სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

სასამართლომ თამარ მარტიაშვილს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა და განსახლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს თამარ მარტიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობას ითხოვდა.

საქმე ეხება დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოსტზე მარტიაშვილის მუშაობის პერიოდს. გამოძიების ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, მან სახელმწიფოს 2.4 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა.

"თამარ მარტიაშვილმა 2009 წელს გამოიყენა ბოროტად სამსახურებრივი უფლებამოსილება, რის საფუძველზეც უპირატესობა მიაყენა შპს რაიმონდს, კერძოდ, სახელმწიფომ გაისტუმრა სააქციო საზოგადოება სანატორიუმი-ლიკანის დავალიანება, 2 400 000 ლარი, რაც უნდა გადაეხადა ინვესტორს, კერძოდ, შპს რაიმონდს", - განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალაშვილმა და აღნიშნა, რომ მოსამართლის განჩინების გაცნობის შემდეგ, პროკურატურა გასაჩივრებაზე იმსჯელებს.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით კი, სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან მარტიაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნა, "რომ აღკვეთის ღოისძიებად წინასწარი პატიმრობა შეფარდებოდა 7 წლის ბავშვის მარტოხელა დედას, რომელიც უმუშევარია და არანაირი სახსარი არ გააჩნია, არა მხოლოდ სამართლებრივ ნორმებს არ აკმაყოფილებდა, არამედ ცდებოდა ყოველგვარ მორალურ ზღვარს".

კომენტარები