პრემიერის ინიციატივა

პრემიერის საკონსტიტუციო ინიციატივა: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონოს პროექტზე საუბრის დროს მიმართა. პრემიერის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლის თანახმადაც, განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ.

"შესაძლოა, იყოს განსხვავებული მიდგომები და არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება. ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი - ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი - ხორვატია ევროკავშირში შესვლის წინ. საქართველოს არსებული კანონმდებლობით, ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში. ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას. ის საზოგადოების არც ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს. კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განიხილა და მოიწონა.

მისივე თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი კრძალავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ასაკოვანი ადამიანების გარიყვას დანარჩენი საზოგადოებისგან და მიზნად ისახავს მათ ისეთივე ჩართულობას, ისეთივე ინტეგრაციას ქვეყნის მშენებლობის პროცესში, როგორც ამას საზოგადოების ნებისმიერი სხვა ჯგუფი აკეთებს. პრემიერის განცხადებითვე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არის ნაწილი იმ რეფორმების, რომელსაც მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით ატარებს.

"ეს ფაქტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში, რომელიც ჩვენი მთავრობის ძალისხმევით სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმისათვის, რომ საქართველომ დღეს თუ ხვალ, ერთ თუ ორ წელიწადში მიაღწიოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები