მავთულხლართების გადმოწევა

ფანჯიკიძე: რუსეთს მუდმივად მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს მავთულხლართების გაბმა

radiotavisupleba.ge

რუსეთს მუდმივად მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს მავთულხლართების გაბმა და ამ ნიშნების ჩასმა ოკუპირებული ხაზის გასწვრივ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, სოფელ ორჭოსანთან გამოჩენილი ტრაფარეტების შესახებ.

”ეს არის არალეგალური, რაც ახლა კეთდება, ისევე როგორც იმ მავთულხლართების, ბარიერებისა და ხელოვნური საზღვრების გავლება. ეს ყველაფერი არის დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. რუსეთს მუდმივად მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს მავთულხლართების გაბმა და ამ ნიშნების ჩასმა ოკუპირებული ხაზის გასწვრივ. მე იმედი მაქვს, რომ ამას ადრე თუ გვიან ბოლო მოეღება და აღდგება იქ ყველაფერი ისე, როგორც უნდა აღდგეს საერთაშორისო ნორმების მიხედვით”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელიც საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს აერთებს, სოფელ ორჭოსანთან, გამოჩნდა ტრაფარეტები წარწერით - ეს არის სამხრეთ ოსეთი. ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. საოკუპაციო ზოლი 300 მეტრის სიგრძეზეა გადმოწეული.

 

კომენტარები