პრემიერის ინიციატივა

წულუკიანი: პრემიერი შესანიშნავი ინიციატივით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერი შესანიშნავი საკონსტიტუციო ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"პრემიერი შესანიშნავი ინიციატივით გამოვიდა, რომ თუკი დღეს ეს კანონში წერია და თქვენ იცით, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ავიყვანოთ უფრო მაღალ რანგში და პირდაპირ ჩანაწერი გაკეთდეს კონსტიტუციაში, რომ საქართველოში ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, "ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მთლიანად ასახავს იმ ქართულ ტრადიციებს, რასაც შემწყნარებლობა და განსხვავებული ადამიანების პატივისცემა ჰქვია". 

საქართველოს პრემიერმინისტრი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონოს პროექტზე საუბრის დროს მიმართა. პრემიერის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლის თანახმადაც, განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ.

"შესაძლოა, იყოს განსხვავებული მიდგომები და არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება. ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი - ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი - ხორვატია ევროკავშირში შესვლის წინ. საქართველოს არსებული კანონმდებლობით, ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში. ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას. ის საზოგადოების არც ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს. კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განიხილა და მოიწონა.

კომენტარები