პოლიტიკა

თემურ ალასანია: საქართველოს ბედი დღეს წყდება უკრაინაში

0 კომენტარი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. წლების განმავლობაში გაეროს განიარაღებისა და მშვიდობის საკითხების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ტაბულას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, უკრაინის კრიზისზე, დასავლეთის როლზე უკრაინის პროცესებში და რუსეთთან დაპირისპირებაზე ესაუბრა.

გადაწყვიტეთ დაგერღვიათ დუმილი და საჯარო განცხადებები გაგეკეთებინათ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ქართველი მაღალჩინოსნები ავრცელებენ თუ ქართული მედია წერს. თქვენგან განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებამ თქვენი და მიხეილ სააკაშვილის კიევში ვიზიტთან დაკავშირებით, „ჩემი ინფორმაციით, ის კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკია, ყოფილები, ხომ იცით, არ არსებობენ ამ სფეროში“, – ამბობს პრემიერი. თქვენ აპირებთ, სარჩელი შეიტანოთ როგორც ნიუ იორკის, ისე თბილისის სასამართლოებში, და ღარიბაშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვთ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რამ გააღიზიანა პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც პირველი არხის ეთერში საკმაოდ დიდი დრო დაუთმო მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს კიევში და მოუწოდა უკრაინელ კოლეგებს, არ დაუჯერონ სააკაშვილის რჩევებს?

უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს მასობრივი ინფორმაციის წყაროების საშუალებით მიდის კამპანია, მიმართული ჩემი კეთილი სახელის შელახვაზე, ღირსების და პატიოსნების შეურაცხყოფაზე. ის, რასაც ამერიკულ პოლიტიკურ ჟარგონზე ჰქვია „პიროვნების პროფილის, ან სახის განადგურება“ (character assassination), რაც კერძო პირისადმი ჩადენილ მძიმე დანაშაულად ითვლება და, შესაბამისად, კანონით ისჯება.

როდესაც ამას აკეთებდნენ რიგითი ხელმოცარული, არშემდგარი და ნახევრად ჩამოყალიბებული ინფანტილური კერძო პირები, შეიძლებოდა უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებების იგნორირება.

მე გადავწყვიტე, შევიტანო პარალელური სარჩელები თბილისში და ნიუ-იორკში ღირსებისა და პატიოსნების დაცვაზე. მე ვითხოვ საჯარო ბოდიშს პრემიერმინისტრისაგან.

შესაბამისად, მე დიდხანს ვინარჩუნებდი მოთმინებას. მეგონა, რომ ბოლოს და ბოლოს გონზე მოეგებოდნენ. მაგრამ მოხდა საპირისპირო. ჩემი თავშეკავება ყველაფერზე ნებადართულობის ინდულგენციად მიიღეს და სრულიად გადავიდნენ მორალურ, ეთიკურ და ზნეობრივ ზღვარს. იგონებენ აბსურდულ ბრალდებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩემი ცხოვრების და შეგნებული საქმიანობის ძირითად მიმართულებას. გასაგებია, რომ მაგათი ხელობა ანუ ხელოვნება არის ტყუილი, ცილისწამება და პიროვნების შეურაცხყოფა ყველანაირი მდაბიური ელემენტების გამოყენებით. შესაბამისად, აქ არაფერი ჩემთვის ახალი არ არის. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემ მიმართ ეს ხალხი უკვე თავისი შედევრების შექმნის ზღვარზე არიან. ანუ მითოლოგიამ მიიღო სახიფათო და შემაშფოთებელი ფორმები. რა სამწუხარო და აბსოლუტურად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ამ კამპანიაში ჩაება ქვეყნის პრემიერმინისტრი. მაშინ, როდესაც ქვეყნის წინაშე დგას მთელი რიგი სერიოზული პრობლემები, პრემიერმინისტრი პოულობს დროს და, რაც მთავარია, ხალისს, დაიწყოს ხარისხობრივად უფრო სასირცხვილო ცილისწამების, დაუსაბუთებელი ბრალდებების და შეურაცხყოფის კამპანია კერძო პირის მიმართ.

ჩემი მხრიდან სრულიად ლოგიკურია, ან მოვთხოვო მას თავისი ბრალდების დასაბუთება, ან ისიც მშვიდად მივაკუთვნო ზემოთ დახასიათებული ჯგუფის კატეგორიას, ნახევრად ჩამოყალიბებულ ინფანტილურ მატყუარებს. აქვე უნდა შევნიშნო, რომ არც ეს გამკვირვებია. რამეთუ მისგან უკეთეს არ ველოდი. ამის საფუძველს მაძლევს ჩემი დაკვირვებები მის „მდიდარ პოლიტიკურ გამოცდილებაზე“, ანუ ერთწლიან საქმიანობაზე.

მართალი გითხრათ, მე არ მინდოდა ასეთი დიდი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა საზოგადო მორალის ფუძე, ზნეობრივი იმპერატივი, სიმართლის და სამართლიანობის პრინციპების ერთგულება და, ბოლოს და ბოლოს, კანონის უზენაესობა. არ მინდოდა თუნდაც იმიტომ, რომ მათ არ ესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა და მათი ზნეობრივი შემადგენელი. კეთილი, მაშინ გადავწყვიტე, გადავიდე იმ ენაზე, რომელიც მათ ესმით.

მოდით ობიექტურად შევხედოთ, რასთან გვაქვს აქ საქმე. მე არ ვარ პოლიტიკოსი. არასდროს მიმიღია მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ ჩავრეულვარ არც პოლიტიკური საკითხების საჯარო განხილვაში და არც მთავრობის გადაწყვეტილებებში მიმიღია მონაწილეობა. არასდროს არ მიმიცია რჩევა არც პრეზიდენტისათვის და არცერთი მინისტრისათვის ან სახელმწიფო მოხელისათვის. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობასთან მიმართებაში ჩემი საქართველოში საქმიანობა შემოიფარგლება პრეზიდენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობით. და ასეთი პროგრამების ბოლო მაგალითია პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელსაც მე და ჩემი ამერიკელი მეგობრები აქტიურად ვუჭერთ მხარს.

მე მესმის, რომ პოლიტიკური ბრძოლის დროს საჯარო პოლიტიკურ დისკუსიაში ალბათ ასე თუ ისე ნებადართულია მძაფრი ტონი და ზოგიერთი გადაჭარბება. ისიც ხდება, რომ ხშირად ვერ ზომავენ და გადადიან საზოგადოებაში მიღებული საქციელის ნორმებს. ეს პირადი მანერების, პოლიტიკური ტემპერამენტის და, უბრალოდ, გემოვნების საქმეა. მაგრამ როდესაც ასეთი ფორმები გამოიყენება არა საჯარო, არამედ კერძო პირის მიმართ, აქ უკვე ერთვება შესაბამისი კანონი, რომელსაც აბარია ინდივიდუალური თავისუფლების, ღირსების და ხელშეუხებლობის დაცვა ზოგადად და, განსაკუთრებით, სახელმწიფო აპარატისა და ამ აპარატის წარმომადგენლებისაგან.

აქედან გამომდინარე, მე ვთხოვე ჩემს იურისტებს ნიუ იორკში, სერიოზულად შეისწავლონ ამ ბოლო წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია. ჩვენ აქ გვაინტერესებს თუ რამდენად კანონიერია ზოგიერთი გაზეთების, ტელეარხების და ცალკეული პიროვნებების საქციელი. ასევე გვაინტერესებს, რამდენად გამართლებულია იურიდიული თვალსაზრისით მაღალი თანამდებობის პირის დაუსაბუთებელი განცხადებები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კერძო პირის მიმართ. ყველაფერ ამას განსაზღვრავს სასამართლო. ამიტომ მე გადავწყვიტე, შევიტანო პარალელური სარჩელები თბილისში და ნიუ იორკში ღირსებისა და პატიოსნების დაცვაზე. მე ვითხოვ საჯარო ბოდიშს პრემიერმინისტრისაგან.

მე ვითხოვ ბოდიშს იმ პირებისა და გაზეთებისაგან, რომლებიც დასახელებული იქნებიან ჩემს სარჩელში. ასევე ვინარჩუნებ უფლებას, მოვითხოვო სასამართლოსაგან მათი დასჯის სხვა ფორმებიც, ფინანსურიდან ადმინისტრაციულამდე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამოიწვია პრემიერის გაღიზიანება ჩვენმა უკრაინაში ყოფნამ, შემიძლია გამოვთქვა ჰიპოთეზა, რომ მას, როგორც ყველა ფანტაზიას მოკლებულ, მეწვრილმანე ადამიანს, აღიზიანებს სხვისი საქმიანობა, მიზანდასახულობა და ფართო პოლიტიკური და ჰუმანისტური ხედვა. ამიტომ საჭიროა ეს გააქილიკო, გალანძღო, მიზნების სიწმინდე ეჭვის ქვეშ დააყენო და საბოლოოდ ლაფში ამოავლო. საქმე დახურულია. დღის წესრიგი ამოწურული. შეიძლება კმაყოფილების გრძნობით განცხრომას მიეცე.

უკრაინის პროცესები, ყირიმის რეფერენდუმი. ამერიკელი ჟურნალისტის ძალიან კონკრეტულ შეკითხვაზე, დაკარგულია თუ არა ყირიმი, ამერიკის თავდაცვის ყოფილი მდივანი რობერტ გეითსი და სენატორი ჯონ მაკკეინი პასუხობენ, რომ კი, ყირიმი დაკარგულია. ამ ეტაპზე ისინი სკეპტიკურად უყურებენ ყირიმის კრიზისის მოგვარებას. გაეროში რუსეთმა ისევ ვეტო გამოიყენა და რეზოლუცია ჩააგდო. საერთაშორისო თანამეგობრობამ სანქციები დაიწყო, კიდევ რა მექანიზმები დარჩა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ უკრაინის კრიზისი არ გაღრმავდეს?

არა მგონია, რომ მაკკეინი ასეთი კაპიტულანტური პოზიციის მომხრე იყოს. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი გეითსზე. ლაპარაკი მიდის შექმნილი ვითარების რეალურ აღქმაზე. ანუ ყირიმის ძალისმიერ ოკუპაციაზე და იმ იდიოტურ ეიფორიაზე, რომელიც ამ უკანონო მიტაცებამ გამოიწვია რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში. სხვათა შორის, მინდოდა მეთქვა უპრეცედენტო, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი პრეცედენტი უკვე შექმნილია... რუსეთის მიერ.

ყირიმის ბედს აქვს რამდენიმე შრე. სიტუაცია აქ ყალიბდება ხანდახან პარალელური და ზოგჯერ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სიბრტყეში ურთიერთგადამკვეთი კურსებიდან, რომლებიც გამორიცხავენ პრობლემის მარტივ, სწორხაზოვან და ერთჯერად გადაწყვეტას. პრობლემის საბოლოო მოგვარება იქნება შედარებით გრძელვადიანი, გააზრებული, შეთანხმებული, მრავალფეროვანი მიდგომის შედეგი. პროცესი აუცილებლად იქნება გაწელილი რამდენიმე ეტაპად. კონფლიქტის მოგვარების ყველა საფეხურზე დასავლეთს, უკრაინის ყველა მხარდამჭერ ქვეყანას, დასჭირდება სხვადასხვა ინსტრუმენტების ამოქმედება – პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო, საერთაშორისო იურიდიული, სავაჭრო და ა.შ. ანუ აგრესიისადმი პასუხი უნდა იყოს ყოვლისმომცველი, არა რეფლექსური, გააზრებული და დროში ზუსტად გაწერილი.

დასავლეთს და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ბევრად უფრო მეტი პოტენციური გავლენა რუსეთზე, ვიდრე თვითონ ჰგონიათ. მათ განკარგულებაშია ქმედითი ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ ძვირად დაუსვან რუსეთს თავისი საქციელი და მიღებული საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა. საჭიროა ამ ინსტრუმენტების ინტეგრირებული და გეგმაზომიერი გამოყენება.

ერთს კიდევ დავამატებდი. ეს უნდა იყოს გაბედული, ინოვატორული, მტკიცე და თანამიმდევრული პასუხი. ანუ ყველაფერი ის, რაც არ იყო 2008 წლის ომის მერე.

ეს რაც შეეხება დასავლეთის შესაძლებელ პასუხს. ახლა თვითონ უკრაინის პოზიციაზე. უკრაინამ, ისევე როგორც საქართველომ, საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ რუსეთის დამპყრობლური ინსტინქტი ყოველთვის საშიშია. მაგრამ მისი პრაქტიკული ქმედება კიდევ უფრო საშიში იქნებოდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აგრესიული პოლიტიკა რომ ყოფილიყო მიზანდასახული და მტკიცე ამ მიზნების განხორციელებაში, პასუხისმგებლური, ინტეგრირებული თავის საქმიანობაში და არაკორუმპირებული განხორციელების სტადიაზე.

სინამდვილეში, რუსეთის არც საგარეო და არც სამხედრო პოლიტიკა არცერთ ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. პირიქით, იგი ტოვებს მორალური დეგრადაციის ბოლო სტადიაში მყოფი სახელმწიფოს შთაბეჭდილებას და, როგორც ასეთი, შეუძლებელია იყოს მუდმივი საშიშროების წყარო.

ტერიტორიის დატაცებისათვის საჭიროა სულის სიწვრილმანე (რაც რუსეთს ყოველთვის უხვად გააჩნდა). მაგრამ მათ შესანარჩუნებლად – გონების სიდიადე (აქ იწყება რუსეთის დიდი პრობლემები).

იმისათვის, რომ უცხო ოკუპაცია იყოს ხანმოკლე, საჭიროა სხვადასხვა გარემოებები და მათი მთლიანობა. ამ გარემოებებზე საუბარი სხვა, უკეთესი დროისათვის გადავდოთ. აქ კი მივუთითებ ერთ, საინტერესო და ნაკლებად გაშუქებულ ელემენტზე – ნაციონალურ ერთობაზე.

თუ ქვეყანა, როგორც ამას თვლიდა ჯორჯ კენანი, დაახლოებით შემდეგი ფორმით წინასწარ განაცხადებს თავის უკომპრომისო პოზიციის შესახებ: „შენ (აგრესორო ქვეყანავ) შეგიძლია ჩვენ გაგვთელო, რასაკვირველია, თუ შენ იმდენად უგუნური ხარ, რომ ასეთი მცდელობა განახორციელო, მაგრამ შენ ვერაფერს ამით ვერ მოიგებ; ჩვენ შეგვიძლია გარანტია მოგცეთ იმისა, რომ არცერთი პრორუსულად განწყობილი მოქალაქე, ან ის ელემენტები, ვისი იმედიც შენ გაქვს, არ იქნება შენ განკარგულებაში; აქ შენ ვერცერთ ადეკვატურ უჯრედს ვერ იპოვი მარიონეტული რეჟიმის დასამყარებლად; პირიქით, შენ დაგიპირისპირდება მთელი ერის გაერთიანებული და კარგად ორგანიზებული სახალხო სიძულვილი; შენი ცხოვრება ჩვენ შორის არ იქნება შენთვის ბედნიერების მომტანი ან სასიხარულო; ჩვენ მწარედ გაწვნევინებთ ჩვენთან გატარებულ ყოველ დღეს; და ბოლოს, შენი აქ ყოფნა მოკლებული იქნება რაიმე დადებით გრძელვადიან პოლიტიკურ პერსპექტივას“.

ყველა ის ქვეყანა, რომელიც მზადაა, ასეთი სიტყვებით მიმართოს მოსკოვს, უკვე იღებს გარკვეულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას კრემლის პოტენციური შეტევის შემთხვევაში. შესაბამისად, ასეთი, ან მსგავსი შეურიგებელი პოზიცია სახელმძღვანელო პრინციპად უნდა იქნეს აღიარებული აგრესიის მსხვერპლი ყველა ქვეყნის მოსახლეობისათვის.

მე მგონია, რომ უკრაინა, 10-მილიონიანი ეთნიკურად რუსი მოსახლეობის მიუხედავად, დღეს უკვე მივიდა იმ დონემდე, როდესაც ზემოთ ციტირებული მანიფესტის უმეტესი ნაწილი ცალსახად გამოხატავს მის ნაციონალურ პოზიციას და შეუქცევად მისწრაფებას.

ყირიმმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთმა მის მიერთებაზე გადაწყვეტილება მიიღო. რა პროცესებს უნდა ველოდოთ, რამდენად რეალურია აღმოსავლეთ უკრაინის გამოყოფა, გადაიხედება თუ არა ურთიერთობა პუტინთან, რა და როგორ შეიცვლება დასავლეთი-რუსეთის ურთიერთობაში, რა ახალი ეტაპი იწყება თანამედროვე პოლიტიკაში? დასავლეთის რეაქცია და განცხადებები საკმაოდ მკაცრია. რამდენად გააცნობიერა დასავლეთმა დღეს, რომ ევროპაში უსაფრთხოებას და მშვიდობას საფრთხეს სწორედ რუსეთი უქმნის?

ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთი დაკავებული იყო ჯერ ე.წ. სოციალისტური ბანაკის შენარჩუნებით, შემდეგ იმპერიის გადარჩენით, შემდეგ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მოვლა-პატრონობით, ამის მერე საერთაშორისო არენაზე დაკარგული მდგომარეობის აღდგენით და საბოლოოდ, ზესახელმწიფოს სახელის დაბრუნებით. სწორედ ამ სტატუსის დაკარგვასთან არის დაკავშირებული რუსული ელიტის ყველაზე დიდი ნოსტალგია. „საბჭოთა კავშირის დანგრევა – მეოცე საუკუნის უდიდესი გეოსტრატეგიული კატასტროფა“ და მსგავსი საღი აზროვნების შეურაცხმყოფელი განცხადებები.

ამ ძიებაში პოლიტოლოგებმა და სამხედროებმა სამუშაო ჰიპოთეზის სახით წამოსწიეს იდეა, რომ რუსეთს სჭირდებოდა „პატარა მომგებიანი ომი“.

გამოსცადეს რა დასავლეთის ტოლერანტობის საზღვარი საქართველოს მაგალითზე, უსუსურ და ძალდატანებით რეაქციაზე დაყრდნობით, რუსეთის მმართველი ელიტა მივიდა დასკვნამდე, რომ ომი, ზოგადად, სამხედრო ძალის გამოყენება, შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში არის ყველაზე უფრო ადვილი, ჩქარი, ეკონომიკური და შედარებით უსაფრთხო გზა დაკარგული პრესტიჟის აღსადგენად. გლობალურად თუ არა, რეგიონული მასშტაბით მაინც.

ამაში მდგომარეობს ახალი ეტაპი. ანუ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური კანონები უკვე შეტევის წინაშე კი არ დგანან, არამედ ფუნდამენტურად შეირყნენ და უგულებელყოფილნი იქნენ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მე-11 სტატიის და VII თავის მიხედვით, აბარია მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა. ამ შეხედულების დასასაბუთებლად საკმარისია ორი მაგალითი – სუვერენული წარმონაქმნების, საერთაშორისო სამართლის სუბიექტების ხელშეუხებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად აღებული ვალდებულებების აუცილებლობა.

ყველა საუკუნე იწყება ორჯერ. კალენდარულად და იმ დიდი მოვლენით, რომელიც სახეს აძლევს, უქმნის საერთო ნარატივს ყველა მომდევნო მოვლენას. მე მინდა სრულიად დავეთანხმო ყოფილი საგარეო მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის აზრს, რომ 21-ე საუკუნე დაიწყო საქართველო-რუსეთის ომით. ამიტომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა არა მარტო მოსალოდნელი, არამედ ლოგიკური გაგრძელება იყო, და მას მოჰყვება ბევრი სხვა „საქართველოები და უკრაინები“ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს ქმედით ზომებს. მე მხედველობაში არ მაქვს ის სასირცხვილო, სკანდალური „სანქციები“, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადეს ამ დღეებში.

და ბოლო მოსაზრება. აქამდე არსებობდა ტერმინი „ვითომ ომი“, რომელიც აღწერდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის პირველი 6 თვის განმავლობაში. ახლა ჩვენ შეიძლება გავხდეთ მოწმე ახალი მოვლენის, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ „ვითომ სანქციები“.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ელჩების გაწვევა, G-8-იანის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა მაშინ იქნება ეფექტური, თუ მიიღებს გრძელვადიანი რეაქციის, ღირსეული პასუხის პირველი ეტაპის ფორმას, რომელსაც მოჰყვება მზარდი წნეხი მთელი ხელთ არსებული არსენალის გამოყენებით.

ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, პირველი – დასავლეთი გააცნობიერებს, რომ უსაფრთხოების და მშვიდობის საფრთხე მოდის რუსეთისაგან და მეორე, იქნება მზად, იმოქმედოს ამ საფრთხის სრულიად აღმოსაფხვრელად თუ არა, მისი დამანგრეველი პოტენციალის მაქსიმალურად შესამცირებლად.

სხვანაირად, ეს გათვითცნობიერება თავისთავად არაფერს ნიშნავს. ჩემს 45-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მე ეჭვი მაქვს, რომ ფინანსურმა და ეკონომიკურმა მოსაზრებებმა, მაძღარმა ცხოვრებამ სრულიად დააჩლუნგეს დასავლეთის ზოგადად და, განსაკუთრებით, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების იდეალიზმი, მათი თავდადება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. დარჩა ცალყბა მოწოდებები დემოკრატიის გაძლიერებისაკენ, რომლებიც უფრო შელოცვას ჰგავს, ვიდრე მგზნებარე სამოქმედო პროგრამას.
მაგრამ, დასავლეთის რეაქცია რუსეთის ბოლო სამხედრო ავანტიურაზე მაძლევს ერთგვარ იმედს, რომ ამჯერად საღი აზროვნება აჯობებს მერკანტილურ მოსაზრებებს. არა და ევროკავშირი დადგება რეალური რისკის წინაშე, მოხდეს მისი პოლიტიკური მარგინალიზაცია და, როგორც შედეგი, მისი გავლენის შემცირება.

უშვებთ იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩენის შიშმა და რუსეთში საპროტესტო დემონსტრაციებმა, კრემლს თავის უკრაინულ გეგმებზე საბოლოოდ უარი ათქმევინოს? ადრე, ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, გერმანია შედარებით ლოიალურად გამოიყურებოდა რუსეთის მიმართ, დღეს, რამდენადაც ჩანს, საკმაოდ აქტიურია, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ პუტინი სხვა რეალობაში იმყოფება, პუტინს დასავლეთში მოკავშირე აღარ დარჩა, მაგრამ გაეროში მაინც ახერხებს თავისი გაიტანოს. დილემა – რომლის წინაშე დღეს გაერო დგას, რა ალტერნატიული ნაბიჯები შეუძლია ყველაზე მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციას?

მოდით დავიწყოთ იმით, რომ შევაფასოთ რუსეთის აწმყო და, შეძლებისდაგვარად, ექსტრაპოლირება გავუკეთოთ ჩვენს მომავალ ურთიერთობებს ჩრდილოელ მეზობელთან.

დავიწყოთ ზოგიერთი ფაქტით. სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც რუსეთმა მოკლევადიანი მიზნების განსახორციელებლად მიიღო როგორც სამოქმედო გეგმა, მიუხედავად რამდენიმე ტაქტიკური გამარჯვებისა, მთლიანობაში ვერ ამართლებს იმედებს. დაპირებული კეთილდღეობა აღმოჩნდა მოკლევადიანი და ფართოდ დეკლარირებული ეკონომიკური ზრდა მუხრუჭების ხრჭიალით მივიდა ბოლო გაჩერებასთან, სადაც დიდი ხნით გაიყინა. თეზისი იმის შესახებ, რომ რაც უფრო მეტი ნავთობი გაქვს, მით უფრო ნაკლები პოლიტიკაა საჭირო – არ გამართლდა და გაზისა და ნავთობის საერთაშორისო დიპლომატიის ინსტრუმენტად გამოყენებამ, მოიტანა გამანადგურებელი პოლიტიკური შედეგები; სამხედრო „მუსკულების“ თამაშმა, NATO-ს ჩრდილო პერიმეტრის საჰაერო პატრულირების განახლებამ, გაუაზრებელმა ზეწოლამ პოლონეთზე და ჩეხეთზე, ასეთივე ზეწოლის მცდელობამ აშშ-ზე, საერთოდ, დასავლეთისადმი მუქარამ, და როგორც ამ საქმიანობის დაგვირგვინებამ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიამ, რუსეთის პოლიტიკის სერიოზული საჯარო უარყოფა გამოიწვია დასავლეთის საზოგადოებაში და მკვეთრად იქნა დაგმობილი სახელმწიფოებრივ დონეზე. რასაკვირველია, ჩავესის, ასადის და ჰამასის ღია მხარდაჭერამ ვითარება არ გააუმჯობესა, და სნოუდენისადმი გამოჩენილმა „ჰუმანიტარულმა“ აქციამ ეს სიტუაცია უიმედო გახადა.

პანიკით შეპყრობილი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ვერ პოულობს რაციონალურ ახსნას, თუ რატომ გაიჭედა პირდაპირ სასტარტო პოზიციაში პრეზიდენტ ობამას მიერ შემოთავაზებული რუსულ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვა“.

არ არის გასაოცარი, რომ არსებული დაბრკოლებების სერიოზული, გაღრმავებული ანალიზის არარსებობის ფონზე, რუსეთმა მიმართა დროით ნაცად ხერხს და წარმოადგინა რუსეთი საერთაშორისო კონსპირაციის მსხვერპლად. მტრულ გარემოცვაში ეულად მებრძოლი „გმირი ერის“ ძველი ხატი ისტორიული მტვრისგან გაწმინდეს და მაღლა ააფრიალეს, რათა უკეთ დაენახვებინათ საკუთარი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის. მთავრობის ხელის მოსამსახურედ ქცეულმა პრესამ ეს მისთვის ჩვეული სცენარი აიტაცა და ახალი ემოციური ელფერით შეალამაზა. „უსამართლოდ დაკარგული რუსეთის მიწების შემგროვებლის“ ეპითეტი მისტიკური შარავანდედით ამკობს პუტინის სახალხო პორტრეტს. და ეს გარკვეულ შედეგს იძლევა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. მიზეზი, ჩვენი აზრით, ისაა, რომ ქსენოფობია და ნაციონალიზმი არის შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლითაც ტრადიციულად მალავდნენ რუსი ხალხის სიღარიბეს და მისი მმართველების კორუმპირებულობასა და აგრესიულობას.

უკრაინის მოვლენებმა კონსოლიდაცია გაუკეთა ყველა თავისუფლებისმოყვარე ძალებს. წყალგამყოფი პატიოსან და არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს შორის, მართლა თავისუფალ და დამონებულ, დაჩმორებულ ერებს შორის გადის სწორედ უკრაინის მოვლენების მხარდაჭერაზე, აგრესიის მიუღებლობაზე და უკრაინელი ხალხის სამართლიანი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაზე.

რუსეთს, ცივილიზებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, არასდროს არ უცდია (და არც ახლა ცდილობს) თავის საზღვრებზე სტაბილური, დემოკრატიაზე ორიენტირებული სახელმწიფოების სარტყელის შექმნა. უფრო მეტიც, რუსეთის იმპერიული მენტალიტეტიდან გამომდინარე, რეფლექსური რეაქცია, ხშირ შემთხვევაში, მაშინ უკარნახებდა ქვეყნის მმართველობას სრულ სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს, როდესაც მოსაზღვრე ქვეყნები იყვნენ განვითარების მოდელის მუდმივ ძიებაში, ხასიათდებოდნენ არასტაბილური და პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი მდგომარეობით. ეს ქვეყნები, როგორც წესი, ან რუსეთის იმპერიის პერიფერიული ნაწილი იყვნენ, ან მყარად შედიოდნენ მისი ინტერესების სივრცეში, და მეტ-ნაკლებად მასზე იყვნენ დამოკიდებული. არსებული რუსული პარადიგმა გვასწავლის, რომ რუსეთი მით უფრო დაწყნარებული, წინასწარპროგნოზირებადი და თვითდარწმუნებულია თავის კეთილ მომავალში, რაც უფრო არეული და უპერსპექტივოა სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.
აქედან გამომდინარე, საგარეო, სავაჭრო, სამხედრო და განსაკუთრებით სადაზვერვო პოლიტიკა აგებულია იმაზე, რომ თუ ეს სიტუაცია ობიექტურად არ არსებობს, ის უნდა შეიქმნას ხელოვნურად. შესაბამისად, პრაქტიკული საქმიანობა მიმართულია მეზობელი ქვეყნების ფუნდამენტის შერყევაზე, მათ დესტაბილიზაციაზე და სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესის უვადო გაწელვაზე, თუ, რასაკვირველია, არ ხერხდება ამ პროცესის სრული შეჩერება.

პროპაგანდა რომ შეზღუდული ყოფილიყო მარტო დეკლარაციული პოლიტიკის ჩარჩოებით, იგი არ იქნებოდა ჩვენი ყურადღების ღირსი. მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთის საგარეო პოლიტიკის თეორია და პრაქტიკა განიცდის ფუნდამენტურ გადასინჯვას ნაციონალური ინტერესების დოქტრინაში ძალისმიერი კომპონენტის გაზრდის კუთხით.
რასაკვირველია, „ძალა“ ამ შემთხვევაში განიხილება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე და, ფაქტობრივად, მოიცავს სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სხვა კომპონენტებს.

ამ მხრივ დროა შევიგნოთ, რომ უკრაინაში სამხედრო ძალის გამოყენება არის არა ნორმიდან გადახრა, არამედ ახალი ნორმატიული პარადიგმა.

ნათელია, რომ სამხედრო ძალის შეუზღუდავი ფორმით გამოყენებას ვერ შეეგუება ვერც მსოფლიო და ვერც, განსაკუთრებით, დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი. ასეთ კურსს, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ვერც რუსეთისადმი კეთილგანწყობილი სახელმწიფოები გაამართლებენ.

რაც შეეხება გაეროს და რუსეთის როლს ამ ორგანიზაციაში, თუ სერიოზული პრეტენზია გაქვს ლიდერობაზე, საჭიროა აჩვენო შენი პასუხისმგებლობის მაღალი კულტურა ისეთ გლობალურ პრობლემებთან მიდგომაში, როგორიცაა ტერორიზმი, ბირთვული იარაღის გავრცობის პრევენცია, კლიმატური ცვლილებები და ა.შ. დროდადრო მოახდინო შენი მზადყოფნის დემონსტრირება ამ პრობლემების დაძლევისთვის თანამშრომლობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა საქმით დაამტკიცო შენი საჭიროება და, ამავე დროს, აჩვენო ჰუმანური სახე.

პრაქტიკაში, ლიდერობის განხორციელების ორი გზა არსებობს: დეკლარაციებით და საქმით. ორთავე საჭიროებს კარგად ჩამოყალიბებულ კოორდინატთა ჩარჩოს, რომელიც ფესვებით ჩაზრდილია დემოკრატიულ ღირებულებებში, კანონის უზენაესობაში, ინდივიდუალური უფლებების პატივისცემაში, კულტურულ და რელიგიურ ტოლერანტობაში, საერთაშორისო სამართლის ფუძის გამაგრებაში და სხვა.

მაგრამ მარტო ერთ გზას მიჰყავხარ ცივილიზებულ სახელმწიფოთა ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისაკენ: მოიქეცი როგორც ერთ-ერთი მათგანი, რადგან ასეთი წევრობა არის არა პრივილეგია, არამედ დიდი პასუხისმგებლობა.

როცა საერთაშორისო ექსპერტები უკრაინაში პროცესების განვითარების 5 სავარაუდო მოდელზე საუბრობდნენ: ყირიმი გამოეყოფა უკრაინას და გამოაცხადებს დამოუკიდებლობას; უკრაინამ ყირიმში შესაძლოა ძალა გამოიყენოს; რუსეთი ყირიმში ძალას გამოიყენებს; აშშ შეიძლება იძულებული გახდეს დაეხმაროს უკრაინას; ყირიმი რჩება უკრაინის შემადგენლობაში და რუსეთი პატივს სცემს მის ავტონომიას. ამ მოდელებიდან ყველაზე უარესი მოხდა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიტუაცია არ არის მარტივი და არ შეიძლება ჰქონდეს წრფივი, ერთგანზომილებიანი გადაწყვეტა. ანუ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ალტერნატივებიდან თითქმის ყველა არის შესაძლებელი როგორც განყენებულად, ასევე ურთიერთშეთავსებით. მაგალითად, ყირიმი უკვე გამოეყო უკრაინას უკანონო და არავის მიერ არ აღიარებული რეფერენდუმის საშუალებით. რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს – და, ჩემი აზრით, აუცილებლად გამოიყენებს – ძალა თათარი და უკრაინელი მოსახლეობის ეთნიკური წმენდისათვის. ამას რასაკვირველია წინ აღუდგება უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა. რა ფორმით? არ არის გამორიცხული ძალისმიერი საშუალებებიც. განსაკუთრებით, თუ აშშ და სხვა დასავლეთის ქვეყნები დახმარებას გაუწევენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე აღჭურვილობით, იარაღით, მრჩევლებით და სადაზვერვო ინფორმაციით. როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა სცენარით გათამაშდება მოვლენები, არამედ მათი თანამიმდევრობა და მხარეთა ხელში არსებული არჩევანი კონფლიქტის გამწვავების ყოველ მომდევნო ეტაპზე. ამიტომ არცერთი ვარიანტი არ უნდა იყოს a priori მოხსნილი განხილვიდან.

ურთიერთობის რა ახალ მოდელზე შეიძლება იყოს საუბარი თავად კიევსა და ყირიმს შორის, რადამ ყირიმის პარლამენტის დაშლის საკითხიც მიიღო, უკრაინის ახალი ხელისუფლება აცხადებს მზადყოფნას დაიწყოს დიალოგი მოსკოვთან. რუსი ექსპერტების მხრიდან არაერთხელ გაისმა ვარაუდები უკრაინის ფედერალურ თუ კონფედერაციულ მოწყობაზე.

უკრაინელმა ხალხმა უკვე დაანახა მსოფლიოს თავისი სიბრძნე, გამბედაობა, აუჩქარებელი გააზრებული საქციელი. ამიტომაც სთავაზობენ რუსეთს დიპლომატიურ, მოლაპარაკებით გზას. და ეს კიდევ ერთხელ წარმოადგენს მკვეთრ კონტრასტს იმ აღვირახსნილ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ ორგიასთან, რომელსაც ეწევიან რუსეთის ინფორმაციის წყაროები და რომელიც მიმართულია რუსი ხალხის ზნეობრივ გარყვნაზე და სისხლის სუნის მიჩვევაზე. ამიტომ მე მაინცდამაინც არ მივაქცევდი ყურადღებას რუს პოლიტოლოგებს.

რაც შეეხება უკრაინის მხარეს, მათი პოზიცია მიუთითებს გახსნილობაზე და მზადყოფნაზე, განიხილონ ყველა რეალური და გამართლებული ალტერნატივა. მაგრამ მომავალი სახელმწიფოებრიობის მოწყობის რა ფორმაც არ უნდა იყოს შეთანხმებული, იგი უნდა გამომდინარეობდეს უკრაინელი ხალხის მისწრაფებებიდან, და შეესაბამებოდეს მათ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული თავისუფალი არჩევანის გზით მუქარისა და დატერორების გარეშე.

კიევში რევოლუცია ახალი დასრულებული იყო, როდესაც ესტუმრეთ კიევს და ძალიან მალე რუსული აგრესია დაიწყო. ახალი მთავრობა, რომელიც სრულიად გამოუცდელია როგორ მართოს კრიზისი, რამდენად არის მზად, მინიმალური დანაკარგებით გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას?

ისტორიულად, რევოლუციურ მოვლენებს უცილებლად მოჰყვება გარკვეული სახელმწიფოებრივი სტრუქტურული ჩამოშლა, გაურკვევლობა, დაბნეულობა, რომანტიზმი და ეიფორია. გამონაკლისს არც კიევის რევოლუცია წარმოადგენს. მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების შენარჩუნება, მათი ახალი ფორმებით ჩანაცვლება და ახალი კადრებით დაკომპლექტება მოხდა საოცარი სისწრაფით. და რომ არა რუსეთის აგრესია, ახლა ჩვენ საქმე გვექნებოდა ფუნქციონალურ, ეფექტურ მთავრობასთან. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. 

მაგრამ, როგორც ხედავთ, პირველმა შოკმა გადაიარა. ამას ამტკიცებს იაცენიუკის, მთავრობის სხვა წევრების გამიზნული საქმიანობა.

რაც შეეხება დანაკარგს. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასდროს არ უნდა ებრძოლო იდიოტს. იგი აუცილებლად ჩაგითრევთ ქვემოთ თავის დონეზე, და იქ მოგიგებს თავისი გამოცდილებით. ის რაც ხდება დღეს. რუსეთი ქვემოთ, ჭუჭყისაკენ ითრევს მთელ ცივილიზებულ სამყაროს და, სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში არავინ არ იქნება მოგებული.

და ამ ყველაფრის ფონზე, დასავლეთის მხრიდან რა კონკრეტული ნაბიჯები დააკლდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს და ის ფაქტი, რომ მაშინ რუსეთის აგრესიის მიზანი სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილება იყო, დღეს ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის სკეპტიკოს პარტნიორებში? ქართულ მაგალითებზე დღეს ყველა წამყვან მედიასაშუალებებშია საუბარი, მაინც რა გაკვეთილი გამოიტანა დასავლეთმა აგვისტოს ომის შემდეგ და ჩანს თუ არა ეს უკრაინის კრიზისზე?

დასავლეთის პასუხი რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიის ანექსიაზე და დღემდე მიმდინარე ოკუპაციაზე იმდენად უსუსური, არაეფექტური, სიმბოლური და, სამწუხაროდ, არაგულწრფელი იყო, რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო მათი დახასიათება თუ კრიტიკა.

მაგრამ კარგი უკვე ის არის, რომ ომის შემდეგ თავისი აფორიაქებული სინდისის დასამშვიდებლად მოგონილ ბევრ მითზე დასავლეთმა უკვე უარი თქვა. თეზისი კონფლიქტის მონაწილეთა თანაბარი პასუხისმგებლობის შესახებ, საჯაროდ იქნა უარყოფილი. ომის ინიციატორის სახელი, რომელიც აქამდე კეკლუცად იმალებოდა ან ჩურჩულით წარმოითქმებოდა დასავლეთ ევროპის დედაქალაქების მთავრობის მისაღებებში, ბოლოს და ბოლოს, მიეცა საჯარობას და მხილებას (სერიოზულმა ხალხმა ეს ადრეც იცოდა, მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობიაო). აგრესიის მიზეზს, ანუ საქართველოს იმდროინდელი მთავრობის შეცვლის მიზანს დაერქვა თავისი სახელი და, ბოლოს და ბოლოს, მიეცა იურიდიული და მორალური შეფასება.

გარდა ამისა, უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის დაჟინებული და პირდაპირი მითითება უკრაინაზე, როგორც რუსეთის მომავალი აგრესიის მსხვერპლზე, არა მარტო თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს პოლიტიკური წინასწარმეტყველების წარჩინებულ მაგალითებს შორის, არამედ გახდება სერიოზული ანალიზის საგანი იმ კუთხით, თუ რატომ არ იღეს ყურად ეს გაფრთხილება იმათ, ვისაც ავალია ასეთი საგანგაშო ინფორმაციის სათანადო ანალიზი და ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი მოსალოდნელი აგრესიის წინაშე მოუმზადებლობისათვის.

ბუდაპეშტის მემორანდუმი – რომელიც ბირთვულ იარაღზე უარს ათქმევინებს უკრაინას, როგორ შეიძლება აამოქმედოს ეს მემორანდუმი ამერიკამ, ბრიტანეთმა და მაშინ როცა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზეა მთელი მსოფლიო მოწადინებული, როგორ ვუმტკიცებთ ირანს იმ ფაქტს, რომ თუ მის სახელმწიფოებრივ მთლიანობას რაიმე საფრთხე დაემუქრა, გარანტი იქნება გაერო ან სხვა ქვეყნები? უკრაინის კრიზისის არასწორი გზით განვითარება და თუნდაც ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რამდენად გაზრდის ნიჰილიზმს დასავლური პოლიტიკის მიმართ?

ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმი, ლისაბონის 1992 წლის ოქმი, ბირთვული იარაღის არგავრცობის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ე. წ. ნეგატიური გარანტიები, ანუ 1968 წელს სამი ბირთვული სახელმწიფოს მიერ გაკეთებული პარალელური განცხადებები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ), გაეროს წესდების VI და VII თავები, სხვა ასეთივე მიმართულების იურიდიულ ინსტრუმენტებთან ერთად, ქმნიდნენ საერთაშორისო ხელშეკრულებების მუდმივობის, შეუბღალაობის და ხელშეუხებლობის მყარ წარმოდგენას. რომელიც დღეს შეიძლება ილუზიად იქცეს.

ისტორიაზე დაყრდნობით, ვერ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ამან გამოიწვიოს მოულოდნელი, ძნელად მართვადი პროცესები გლობალური მასშტაბით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთა ლიგა თანაბარი ბრალით დაშალა რამდენიმე სახელმწიფოს აგრესიულმა საქციელმა და ამ აგრესიისადმი გულგრილობამ უმრავლესობის მხრიდან.

დაშლა გაეროს არ მოელის. რასაკვირველია, მე შორს ვარ იმისაგან, რომ ასეთი კატასტროფული მომავალი ვიწინასწარმეტყველო.

მაგრამ იმ პირობებში, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მუდმივად არის დაკავებული არამუდმივი ქვეყნების ტერიტორიების ძალადობრივი შეძენით, სრულიად შესაძლებელია, რომ ორგანიზაციის ქმედითუნარიანობა გახდეს ნულის ტოლი და ორგანიზაცია შენარჩუნდეს მარტო როგორც მოგონება ან გაფრთხილება მომდევნო თაობისათვის, თუ როგორ გავუშვით ჩვენ ხელიდან ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების შანსი. წყობისა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სამართლიან, თანასწორუფლებიან საერთაშორისო ურთიერთობებზე, გაეროს ეგიდისა და ყოვლისმომცველი გარანტიების ქვეშ.

რაც შეეხება კორეას, ირანსა და სხვებს, ერთს ვიტყვი მკაფიოდ. საქართველოს 2008 წლის ომმა მისცა პირველი სუსტი იმპულსი და უკრაინის მოვლენებმა ათმაგად გააძლიერეს სახელმწიფოების მიერ სამხედრო კომპონენტების ახლებურად შეფასების ტენდენცია. საკუთარი უსაფრთხოების ნაციონალური დოქტრინები გადახედვას ექვემდებარება სწორედ ამ კუთხით. ამ მოვლენებმა ფუნდამენტური გადატრიალება მოახდინეს ან მოახდენენ იმაში, თუ როგორ აფასებენ საკუთარ უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლებრივ ქოლგას თავშეფარებული ქვეყნები; რას ფიქრობენ ისინი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაეროს, ეუთოს გარანტიების შესახებ; რა ადგილი უკავია და რა როლს თამაშობს ბირთვული იარაღი, ან შეიარაღებული ძალები ზოგადად, სახელმწიფოს რეალური, და არა ფიქტიური, უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში.

პარალელურად, გაიზრდება დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიზანსწრაფვა ახალი რეგიონული სამხედრო ალიანსების შექმნაზე, და არსებული ალიანსების წევრობაზე.

და, აქედან გამომდინარე, NATO-ს წევრობა გახდება მთელი რიგი ქვეყნების რეალური პოლიტიკის პირველადი მიზანი.

უკრაინის კრიზისის გავლენა საქართველოზე, რა შეიძლება შეიცვალოს და რაში ხედავთ ამ კრიზისის გავლენას, თუნდაც ევროატლანტიკური მიმართულებით ველოდებით გარღვევას? უკრაინის პროცესებმა დააჩქარა საუბარი NATO-ში ინტეგრაციაზე, რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ეს ვარაუდები?

ჯერ ადრეა იმაზე ამომწურავად ლაპარაკი თუ რა ფორმას მიიღებს საერთო ნაციონალური ქართული დისკუსია. ასევე გაუგებარია, რა ძვრები ხდება და მოხდება უახლოეს მომავალში დასავლეთის კონცეპტუალურ მიდგომებში.

მაგრამ ერთი უკვე ნათელია. უკრაინის მოვლენებმა კონსოლიდაცია გაუკეთა ყველა თავისუფლებისმოყვარე ძალებს. წყალგამყოფი პატიოსან და არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს შორის, მართლა თავისუფალ და დამონებულ, დაჩმორებულ ერებს შორის გადის სწორედ უკრაინის მოვლენების მხარდაჭერაზე, აგრესიის მიუღებლობაზე და უკრაინელი ხალხის სამართლიანი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაზე.

ნათელია ისიც, რომ ქართველი ხალხი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ისტორიულ მისიას, გააკეთოს სწორი არჩევანი სიკეთისა და სიბოროტის ძალების შეჯახებაში და დადგეს სიმართლის მხარეზე. პასუხისმგებლობა არის თავისუფალი ადამიანის დამახასიათებელი თვისება. მონამ იცის მარტო შურისძიების გრძნობა.

რაც შეეხება საქართველოს დაჩქარებული ტემპით NATO-ში მიღებას, არ მგონია ეს განხორციელდეს. მიუხედავად სანქციებისა, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ჯერ კიდევ დიდია რუსეთის ჩრდილი, რომელიც ჰამლეტის მამის აჩრდილივით წყვდიადში ეახლება ამ ქვეყნების ლიდერებს და ახსენებს თუ ვისი გაზით თბებიან, ვისი საწვავით ავსებენ მანქანებს და ვისი მოპარული ფინანსებით ასულდგმულებენ საბანკო-საკრედიტო სისტემებს. სანამ რუსეთი რჩება გაზ და ბენზინგასამართ სადგურად, რომელიც ინიღბება სახელმწიფოს სახით, NATO-ში ახალი წევრების მიღების საკითხი დიდ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული.

საქართველოში მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ და რა ახალი ეტაპი დადგა საქართველოში, როცა ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალა მოვიდა?

თავისუფალი არჩევნები გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული პრინციპების საზოგადოებაში დამკვიდრების თვალსაზრისით. მაგრამ ეს არის დემოკრატიის პროცესის განვითარების მხოლოდ ერთი მხარე. ანუ მხოლოდ ერთი მაჩვენებელი. მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა, მარტო არჩევნები არ არის საკმარისი სტაბილური, წარმატებული დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად. სანამ საზოგადოებები ვერ შეძლებენ შექმნან ინსტიტუციები, რომლებსაც ძალა შესწევთ გააკონტროლონ ქვეყნის პოლიტიკური მმართველი კლასი, ეფექტურად შეზღუდონ არაკანონიერი გადაწყვეტილებების დამანგრეველი პოტენციალი, ისინი მუდამ დარჩებიან სამოქალაქო არეულობის რისკის წინაშე.

დემოკრატული შეზღუდვებისა და გაწონასწორების სისტემის განუვითარებლობის გამო კარგავენ მოქალაქეები რწმენას თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ინსტიტუტის ეფექტურობაში და ხელს უწყობენ საზოგადოების რადიკალიზაციას.

დემოკრატიის ნაირსახეობა ძირითადად წარმოიშვა 90-იანი წლების პირველ ნახევარში. „არჩევითი დემოკრატია“, „ჰიბრიდული დემოკრატია“, „ავტორიტარული დემოკრატია“, „კვაზიინსტიტუციური დემოკრატია“ და ა.შ. ყველა ეს ფორმა ჰგავს ერთმანეთს იმით, რომ მმართველ ელიტას შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს ხალხის სურვილს, პრეფერენციებს და, თავის მხრივ, მასები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ მთავრობის გადაწყვეტილებებზე.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ორი საერთო კატეგორია – „ეფექტური“ და „არაეფექტური“ დემოკრატიები.

აქ შეთავსებულია ორი კრიტერიუმი. პირველი – თავისუფალი არჩევნები, როგორც მათ აფასებს Freedom House-ის ყოველწლიური კლასიფიკაცია . მეორე – მსოფლიო ბანკის მმართველი საბჭოს შკალა აფასებს ქვეყნის დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების რეალურ ეფექტურობას.

როგორც ამ ორი შეფასებითი კრიტერიუმის ანალიზი გვაჩვენებს, არჩევითი დემოკრატია შეიძლება დამყარდეს თითქმის ყველგან. მაგრამ მისი სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად გადაეცემა ძალაუფლების საქმიანობის შედეგი ხალხის ხელში. ანუ რა სარგებელს ხედავს ხალხი.

ჩვენი მხრივ, დავამატებთ, რომ დემოკრატიული მთავრობა უნდა ემყარებოდეს საზოგადოების ჯანმრთელ ეჭვს და არა მის ნდობას. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ იქ, სადაც მმართველობა ითხოვს და იღებს მოსახლეობისაგან განუსაზღვრავ, არაკონტროლირებად ნდობას, თუნდაც მცირე ხნით, უფრო დიდი ალბათობით ხდება ხელისუფლების უზურპაცია და ტირანული საწყისების გამოვლინება, ვიდრე სახელმწიფოებში, რომლებმაც შეიძინეს დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის ტრადიცია, იურიდიულ-კონსტიტუციური ფორმით მოახდინეს მისი კოდიფიკაცია.

ამ კუთხით შეფასებული, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, განვითარების ემბრიონალურ სტადიაში მყოფი ერთეულია. მსაჯულები ჯერ დარბაზში არ დაბრუნებულან განაჩენის გამოსატანად.

მაგრამ მინისტრების თავბრუდამხვევი უვიცობა, მათი არაკომპეტენტურობა, მართვის საფუძვლების სრული იგნორირება, ეკონომიკური განვითარების საერთო შეჯამებული და კარგად გააზრებული ხედვის არარსებობა უკვე ცუდად შენახულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

აქ იძულებული ვარ მივუთითო დემოკრატიული არჩევნების ერთ ნაკლებად გაშუქებულ მხარეზე. კერძოდ, დემოკრატიამ შექმნა საზოგადოების კოლექტიური დასჯის ყველაზე ეფექტური ფორმა. როდესაც ამომრჩეველი ხმის მიცემის უფლებას (იურიდიული მონაპოვარი) არ აწონასწორებს ხმის მიცემის პასუხისმგებლობის (ეთიკური ნორმა) დოქტრინით, იგი სამაგიეროდ იღებს უვიც, აგრესიულ, შურისძიებაზე ორიენტირებულ, უხამს მთავრობას, რომელთანაც დემოკრატიის წესების სრული დაცვით უნდა ითანაარსებოს 4, 5 ან მეტი წლით, კონსტიტუციით დადგენილი დროით.

ახლა რამდენიმე სიტყვა მთავრობის კონკრეტულ საქმიანობაზე, ან უმოქმედობაზე.

ალბათ არავინ არ შემეკამათება იმაში, რომ საქართველოს ბედი დღეს წყდება უკრაინაში. ეს ისევე ელემენტარულია, როგორც ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთის აგრესიის მოწინააღმდეგეთა წინა რიგებში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით პირველი რგოლი იმ ჯაჭვისა, რომლითაც დღეს პუტინი ყოფილი რესპუბლიკების შებოჭვას ცდილობს. სასირცხვილოა, რომ საქართველოს ხმა სუსტად კი არა, საერთოდ არ ისმის სხვა სახელმწიფოების გვერდში. ჩვენი მთავრობის პასიური ხელშეწყობით, პუტინმა მიაღწია იმას, რომ სრული ნეიტრალიზაცია გაუკეთა თავის ყველაზე შეურიგებელ, აქტიურ და დამაჯერებელ კრიტიკოს სახელმწიფოს – საქართველოს.

ჩვენ, საკუთარ მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვეძლო უდანაშაულო მსხვერპლის მორალური ავტორიტეტით გაგვემყარებინა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ერთხმიანი დაგმობა.

ჩვენ შეგვეძლო, და ჯერ კიდევ არ არის გვიან, გამოვიყენოთ სიტუაცია კიევში იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მივაქციოთ მსოფლიოს ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. გრძელდება ოკუპაცია. ქვეყანა ეხვევა მავთულხლართების ქსელში. და ა.შ.

რატომ არ იყენებს საქართველოს მთავრობა ამ უნიკალურ სიტუაციას, როდესაც რუსეთის აგრესიამ მოთმინების ფიალა აუვსო რუსეთის ყველაზე თავდადებულ მოკავშირეებსაც კი? რატომ არ ვახსენებთ მსოფლიოს, რომ აგვისტოს ომის მერე საქართველომ ნათლად მიუთითა შემდგომ მსხვერპლზე – უკრაინაზე; რატომ არ ვახსენებთ, რომ ჩვენ უკვე მაშინ ვაფრთხილებდით საერთაშორისო სამყაროს, რომ ეს იყო პირველი, ნაბიჯი რომელსაც მოჰყვებოდა სხვა ასეთი ნაბიჯები.

ის, რაც ხდება უკრაინაში, არის საქართველოს სცენარის ახალ პირობებში გამეორება. იგივე მოვლენების რიგი. ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომლებიც წინ უძღვის ჯარის შეყვანას დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. იგივე რაოდენობის ჯარები. ტერიტორიების მითვისება. სიტუაციის არევა და აგრესიის გაღრმავება. გაიხსენეთ, როგორ ვითარდებოდა ომის წინა და შემდგომი მოვლენები ჩვენთან. როგორი მცდელობა იყო თბილისში სიტუაციის არევის ბურჯანაძის და სხვების მეშვეობით.

რაშია საქმე? როგორ აღმოვჩნდით ასეთ დაბეჩავებულ, ხმაჩაგდებულ სიტუაციაში? ნუთუ საქართველოს მთავრობას არ ესმის, რომ სამხედრო ძალის შეუზღუდავი ფორმით გამოყენებას ვერ შეეგუება ვერც მსოფლიო და ვერც, განსაკუთრებით, დასავლეთის საზოგადო აზრი? ნუთუ არ ესმით, რომ ასეთ კურსს, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ვერც რუსეთისადმი კეთილგანწყობილი სახელმწიფოები ვერ გაამართლებენ? მაშ, რატომ ვეძებთ რუსეთის გასამართლებელ არგუმენტებს ჩვენ, მათი აგრესიის პირველი ობიექტები? რატომ არ ვუცხადებთ სრულ, ცალსახ და მყარ მხარდაჭერას გმირულ უკრაინელ ხალხს? რატომ არ ვიყენებთ შექმნილ სიტუაციას ჩვენი პრობლემების კიდევ ერთხელ გამოსამზეურებლად?

ყველა ამ შეკითხვას მარტო ერთი ლოგიკური პასუხი შეიძლება ჰქონდეს. საქართველოს დღევანდელი მთავრობა ან არის პუტინის ყველაზე სასურველი მოკავშირე, ან ბრმად ასრულებს საერთაშორისო შტრეიკბრეხერის როლს. ყველა შემთხვევაში, ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, თუ ვინ არის რუსეთის აგენტი? და აგენტი თუ არა, მათი ინტერესების გამტარებელი მაინც?

პუტინი ვერც კი ინატრებდა უკეთეს სიტუაციას, როდესაც საქართველოს პოტენციურად ძლიერი ხმა სრულიად ნეიტრალიზებული აღმოჩნდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა მთლიანად ყალიბდება მოვლენების წნეხით და ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს ამ გარემოებების ფორმირებაზე, როგორც ეს იყო ადრე.

გარდა ამისა, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის უნიათო და გეზს აცდენილი შინაგანი პოლიტიკის ანარეკლი. აიღეთ ნებისმიერი საკითხი. რას ვაკეთებთ, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის მიერ სასაზღვრო ზოლების მცოცავ ანექსიას? რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემები?

ის, რომ გაეროს მისია აპირებს ანქვაბის მითითებებით და მასთან შეთანხმებით საქმიანობას, არის სკანდალური მოვლენა. და არა აქვს მნიშვნელობა, ხდება ეს საქართველოს მთავრობის ჩუმი თანხმობით თუ მათი წახალისებით. ორივე შემთხვევაში, ეს საქართველოსათვის საზიანოა და ექნება გრძელვადიანი დამანგრეველი ეფექტი. მე მეშინია, რომ მომდევნო თაობები ამას არ გვაპატიებენ.
ერთიც უნდა მივუმატო უკვე ნათქვამს. წინა მთავრობა ამას არაფრით არ დაუშვებდა.

მაგრამ ამ პრობლემებისათვის პრემიერმინისტრს დრო არა აქვს. იგი დაკავებულია ჩემი მხილებით. საკითხავია, სანამ ის ასე დაკავებულია, ვინ უნდა ამხილოს რუსეთის ნამდვილი სახე და მისი ფარული ზრახვები? ან არის კი პოლიტიკური ნება ამის გაკეთების? ეჭვი მეპარება.

ჩემი აზრით, ძალიან მალე მოვა დრო, როცა საზოგადოება უკან დაიბრუნებს უფლებებს მათგან, ვისაც არა აქვს წარსულის არავითარი გამოცდილება, აწმყოს არანაირი ექსპერტული ცოდნა და არავითარი პასუხისმგებლობა მომავლის მიმართ. მიუხედავად ამისა, მათ აბარიათ ქვეყნის ყველაზე მაღალი ტრიბუნა. სწორედ აქედან ხდება მათი დაბალი ხარისხის, გაუნათლებელი ანალიზების და კვაზიდოქტრინების ყოველდღიური ტირაჟირება და დამანგრეველი საქმიანობის ხოტბა-დიდება.

სააკაშვილი იყო ჰიპერაქტიული პრეზიდენტი და მის შემდეგ საქართვლოს ჰყავს კონსტიტუციითაც რადიკალურად განსხვავებული საპრეზიდენტო მმართველობა და პრეზიდენტი.

ასეთები ყოფილა? კალიგულამ სენატში ცხენი შეიყვანა. ახლა ვითომ რითი არ სჯობია ცხენს მარგველაშვილი? ან ღარიბაშვილი? ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ორი ინდაური ერთ ცხენად ვერ გადაიქცევა. მით უმეტეს, ერთ ლომად.

დაბოლოს, უშვებთ, რომ საქართველოს საზოგადოებაში, რომლის ძალიან დიდი უმრავლესობა NATO-ს და ევროკავშირის მომხრეა, შესაძლოა გაჩნდეს და გაძლიერდეს პრორუსული განწყობები?

იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი აქტიურად და, უნდა ვაღიაროთ, თავხედურად ღიად აწარმოებდა ჩვენთან ომისთვის მზადებას, საქართველოში თავი წამოყო ეგრეთ წოდებულმა მეხუთე კოლონამ. ანუ მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული მომავალი მოეაზრება რუსეთთან ტანდემში, უმცროსი სატელიტის სახით. უნდა ითქვას, რომ ამ დროს ეს „მეხუთე კოლონა“ საქართველოში იყო მცირერიცხოვანი, ფინანსურად უძლური და საზოგადოებაზე რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ გავლენას მოკლებული. იგი ძირითადად შედგებოდა 50 წელს გადაცილებული, ასაკოვანი ქალაქის მოსახლეობისგან.

რადგანაც შევეხეთ „მეხუთე კოლონის“ ფენომენს, საჭიროთ ვთვლი, მოკლედ დავახასიათო ამ მოვლენის საერთო გენეზისი, მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მასაზრდოებელი ნიადაგი.

როგორც დაგვანახა I და II მსოფლიო ომების ისტორიამ, ისევე როგორც ზოგადად კოლონიალური პოლიტიკის პრაქტიკამ, გარე აგრესორები დასაპყრობი ქვეყნების შიგნით დასაყრდენს პოულობდნენ მოსახლეობის ყველა ფენაში, მაგრამ ძირითადად ჭარბობდნენ მეტროპოლიებში განათლებამიღებული კომპრადორული ზედა ფენიდან. ამ ფენის წარმომადგენლები, ერთი მხრივ, თავს თვლიან მეტროპოლიის კულტურის ნაწილად და, შესაბამისად, დამპყრობელი ქვეყნის ინტერესებთან მათი მსოფლმხედველობის გაიგივება ბუნებრივია. მეორე მხრივ, თავისი ყოფილი კეთილდღეობისა ან პრივილეგირებული მდგომარეობისათვის ისინი მთლიანად უმადლიან ისტორიას ჩაბარებულ გარემოებებს. გარდა ამისა, ეს ხალხი, მცირე გამონაკლისის გარდა, ანალოგიურ ადგილს ან მდგომარეობას ვეღარ იმკვიდრებს ახალ სიტუაციაში, რაშიც ბრალს სდებენ ახალ, ნაციონალურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით მოსულ მთავრობებს.
ამ კატეგორიის გარესამყაროსათვის მიღებული იმიჯი ჩვეულებრივად იქმნება პაციფისტური ტერმინოლოგიის გამოყენებით. გაძლიერებულია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით ჟონგლირება. სხვების არატოლერანტულობაში დადანაშაულება ხდება უნივერსალური ფარი ყველანაირი კრიტიკის დასაჩლუნგებლად. და ბოლოს, „მეხუთე კოლონა“ ცდილობს საკუთარი პოლიტიკური პროფილის პროეცირებას, როგორც საზოგადოების ავანგარდის, რომელსაც, რასაკვირველია, თავისი პროგრესული განწყობის გამო, ვერ უგებს ჩამორჩენილი მოსახლეობა.

ქვეყნის შიგნით რაიმე სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, როგორც წესი, ამოფარებულია უკიდურესად პატრიოტულ-რელიგიურ რიტორიკას, თავის პოზიციას ამართლებს ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის დაუოკებელი სურვილით. მაგრამ ყველა ასეთი დაჯგუფება ან პოლიტიკური პარტია ავტომატურად არ იქცევა უცხო ძალის აგენტად.

იმისათვის, რომ ეს საბოლოო ტრანსფორმაცია მოხდეს, საჭიროა „ეთიკური ვაკუუმის“ შექმნა და ამ სივრცეში მორალურ პასუხისმგებლობას მოკლებული ძალების ჩასახლება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ხალხი, რომლებიც თავის თავზე იღებენ ამ სოციალურ დაკვეთას, არ თვლიან თავის ნაბიჯს ამორალურად და სერიოზულად მიაჩნიათ, რომ მათი გაკიცხვა შეუძლია მარტო გაუნათლებელ პროვინციალს, რომელსაც არა აქვს ისტორიული ხედვა, არ შესწევს ძალა „დადგეს მოვლენებზე მაღლა და სათანადოდ შეაფასოს მათი თავგანწირვა“.

აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოების უმრავლესობის, ჯანსაღი ნაწილის მიუხედავად, შესაძლებელია სერიოზული პრორუსული ძალების ჩამოყალიბება და მათი ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე აქტიური გამოსვლა.

ასეთი დასკვნის უფლებას მაძლევს ის ფაქტიც, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის, ხელოვანი და ინტელექტუალური ფენის ნაწილი რუსეთის შეფასებაში იყენებს ფორმულას „რუსეთი აგრესორია, მაგრამ იგი ჩვენი აგრესორია, მას ესმის ჩვენი, იცის ჩვენი ისტორია და უყვარს ზოგადად ქართველები“. შეცვალეთ ქართველები უკრაინელებით ან შემდეგი მსხვერპლის სახელით და მიიღებთ უნივერსალურ ფორმულას, რომლის მიხედვითაც, ამ რესპუბლიკებს აქვთ მარტო ერთი გააზრებული არჩევანი. ჯობია მოითმინო, თავი მოაწონო რუსეთს, უმღერო, უცეკვო, თავი შეაყვარო და შეარბილო მონობის უღელი.

უნდა გვესმოდეს ის, რაც გადასარევად გაიგო მაიდანმა – როცა საქმე ეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რუსულ კულტურულ და პოლიტიკურ ელიტაში იყო და იქნება თითქმის სრული კონსენსუსი. რუსეთს უყვარს საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი – ქართველების, უკრაინელების და აზერბაიჯანელების გარეშე. (ამის სულ ბოლო დადასტურება იხილეთ პუტინის სახელზე მიწერილ რუს ხელოვნების მოღვაწეთა სიაში).

ზოგს მიაჩნია, რომ ძნელი დასაჯერებელია, ვითომდა რუსეთს სხვისი ტერიტორიები უნდოდეს. ეტყობა, ამ ადამიანებს ან არ ესმით ან არასდროს სერიოზულად არ შეუსწავლიათ რუსეთის პოლიტიკის და ნაციონალური მისწრაფების შემადგენელი. ავუხსნი მათ და სხვებს.

რუსეთს საქართველოს და სხვა ყოფილი რესპუბლიკების სიმპათია და სიყვარული არაფრად არ სჭირდება. რუსეთს აქვს იმპერიული პოლიტიკა და მას თანამიმდევრულად ახორციელებს საუკუნეების მანძილზე. დიპლომატიის ისტორიაში თქვენ ვერ მონახავთ რუსეთსა და მის მოკავშირეებს შორის ხანგრძლივი, თანაბარი და ღირსეული ურთიერთობების მაგალითს. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის რუსეთის მმართველი. როგორც ვნახეთ, პუტინი შეცვალა მედვედევმა და შეცვალა პუტინმა. არაფერი არ გამოიცვალა საქართველოს მიმართ. ანუ გამოიცვალა უარესობისაკენ, და არა მარტო ჩვენთვის. ეს მოხდა უკრაინისათვის, აზერბაიჯანისათვის და ა.შ.

ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. უნდა გავუფრთხილდეთ მონაპოვარს. ნუ მივცემთ ემოციებს საშუალებას, ძირი გამოუთხაროს საღ აზრს.

ესაუბრა რუსუდან ვაშაკიძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები