სანდრო გირგვლიანის საქმე

სააკაშვილი: არ ამომდის თვალიდან ირინე ენუქიძე, ის ქალი ცამდე მართალი იყო

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არასოდეს, პრეზიდენტს არ ასამართლებენ, არ კითხავენ და არ უყენებენ ბრალს შეწყალების უფლების გამოყენებისთვის. ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში თქვა.

"თან, ისეთი მთავრობა, რომელმაც პატიმრების 3/4 გამოუშვა ციხიდან. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? ამათ გამოუშვეს პედოფილები, ჩახალიანი, რომელიც უკვე პრობლემებს ქმნის ჯავახეთში, შკრილნიკოვი, გევორქიანი... უამრავი სხვა წარმოუდგენელი კრიმინალი, მკვლელი და კანონიერი ქურდი და პრეზიდენტი უნდა გაასამართლონ იმისთვის, რომ შეწყალების უფლება გამოიყენა. ჩემთვის გირგვლიანი ძალიან დიდი შავი ლაქაა, იმიტომ, რომ მე არ ამომდის თვალიდან მისი დედა ირინე ენუქიძე. ის ქალი ცამდე მართალი იყო და ვინც გირგვლიანი მოკლა, ნამდვილი ცხოველები იყვნენ, არაკაცები და არაადამიანები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მორალურ პასუხისმგებლობას თავადაც იზიარებს. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება იყო თუ არა პირადად მისი შეცდომა, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს, რომ "ძნელი სათქმელია". მისი თქმით, "საბოლოო ჯამში ისინიც ამნისტიით გამოვიდნენ და არა ჩემი შეწყალებით, რადგან იქ რაღაც ვადის შემცირებაზე იყო საუბარი ჩემი მხრიდან".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გირგვლიანის თემა იმდენად გაპოლიტიკურდა, რომ სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გავიდა.

"როდესაც თემა პოლიტიკურდება, არის ასეთი ვითარება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, რომ პრეზიდენტი იყენებს შეწყალების უფლებას. თუნდაც ეს საზოგადების დიდი ნაწილისთვის არცთუ ისე გასაგები იყოს. მაგრამ სად 3-4 ადამიანი და სად ასობით პედოფილი, მკვლელი, ჯაშუში, საბოტაჟნიკი... ბოლოს, კინაღამ კოჭოია გამოუშვეს. ამერიკელები ჩავრიეთ სხვათა შორის და სხვები, თორემ მაგასაც უშვებდნენ, ამფეთქებელ ტერორისტს. კაკაბაძე და დანი და ძმანი მისნი, მაგრამ მთავრობა უშვებდა, კაკაბაძეს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს... პირადად აკეთებდა თვითონ ივანიშვილი", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილს გადაცემის წამყვანმა ასევე შეახსენა, რომ "სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის მიხედვით, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს რბილად მოექცნენ - სასჯელის განსაზღვრის, აღსრულების და შეწყალების დროს". ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს სამოტივაციოს ნაწილი თეა წულუკიანმა დაწერა.

"წულუკიანი მაშინ მოსამართლის თანაშემწე იყო. რა სტრასბურგის სასამართლო, სამოტივაციოს ნაწილს წერს თეა წულუკიანი. მაშინ ეს მუშაობდა იქ და ყველამ ვიცით მისი დამოკიდებულება, ესაა, რა სტრასბურგის სასამართლოზე მელაპარაკებით. მაგრამ მორალურად ეს მძიმე რაღაც იყო და ამაზე ქართველმა ხალხმა გვაგებინა პასუხი. მე 2007 წელს გადავდექი და ახალი არჩევნები ჩავატარეთ. ამის ფასი, მათ შორის პოლიტიკური, მე გადავიხადე", - აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები