის და მისი მეგობრები ვაშინგტონში, რომლებიც ასევე საქართველოს მეგობრები არიან, ცდილობენ, რომ საქართველოს მიერ მაპ-ის მიღების საკითხი წინ წამოწიონ და აქტუალური გახადონ. ეს არის ხალხი, რომელიც მონდომებას არ იშურებს იმისთვის რომ საქართველოს ნატოში გაერთიანება დაჩქარდეს - განაცხადა ბრაიზამ - ისინი შეშფოთებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით, რომელიც მათი აზრით შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა იყოს და განიხილავენ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სასამრთლო სისტემაში სავარაუდო პოლიტიკური მოტივების არსებობამ საქართველოს მიერ მაპ-ის მიღების პროცესზე.

„ვაშინგტონში საქართველოს და ჩემი მეგობრების შეშფოთების საგანი არის ის, რომ შესაძლოა პროკურატურა არ მოქმედებდეს დამოუკიდებლად და იყოს პოლიტიკურად მოტივირებული“.

მიუხედავად ამ შეშფოთებისა, ბრაიზას მიაჩნია, რომ საქართველომ მაინც უნდა შეძლოს მაპ-ის მიღება უელსის სამიტზე, და მეორეს მხრივ, სააკაშვილი რომც არ დაებარებინათ დაკითხვაზე, ეს არანაირ გარანტიას არ იძლეოდა, რომ ქვეყანა მაპ-ს მიიღებდა.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ რა განასხვავებს საქართველოსა სხვა ევროპული ქვეყნებისგან, როგორიც არის იტალია და საფრანგეთი, სადაც ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები ასევე იყვნენ დაბარებულები დაკითხვაზე (ჟაკ შირაკი, სილვიო ბერლუსკონი, ნიკოლა სარკოზი) თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას ამისთვის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის სტატუსი არ მიუნიჭებია, ბრაიზამ განმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა დასაბუთებული ეჭვები ხსენებული ლიდერების არაკანონიერი ქმედებების შესახებ და აღნიშნა რომ საერთაშორისო საზოგადოებას დღემდე კარგად ახსოვს ბერლუსკონის საქმე. საქართველოს შემთხვევაში კი, სავარაუდოა რომ გარე დამკვირვებლისთვის, მოკლე დროის ჭრილი და რამდენიმე ერთდროულად წამოწეული სამართლებრივი პასუხისგების საქმე ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებზე პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ნებისმიერი ფუნქციონალური დემოკრატიისთვის აუცილებელია, რომ სამართლებრივი პროცესები სწორად წარიმართოს და კანონის უზენაესობა დაცული იყოს, თუმცა, ამასთანავე აუცილებელია რომ არ მოხდეს სამართლებრივი სისტემის პოლიტიზირება და მთავრობა სასამართლო სისტემისგან მკვეთრად იყოს გამიჯნული“.

ამბობენ, რომ წინა მთავრობა ფულს ხარჯავდა ლობისტებში, და ამის დამსახურებაა რომ ხელისუფლებას დღეს დასავლეთშიი აკრიტიკებენ - განუმარტა წამყვანმა მთავრობის პოზიცია დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკასთან დაკავშირებით. შეკითხვაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი საერთაშორისო მხარდაჭერის ყიდვა, ბრაიზამ საკუთარი გამოცდილება მოიყვანა მაგალითად, რამაც, მისი თქმით, მისი დიპლომატიური კარიერა შეიწირა, თუმცა დაამატა, რომ მხარდაჭერის მოსყიდვა მხოლოდ რაღაც დონემდეა შესაძლებელი და ეს არ ვრცელდება ისეთ გავლენიან გამოცემებზე, როგორიც არის ვაშინგტონ პოსტი. მისივე თქმით, ვაშინგტონ პოსტში  მომუშავე ხალხის  მიზანი ცხოვრებაში სიმართლის თქმა და არასამართლიანი ქმედებების კრიტიკაა, იქნება ეს ეროვნულ თუ საერთაშორისო არენაზე. ვაშინგტონ პოსტმა კი რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების უკან პოლიტიკური მოტივაციის არსებობაზე.

მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების და მედიის კრიტიკისა, ბრაიზას მიაჩნია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქრთველოს მიერ უელსის სამიტზე მაპ-ის მიღებას. 

კომენტარები