სახალხო დამცველის ანგარიში

ნანუაშვილი: 2013 წელი რელიგიის თავისუფლების რეალიზაციის მხრივ პრობლემატური იყო

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/UchaNanuashvili

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 2013 წელი რელიგიის თავისუფლების რეალიზაციისა და ტოლერანტობის კუთხით პრობლემატური იყო. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, ეს ყველაზე მწვავედ საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა.

"2013 წლის მაისსა და ივნისში, წინწყაროსა და სამთაწყაროში მაცხოვრებელი მართლმადიდებელი მოსახლეობა აპროტესტებდა მეჩეთის ამოქმედებას სოფელში და მუქარით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ძალადობით არ აძლევდა მუსლიმ მრევლს შეკრებისა და პარასკევის ტრადიციული ლოცვის ჩატარების შესაძლებლობას. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას, სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მუსლიმებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივმა მოსახლეებმა დაზიანებები მიიღეს, თერთმეტი მუსლიმი დააკავეს და რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დემონტაჟიდან სამ თვეში კი, 27 ნოემბერს, მინარეთის აღდგენის პროცესი დასრულდა", - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ინტეგრაციისა და უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხი.

ადამიანის უფლებების კუთხით 2013 წლის მდგომარეობის შესახებ 633-გვერდიან ანგარიშს სახალხო დამცველი პარლამენტს დღეს წარუდგენს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, დოკუმენტში საუბარია ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის შესახებ, რაც გასულ წელს საქართველოში მოხდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები