მოწმეთა დაკითხვა

ხატიაშვილი: ღარიბაშვილმა იცრუა, რომ მოწმის დაკითხვის სტანდარტები შეიცვალა

ზაზა ხატიაშვილი
ipn.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მოწმის დაკითხვის სტანდარტები შეიცვალა და საქართველოს ამ მხივ ევროპულ სტანდარტებზე გადავიდა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ტაბულასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოწმის დაკითხვის ახალი წესის შემოღება, რომელიც მოწმის მიერ პირველი ჩვენების მიცემას სასამართლოზე ითვალისწინებდა, სწორედ პრემიერის ინიციატივით გადაიდო.

''თქვენ კარგად იცით, რომ 2012 წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო მოწმის დაკითხვის სასამართლო წესი. თუმცა, ღარიბაშვილის და ივანიშვილის ინიციატივით, ეს გადაიდო,'' - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მოწმეთა სასამართლოზე დაკითხვის ახალი წესის შემოღებით ქვეყანა ბევრ პრობლემას აიცილებდა თავიდან. ''იგივე მოწმეების გატაცებები აღარ იქნებოდა, მოწმეებზე ზეწოლა აღარ იქნებოდა. თუმცა, წესის გადავადება, ღარიბაშვილის და ივანიშვილის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები, რომ თითქოსდა მათ რამე შეცვალეს და დემოკრატიულ პრინციპებზე გადავიდნენ, არის დიდი სიცრუე", - განაცხადა ხატიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე დაიკითხოს. თუმცა, ეს მხოლოდ გამონაკლისის სახით, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება მოხდეს.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშრებით განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ მოწმეთა დაკითხვის სტანდარტები „აბსოლუტურად შეცვალა" და „ევროპულ სტანდარტებზე გადავიდა".

კომენტარები