სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ღარიბაშვილი სააკაშვილის ძებნაზე: მე მოვლენებს გავუსწარი

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან მოვლენებს გაუსწრო მაშინ, როცა თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდება.

”მე მოვლენებს გავუსწარი, უბრალოდ, ჩემი შეფასება იყო და ამას უფრო კარგად პროფესიონალები განმარტავენ, მე ვგულისხმობ პროკურატურას, ისინი მოსახლეობას უფრო კარგად აუხსნიან, თუ რა არის შემდგომი ეტაპები. დღეს, ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს, სადაც დეტალურად განმარტავს, თუ რა იქნება შემდგომი ეტაპები. გარდა იმისა, რომ არსებობს მოწმის დაკითხვა პროკურატურაში,  არსებობს სხვა საშუალებებიც, მაგალითად, იგივე ვიდეოსაშუალებით დაკითხვა სასამართლოში, რაც არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ სტანდარტები და  გადავედით რეალურად ევროპულ სტანდარტებზე. ეს არის მეორე ეტაპი, შემდეგ უკვე პროკურატურა გააკეთებს ამასთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე დაბარებული ერთდროულად 10 საქმესთან დაკავშირებით, პრემიერის თქმით, ეს ინსტიტუტებისადმი გარკვეულწილად პატივისცემის გამოხატულებაა, რომ სააკაშვილი 10-ჯერ არ დაიბარეს. 

”მე მოვისმინე არა მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის, არამედ უცხოელების შეკითხვებიც, თუ რატომ მოხდა სააკაშვილის დაბარება დაკითხვაზე  ერთდროულად 10 საკითხთან დაკავშირებით. აქ პასუხი ძალიან მარტივია, ის რაც მე ვიცი პროკურატურისგან, ამ საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებული იყო ჯერ კიდევ გასულ წელს. გამოძიება მივიდა იმ კონდიციამდე, რომ ამ ეტაპზე ყოფილი პრეზიდენტის  მოწმის სახით დაკითხვა გარდაუვალი გახდა და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ნორმალური პროცესი: პროკურორმა საჭიროდ ჩათვალა, რომ მოწმის სახით მიეყვანა, დაეკითხა სააკაშვილი ერთდროულად ამ 10 საკითხზე,  ვიდრე ათჯერ გამოეძახებინათ 10 განსხვავებულ საკითხზე. მე მგონი ნორმალურია, ეს მათთვის არის ხელსაყრელი, ეს გამოხატულებაა გარკვეული პატივისცემისა ინსტიტუტების მიმართ, რომ არ დაიბარეს ათჯერ ათ საკითხთან დაკავშირებით”, - აცხადებს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს 13:00 საათზეა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს. სააკაშვილი საქართველოში დაკითხვაზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა. ირაკლი ღარიბაშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე. პროკურატურას აქვს მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი", - განმარტა ღარიბაშვილმა. 

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

 

კომენტარები