დაკითხვაზე სააკაშვილის დაბარება

ბოკერია: სააკაშვილის დაკითხვა რა გზით წარიმართება არსებითი არაა

„არ მგონია, რომ არსებითია ის, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა ალტერნატიული, ან  არაალტერნატიული მეთოდით წარიმართება,“ - მიიჩნევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია.

როგორც ბოკერიამ პოლიტიკურ თოქ-შოუ ფოკუსის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე პროცესების და კერძოდ, იმ მნიშვნელოვანი ეპიზოდის შესახებ, რაც მიხეილ სააკაშვილს ეხება,  ისეთივე პოზიცია აქვს, რაც თავად სააკაშვილს.

„ეს ღიად და დეკლარირებულად წინასწარ გამოცხადებული პოლიტიკური დევნაა, წინასწარ გამოცხადებული „დამნაშავით.“  პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ამ საქმეების უმრავლესობის შესახებ ისაუბრა... იგი პირდაპირ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ამ პროცესს თვითონ მართავს. დაკითხვის ალტერნატიული ფორმაც პრემიერმა დააანონსა. პროკურატურა საქმის გამოძიების შედეგად კი არ მიიჩნევს, რომ ვიღაც დასაკითხია, არამედ არსებობს სამიზნე, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი და საქმეებს მის გარშემო კერავენ. როდესაც საჭირო გახდება, პოლიტიკური ხელისუფლების დავალებით ამას, პირდაპირ შეასრულებენ. ეს დე-ფაქტო მმართველის, ივანიშვილის დაკვეთაა, რომელსაც მის მიერ დანიშნული პრემიერმინისტრი ახორციელებს,“ - ამბობს გიგა ბოკერია. 

კომენტარები