მსოფლიო

პუტინის იდეოლოგია

რუსული იმპერიის ძველი ინსტრუმენტი

რუსული პოლიტიკის იდეოლოგიური კონტურები

2013 წლის ივნისში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი „ბავშვების თანდასწრებით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულმა ამ კანონმა დასავლურ სამყაროში პროტესტი გამოიწვია, ხოლო რუსეთში სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციის გამძაფრებას შეუწყო ხელი.

ანტიგეი კამპანიის დაწყებას წინ უძღოდა „პუსი რაიოტის” პანკმუსიკოსების გასამართლება „ხულიგნობის” ბრალდებით. პუტინი, რუსული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი და მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის იერარქები პანკჯგუფის აქციებს ერთხმად აცხადებდნენ „საზოგადოების მორალურ ფუნდამენტზე თავდასხმად”.

ეს ორივე მოვლენა 2012 წელს პუტინის მესამე ვადით პრეზიდენტად „არჩევის” შემდეგ მოხდა და კრემლის მიერ ისეთი იდეოლოგიური ნიშის ძიებას უკავშირდება, რომელიც პუტინის რეჟიმს რუსული საზოგადოების თვალში ლეგიტიმურობას შესძენს, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის შთაბეჭდილებას შექმნის, რომ რუსულ პოლიტიკას თანმიმდევრული მსოფლმხედველობრივი სისტემა უდევს საფუძვლად.

2000-იან წლებში კრემლის იდეოლოგია ანტიდასავლური (ძირითადად, ანტიამერიკული) ნაციონალიზმით შემოიფარგლებოდა, რაც პუტინის რეჟიმმა საბჭოთა კავშირიდან და ელცინის მმართველობის პერიოდიდან მიიღო მემკვიდრეობად. თუმცა რუსეთისათვის ხელსაყრელმა საერთაშორისო პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კონიუნქტურამ 2000-იან წლებში – რასაც, ერთი მხრივ, ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ დასავლეთის ომში ჩაბმამ და, მეორე მხრივ, ნავთობსა და გაზზე ფასების ზრდამ შეუწყო ხელი – საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის გავლენის გაძლიერება გამოიწვია. მართალია, რუსეთის მიერ ზესახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება ნეიტრალური დამკვირვებლისთვის ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი ამბიცია გააჩნია და საერთაშორისო გავლენის მოპოვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმ ოფიციალურ იდეოლოგიას განიხილავს, რომელმაც რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიზნები ყველასათვის გასაგებად უნდა წარმოაჩინოს.

ასეთი იდეოლოგიის როლს „ტრადიციების დაცვაზე” ორიენტირებული დისკურსი თამაშობს, რომელიც გაზავებულია რუსული ნაციონალიზმითა და მესიანიზმით. ამ დისკურსის ფესვები გვიანდელი საბჭოთა პერიოდის „სოფლის პროზაში” (Деревенская проза) მოიძებნება. სოფლის პროზის წარმომადგენლები – რომლებიც არაერთხელ იქნენ პუტინის მიერ მისი რეჟიმის იდეოლოგებად მოხსენიებულნი – ტრადიციულ, არქაულ, „სოფლურ” ცხოვრებას აიდეალებენ და მოდერნიზაციას რუსეთისათვის მიყენებულ სასიკვდილო დარტყმად აღიქვამენ. პიროვნული თავისუფლება და ინდივიდუალიზმი სოფლის პროზაში საზოგადოების რღვევისა და დეგრადაციის წინაპირობადაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანტისემიტიზმი და ანტივესტერნიზმი, რამდენადაც „ტრადიციების დაკარგვა” ებრაელების ან დასავლეთის კულტურული ზეგავლენის შედეგად აღიქმება.

ამგვარი იდეოლოგიური ფუნდამენტი უაღრესად ხელსაყრელი აღმოჩნდა პუტინის ხელისუფლებისთვის, რადგან იგი ქვეყნის შიგნით დასავლური ლიბერალური დემოკრატიის უარყოფის გამართლებას იძლევა და, იმავდროულად, აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან საგარეო-პოლიტიკური კონფრონტაციის იდეოლოგიურ დასაბუთებასაც უწყობს ხელს. კრემლის პროპაგანდა დასავლეთს და პუტინის ლიბერალ ოპონენტებს წარმოაჩენს „ტრადიციების” მტრებად, რომლებსაც რუსეთში „უცხო ღირებულებების” შეტანა სურთ.

ლგბტ უფლებადამცველთა აქცია მადრიდში
ფოტო: GERARD JULIEN / AFP

იდეოლოგიის ინსტრუმენტალიზაცია გეოპოლიტიკური მიზნებისათვის

რუსეთის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში სახელმწიფო იდეოლოგია გადამწყვეტ როლს თამაშობდა როგორც ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბების, ისევე მსოფლიოს მიერ რუსეთის აღქმის საქმეში. სსრკ-ის არსებობის პერიოდში რუსეთი საკუთარ თავს პროგრესულ ძალად, მსოფლიო პროლეტარიატის ავანგარდად წარმოაჩენდა და, შესაბამისად, მთელ მსოფლიოში მემარჯვენე და კონსერვატული ძალების ანტიპათიის ობიექტი იყო. კომუნისტები კი, პირიქით, საბჭოთა რუსეთს მიიჩნევდნენ განვითარების მოდელად და თავიანთ ქვეყნებში კომუნისტური წყობის დამყარების საქმეში მოსკოვის დახმარებაზე ამყარებდნენ იმედს, სანამ სსრკ-ის ჩამორჩენილობა და საბჭოთა იდეოლოგიის გაკოტრება ყველასთვის ნათელი არ გახდა. ასევე ყველა ჯურის სოციალისტებისა და სოციალ-დემოკრატებისათვის სსრკ მონათესავე სოციალისტური იდეოლოგიის მქონე ქვეყანას წარმოადგენდა, რომლის მშვიდობიან და „პროლეტარულ” ხასიათში ბევრი სოციალისტი დიდი ხნის განმავლობაში იყო დარწმუნებული.

ამდენად, დასავლეთთან იდეოლოგიური კონფრონტაცია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სსრკ-ისათვის მოგებიანი იყო. იგი კომუნისტური იდეოლოგიის მეშვეობით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოკავშირეებს იძენდა ადგილობრივი კომუნისტების სახით. თუმცა საჭიროების შემთხვევაში საბჭოთა რეჟიმი არა „მშრომელებისა” და სხვა ქვეყნების კომუნისტების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, არამედ სსრკ-ის გაფართოების და მეზობელი ქვეყნების დასუსუტება-დამორჩილების გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამგვარი მოქმედების კლასიკური მაგალითია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და აღმოსავლეთ ევროპის გადანაწილება ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, რასაც 1939-1941 წლებში ათასობით გერმანელი კომუნისტის სსრკ-დან დეპორტაცია და საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპვა მოჰყვა.

ოფიციალური იდეოლოგიის ინსტრუმენტალიზაციის მსგავს მაგალითს იძლევა სსრკ-ის წინამორბედი რუსული რეჟიმიც, ცარისტული რუსეთი, რომლის რეაქციული ანტიმოდერნიზმის გამოძახილს პუტინის ამჟამინდელი იდეოლოგია წარმოადგენს. XIX საუკუნეში რუსეთი მთელ ევროპაში აღქმული იყო, როგორც კონსერვატიზმისა და მონარქიზმის ბასტიონი, რის საფუძველსაც თავად რუსეთის ოფიციალური იდეოლოგია იძლეოდა. კურიოზული ისტორიული პარადოქსია ის ფაქტი, რომ თუ XX საუკუნეში სსრკ დასავლელი მემარჯვენეებისათვის განასახიერებდა ბოროტებას, XIX საუკუნეში ლიბერალები და მემარცხენეები (მათ შორის, მარქსი და ენგელსი) იყვნენ უკიდურესი რუსოფობები. მემარჯვენე კონსერვატორების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის – განსაკუთრებით, გერმანიასა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში – მეფის რუსეთი აღიქმებოდა მონარქიის, სტაბილურობისა და ანტირევოლუციური ტენდენციების ოაზისად.

თუმცაღა, როცა საქმე ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს ეხებოდა, რუსეთის მმართველები წინა პლანზე ცარიზმის ეპოქაშიც გეოპოლიტიკას აყენებდნენ. ცარისტულმა რუსეთმა სამხედრო კავშირი შეკრა რესპუბლიკურ საფრანგეთთან გერმანული და ავსტრო-უნგრული მონარქიების წინააღმდეგ და პირველ მსოფლიო ომში დასავლური დემოკრატიების მხარეზე მიიღო მონაწილეობა, რათა თავისი ტერიტორიული მიზნებისათვის მიეღწია. იდეოლოგიური ფასადი გეოპოლიტიკური აუცილებლობით შექმნილმა სახელმწიფოებრივმა ინტერესმა (raison d’etat) გადაფარა.

ეფექტი მეზობელ ქვეყნებზე

რუსეთის დღევანდელი იდეოლოგიაც ფასადური ხასიათისაა და უფრო პუტინის რეჟიმის საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას ემსახურება, ვიდრე ღირებულებათა მყარი სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის თანმიმდევრული დაცვაც რუსული პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა კრემლის მიერ ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზაცია რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტიევროპული განწყობის შესაქმნელად.

გასულ წელს უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, უკრაინაში პრორუსულმა აქტივისტებმა „ევროსოდომის” წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს. პრორუსული ოლიგარქების დაფინანსებით შექმნილი ორგანიზაციები პროპაგანდისთვის იყენებდნენ სარეკლამო ბილბორდებს, რომლებიც უკრაინელებს აფრთხილებდნენ – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მათ ქვეყანაში გეი-პარადების მოწყობას და ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას გამოიწვევდა. უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი აზაროვიც ასოცირების ხელშეკრულებას გეი-ქორწინებების ჭრილში განიხილავდა.

იმავე ტენდენციას აქვს ადგილი მოლდოვაში, სადაც მოსკოვის საპატრიარქოს ადგილობრივი წარმომადგენლები და თვით რუსეთის პატრიარქი კირილიც კი – რომელიც მოლდოვას გასულ წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების წინ ესტუმრა – ქვეყნის ევროპულ არჩევანს ჰომოსექსუალობისგან მომდინარე „საფრთხის” გამო ეწინააღმდეგებიან.

მკითხველისთვის ცნობილია პრორუსულად განწყობილი ქართველი პოლიტიკოსების და სხვა საჯარო პირების მიერ გამოთქმული ჰომოფობიური შინაარსის განცხადებების მომრავლება, რაც შემთხვევითი არ არის. კრემლის იდეოლოგები ჰომოფობიას იმ ინსტრუმენტად განიხილავენ, რომელმაც პოსტსაბჭოური ქვეყნები დასავლეთის წინააღმდეგ უნდა განაწყოს და რუსეთის გარშემო მათ დარაზმვას უნდა შეუწყოს ხელი.

ამრიგად, ჰომოსექსუალების უფლებების თემა, რომელიც სულ რაღაც ათიოდე წლის წინ მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში ტაბუირებული იყო, დღეს კრემლის „ტრადიციონალისტური” იდეოლოგიის წყალობით საზოგადოებრივი ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. თუმცა რუსეთის ჰომოფობიური პროპაგანდა რეალობის დამახინჯებულ სურათს ხატავს, რამდენადაც სექსუალური უმცირესობების სტატუსის თემას ევროპული ქვეყნების საჯარო დისკურსებში იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავია, როგორც ამის წარმოჩენას კრემლი ცდილობს. რუსული პოლიტიკის პრიორიტეტი პოსტსაბჭოთა სივრცის საკუთარ გავლენის სფეროში დაბრუნებაა და არა ჰომოფობია, ან, მით უფრო, „ტრადიციული ღირებულებების” დაცვა. ისევე, როგორც ცარისტული და საბჭოთა რუსეთი, პუტინის რუსეთიც საკუთარ იდეოლოგიას ქვეყნის შიგნით და გარეთ პრაგმატული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს და თვითმიზნად არ განიხილავს.

რუსეთის გლობალური იმიჯი

გარესამყაროსთვის რუსული კონსერვატიზმი, მისი ფასადური ხასიათიდან გამომდინარე, მიმზიდველი არ არის. გარდა დეკლარირებული „ტრადიციული ღირებულებების” გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისა, აშკარაა ის ფაქტიც, რომ რუსეთი, საზოგადოებაში კონსერვატული ღირებულებების სიმტკიცის თვალსაზრისით, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას ჩამოუვარდება. რუსეთში კვლავ განსაკუთრებით მაღალია აბორტებისა და განქორწინებების კოეფიციენტი, ხოლო ალკოჰოლიზმი და ნარკომანია ბევრად უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე დასავლეთევროპულ ქვეყნებში.

ბევრი გულუბრყვილო დასავლელი კონსერვატორი თანამედროვე რუსეთის იდეოლოგიურ ფასადს სინამდვილედ აღიქვამს და პუტინის რეჟიმისადმი მისი იდეოლოგიური კომპონენტის გამო პოზიტიურადაა განწყობილი. მათ შორისაა ბევრი საზოგადოდ ცნობილი და გავლენიანი ფიგურაც, როგორებიცაა, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი პატრიკ ბიუქენენი და ბრიტანელი პუბლიცისტი პიტერ ჰითჩენსი. ევროპის მემარჯვენე-რადიკალურ წრეებშიც პუტინის რუსეთის მიმართ დადებითი განწყობა ჭარბობს. პუტინი ამ წრეებში განიხილება „მორალური რელატივიზმის” წინააღმდეგ მებრძოლად და დასავლური ლიბერალიზმის ალტერნატივად.

მიუხედავად ამისა, კრემლის ახალ იდეოლოგიას დასავლურ სამყაროში უფრო მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე მეგობარი. ზაფხულში მიღებულმა ჰომოფობიურმა კანონმა ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ანტირუსული ბოიკოტის კამპანია გამოიწვია. თვით ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც კი, რომლებთანაც რუსეთს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვს, კრემლის ჰომოფობია დიდ წინააღმდეგობას აწყდება, რის შედეგადაც რუსი ოფიციალური პირების ვიზიტებს ამ რეგიონში ხშირად თან ახლავს გეების უფლებების დამცველთა საპროტესტო დემონსტრაციები. მეინსტრიმული ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთში ლგბტ პირების უფლებების შელახვას გმობენ, რაც ევროკავშირსა და რუსეთს შორის სხვა პრობლემატური საკითხების გამო უკვე არსებული დაძაბულობის გაღრმავებას უწყობს ხელს. დასავლეთთან ხელახალი იდეოლოგიური კონფრონტაცია რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს კიდევ უფრო მეტად აქცევს საერთაშორისო იზოლაციაში.

კომენტარები