სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენი: გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ

სახალხო დამცველის განცხადებით, 2013 წელს აქციების უმეტესობა ექსცესების გარეშე ჩატარდა, თუმცა, იყო გამონაკლისებიც, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უზრუნველყოფა უმოქმედობის ან/და არასათანადო რეაგირების გამო. ომბუდსმენის ანგარიშში, მათ შორის, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ორგანიზებული აქციის დარბევაა მოხსენიებული პარალელური აქციის მონაწილეების მიერ.

სახალხო დამცველის თქმით, გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ. ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს გახშირდა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები და სხვა შემთხვევები ლგბტ თემის წარმომადგენელთა და მათი უფლების დამცველი ორგანიზაციების მიმართ. 

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 17 მაისის და ამ დღის თანმდევი მოვლენები, კერძოდ, განხორციელებული ძალადობა ლგბტ თემის წარმომადგენელი და უფლებადამცველი პირების მიმართ, რომელიც გრძელდება და სხვადასხვა ფორმით პოულობს გამოხატულებას", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს ადამიანის უფლებების კუთხით 2013 წლის მდგომარეობის შესახებ 633-გვერდიან ანგარიშს წარუდგენს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, დოკუმენტში საუბარია ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის შესახებ, რომელიც გასულ წელს საქართველოში მოხდა.

კომენტარები